Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაგლოევის გარშემო სხვა ოპოზიციური კანდიდატები ერთიანდებიან


ალან გაგლოევი. ცხინვალი. 2022 წლის 11 აპრილი
ალან გაგლოევი. ცხინვალი. 2022 წლის 11 აპრილი

ალან გაგლოევი მომხრეებსა და სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან ერთად წუხელ ოკუპირებული ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე გავიდა. მან დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს აჯობა.

დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისია წუხელ წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას აგვიანებდა, გაგლოევს კი საარჩევნო უბნებიდან უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბიბილოვს ამარცხებდა. თავდაპირველად მოედანზე ხმების დაცვის მოტივით შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მან გამარჯვების აღნიშვნა დაიწყო. გაგლოევს გვერდში დაუდგნენ სხვა კანდიდატებi: ალექსანდრ პლიევი, გარი მულდაროვი, დიმიტრი ტასოევი. იმავე მოედანზე გადაწყდა, რომ ისინი, მეორე ტურში მხარს გაგლოევს დაუჭერენ. გაგლოევმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას გულისტკივილით აღნიშნა, რომ უბნების მონაცემების მიუხედავად, რუსული არხები მაინც ბიბილოვის გამარჯვების შესახებ იუწყებოდნენ.

ოკუპირებული რეგიონის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეორე ტურის გამოცხადება დაასწრო მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. მან პირველ ტურში დამარცხება აღიარა და ამით მოედანზე შეკრებილი ხალხიც დაიშალა. ბიბილოვმა კომისიის პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა მეორე ტურში ბრძოლისთვის, ოსმა ხალხმა კი არჩევანი ორ იდეოლოგიას შორის უნდა გააკეთოს.

რას გულისხმობდა ბიბილოვი ორ იდეოლოგიაში, არ დაუკონკრეტებია, თუმცა რთული მისახვედრი მისი მთავარი კონკურენტისთვის არ ყოფილა, რომ ეს რუსეთთან შეერთების საკითხს ეხებოდა. გაგლოევმა ოსურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ბიბილოვის სპეკულაციაა და რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როცა ამისთვის მზად არა მარტო სამხრეთი ოსეთი, არამედ რუსეთიც იქნება, რადგან საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება კრემლის მისაღებია.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მხოლოდ დღეს დილით გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული მონაცემებით, ხმების 95%-ის დათვლის შედეგად, გაგლოევს 36.9% აქვს, ხოლო ოკუპირებული რეგიონის მოქმედ, ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს - 33.5%.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტს ვერცერთი კანდიდატი ვერ აგროვებს. წინასწარი ინფორმაციით, გაგლოევისა და ბიბილოვის მონაწილეობით, მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ემილია გაგიევას ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო სიებში იყო 39 021 ამომრჩეველი. მათგან ხმა მისცა 28 976-მა, ანუ 74.26%-მა.

მთელი ღამის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს დისტანციურად აკვირდებოდა კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი. ის ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტებისგან ინფორმაციას სწრაფად იღებდა და საკუთარ ფეისბუკგვერდზეც აზიარებდა. ბენდიანიშვილის აზრით, იქ მცხოვრებმა ადამიანებმა ამ არჩევანით უარი უთხრეს ხისტ და ძალოვნებზე დამყარებულ პოლიტიკას. გარდა ამისა, კონფლიქტოლოგის აზრით, გაგლოევმა, ცხინვალის იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის თანადგომით და პრაგმატული პოლიტიკით, ე.წ. რეფერენდუმის საკითხთან დაკავშირებით, ამომრჩევლების სიმპათია დაიმსახურა.

ვინ არის ალან გაგლოევი

ალან გაგლოევი - 1981 წელს არის დაბადებული. პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ ძირითადად დე ფაქტო რესპუბლიკის „კაგებეში“ მუშაობდა და მოგვიანებით ამ მიმართულებით რუსეთში გაიღრმავა ცოდნა. ამჟამად პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარეა. მან თავი გამოიჩინა ცხინვალის იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის თანადგომით. მოგვიანებით, ჯაბიევის ცოლმა, ოქსანა სოტიევამ, შექმნა ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა“, რომელიც გაგლოევის მხარდამჭერი გახდა. ბიბილოვისგან განსხვავებით, გაგლოევს კრემლის ღია მხარდაჭერა არ ჰქონდა. თუმცა, როგორც ზოგიერთი ადგილობრივი საიტი იუწყება, გაგლოევს ცხინვალიდან წასული, რუსეთში დამკვიდრებული ძლიერი ფინანსური ჯგუფების წარმომადგენლები ლობირებენ. ბიბილოვს კი რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს კადრად მიიჩნევენ, შოიგუს ახლა ბიბილოვისთვის არ სცალია. გაგლოევის დიდი უპირატესობა ოკუპირებული ახალგორის რაიონში კი იმან განაპირობა, რომ მან იზოლირებული დაბის გახსნის პირობა დადო. ახალგორი, ბიბილოვის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან არის ჩაკეტილი და ეს მან წნელისის კრიზისს დაუკავშირა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს ევროკავშირმა, ნატომ, აშშ-მა და საქართველოს სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა. სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.

XS
SM
MD
LG