27 მარტის ინტერვიუს დროს ზელენსკიმ "დამცავ მექანიზმებზე" ისაუბრა. ახსნა, რომ ნატოში გაწევრიანების მიზანს უკრაინა რუსეთის მხრიდან რამდენიმე პრინციპული პირობის დაკმაყოფილების შემდეგ დათმობს. რუსეთმა ეს პირობები წინმსწრებად უნდა შეასრულოს.
იმისათვის, რომ ცეცხლი შეწყდეს, მხარეებს შორის სავარაუდოდ 6-პუნქტიან შეთანხმებას მოეწერება ხელი. წინასწარი განცხადებების თანახმად, მოლაპარაკებების პროცესში ცეცხლის შეწყვეტას არც რუსეთი აპირებს და არც უკრაინა.
- რა პირობებზე და რა პირობებით შეიძლება დაეთანხმოს კიევი მოსკოვს?
- რამდენად სწრაფად შეიძლება გაფორმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და რაზეა ეს დამოკიდებული?
მხოლოდ ჯარის გასვლის შემდეგ
27 მარტს კრემლის მიერ დევნილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უკრაინის ნატოსთან დაშორებისა და ნეიტრალური სტატუსის მინიჭების საკითხს. ეს არის ერთ-ერთი საკითხი სავარაუდო 6-დან, რომელზე მსჯელობაზეც კიევი უარს არ ამბობს, მაგრამ - რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობით.
„უსაფრთხოების გარანტია და ნეიტრალიტეტი - ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი“ - ასე უწოდა რუსეთთან მოლაპარაკებებში განსახილველ ამ პუნქტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 მარტის ინტერვიუში.
„ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი ქაღალდი, ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი [რომლის მიხედვითაც, ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მათ შორის - რუსეთიც უნდა ყოფილიყო]; ეს უნდა იყოს სერიოზული შეთანხმება, რომელსაც ხელს მოაწერს უსაფრთხოების ყველა გარანტი [სახელმწიფო]; აუცილებლად უნდა იყოს [შეთანხმება] რატიფიცირებული გარანტი ქვეყნების პარლამენტების მიერ და აუცილებლად უნდა ჩატარდეს უკრაინაში რეფერენდუმი [ამ საკითხზე]“, - ზელენსკის მიხედვით, ასეთია კიევის მოთხოვნათა მთავარი ასპექტები.
მაგრამ ეს არ არის ყველაფერი.
ზელენსკის თქმით:
- იმისათვის, რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, უკრაინა უნდა დატოვოს რუსეთის არმიამ [ომამდე არსებულ პოზიციებზე გადასვლით];
- იმისათვის, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორმა ქვეყნებმა ხელი მოაწერონ შეთანხმებას, ასევე აუცილებელია რუსეთის არმიის გასვლა უკრაინის ტერიტორიიდან;
- რეფერენდუმი გარდაუვალია იმის გამოც, რომ საკითხი დროში არ გაჭიანურდეს, რადგან: კონსტიტუციის შეცვლას პარლამენტის 2 სესია, ანუ დაახლოებით 1 წელი სჭირდება, ხოლო რეფერენდუმის ორგანიზება რამდენიმე თვის საქმეა;
- რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ყველა მოქალაქე, იმ დროისთვის მყოფი ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ.
ამ სცენარით, თუკი საქმე რეფერენდუმამდე მივა, ე.ი. რუსეთის არმია უკვე გასული უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიიდან.
და რა მოხდება მაშინ, თუკი ამ რეფერენდუმზე უკრაინის მოქალაქეები უარს იტყვიან ნატოში გაწევრიანების იდეის დათმობასა და უსაფრთხოების სხვა გარანტიების მიღებაზე?
ამ შეკითხვაზე პირდაპირ პასუხს ზელენსკიმ თავი აარიდა. ექსპერტებისთვის კი, უკრაინაში თუ მის საზღვრებს გარეთ, ნათელია კიევის „ჭკვიანური“, „წინდახედული“ და „მოხერხებული“ სვლა.
„რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კიევს ნაფიქრი აქვს „დამცავ მექანიზმებზე“, რომლებიც მისი პოზიციის სრულად დაცვას ემსახურება. ექსპერტის შეფასებით, სინამდვილეში უკრაინას ნატოზე უარი არ უთქვამს, რადგან უსაფრთხოების გარანტთა შორის, პირველ რიგში, იგულისხმებიან ნატოს წევრი ქვეყნები [საუბარში ზელენსკიმ, ზოგადი მაგალითების მოყვანისას, - ამერიკა, ბრიტანეთი, პოლონეთი და თურქეთი ახსენა].
„ზელენსკის მოთხოვნა რაც არის, არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს ნატოზე უარის თქმას... კიევის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანტიები გარკვეულწილად თავის თავში გულისხმობს ნატოს [წესდების] მე-5 მუხლის ამოქმედებასაც [რომლის მიხედვითაც ალიანსის რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმას ყველა წევრი ერთიანი ძალით პასუხობს]... თუკი რუსეთი დაარღვევს შეთანხმებას, [უსაფრთხოების გარანტი] ქვეყნები ვალდებული იქნებიან დაიცვან უკრაინა. ეს ნიშნავს პროცესში ნატოს წევრი ქვეყნების ჩართვას, რაც შემდეგ ავტომატურად გულისხმობს მთელი ალიანსის ჩართვასაც“, - გვეუბნება პეტრიაშვილი.
ზოგადად, ის ოპტიმისტურად არ უყურებს რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას, რადგან მისთვის მიუღებელი იქნება „მოდერნიზებული [ნატოს წესდების] მე-5 მუხლის ჩადება მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში“. ამასთან, პუტინი ცდილობს, რომ დრო გაწელოს და „ზელენსკისთან მოსალაპარაკებლად დაჯდეს, რაც შეიძლება მეტი დაპყრობილი ტერიტორიით“.
ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოანის იდეაა. თუმცა როგორც ლავროვმა თქვა 28 მარტს, ამ ეტაპზე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა „კონტრპროდუქტიული“ იქნებოდა და ეს შესაძლოა მოხდეს მხოლოდ შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ერთმანეთს, მორიგ რაუნდზე, სტამბოლში 29 მარტს შეხვდებიან.
ასევე ნახეთ არახამია: სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკება 29 მარტს დაიწყებადისკუსიებში ჩართული ექსპერტების ერთი ნაწილი თვლის, რომ უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა რუსეთისთვის გადარჩენის გზაა, რადგან - სანქციებით შევიწროებულ რუსეთის ეკონომიკას ომი „უმძიმეს ტვირთად აწვება“; რაც უფრო გახანგრძლივდება ომი, მით დამძიმდება სანქციებიც და სწორედ სანქციების მოხსნის იმედით, კრემლს რაღაც დათმობაზე მოუწევს წასვლა.
„პუტინი ცდილობს, რომ ძალის გამოყენებით გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები სამშვიდობო მოლაპარაკებებში, მაგრამ მხოლოდ რაკეტებით ომს ვერ მოიგებ... ჩვენ ვნახეთ, რომ ეს უშედეგოა. ერთი რაკეტა „კალიბრის“ გაშვება მას 6 მილიონი დოლარი უჯდება. [26 მარტს] 70 ასეთი გაუშვეს უკრაინაში და მხოლოდ 8 მოხვდა მიზანს. თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი დახარჯეს იმისთვის, რომ საწვავის რამდენიმე ცისტერნა აეფეთქებინათ... პუტინი გამარჯვებას ვერ ეღირსება, როგორც უნდა ეცადოს“, - ამბობს უკრაინელი პოლიტიკური მიმომხილველი და ბლოგერი მაქსიმ კაზაროვი.
პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე ფიქრობს, რომ რუსეთი შეთანხმების მიღწევას არ იჩქარებს, რადგან „შეთანხმების შინაარსს განსაზღვრავს ბრძოლის ველზე არსებული სურათი“, ხოლო ამ ეტაპზე ის რუსეთისთვის სასარგებლოდ არ გამოიყურება. ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ თავის წაგებაში დარწმუნების შემდეგ, „ბუნკერში ჩაკეტილმა პუტინმა“ მოლაპარაკებებს წერტილი ბირთვული იარაღის გამოყენებითაც დაუსვას.
„ახლა უჭირს რუსეთს და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ყველა მიჰყავს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც კი. თუკი არაბირთვული იარაღით გაგრძელდება ეს ბრძოლა, რუსეთი ნამდვილად წააგებს ამ ომს...
კიევი დროს იგებს. ზელენსკიმ თქვა, რომ ნეიტრალიტეტის საკითხი ხანგრძლივ და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს... ამასობაში ნახავენ [უკრაინელები] - თუკი დარწმუნდებიან, რომ იგებენ ომს, მაშინ შეიძლება საერთოდ მოხსნან ნეიტრალიტეტის თემაც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ალექსანდრე კუხიანიძე.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ თუკი პარტიზანული ომი დაიწყება, უკრაინელები რუს დამპყრობლებს „უბრალოდ შეჭამენ“ და შესაძლოა, შეთანხმების გაფორმება რუსეთისთვის დაგვიანებული აღმოჩნდეს.
არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინისთვის მომავალი 2 კვირა რთული იქნება, რადგან დასავლეთისგან საჭირო ტექნიკის მიღების შემთხვევაშიც კი, ვერ მოხდება მისი სწრაფად ამოქმედება.
კიდევ რაზე (არ) თანხმდება კიევი
ენა
„რუსული ენის დაცვა“ - ასე აყალიბებს პრეზიდენტი ზელენსკი მოლაპარაკებებზე წამოყენებულ კიდევ ერთ პუნქტს, რომელზე სალაპარაკოდაც კიევი მზად არის, მაგრამ ეს საკითხიც სხვადასხვანაირად ესმით მხარეებს.
სხვადასხვა რუსული წყაროს მიხედვით, კრემლს უნდა, რომ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალურ, მეორე სახელმწიფო ენად იქცეს; რაზეც კატეგორიული უარია უკრაინის მხრიდან. როგორც ზელენსკი ამბობს, ისინი თანახმა არიან მხოლოდ „სარკისებურ პატივისცემაზე“. და არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინის ყველა მეზობლის მიმართ.
ამ სქემით, თუკი, მაგალითად, უკრაინაში კერძო რუსული სასწავლებელი გაიხსნება, ასეთივე შესაძლებლობა უნდა იყოს უკრაინისთვის რუსეთში. „თქვენ ხსნით ჩვენთან, ჩვენ ვხსნით თქვენთან“, „ჩვენ თუ გამოვცემთ რამეს [უკრაინულად], ე.ი. აქაც გამოვცემთ [რუსულად]“, - ასეთია ზელენსკის პირობა.
„პატივი ეცით ჩვენს ენას, უკრაინულს და მორჩა. ნუ იტყვით, რომ ეს არასრულფასოვანი ენაა ან რაღაც ასეთს... რომ ეს არის გაუნათლებელი ხალხის ენა. ნებისმიერ რუს პოლიტიკოსს, ვინც ამას ამბობს, შემიძლია ვეკამათო წაკითხული ლიტერატურის რაოდენობაზე, პირადად, პირისპირ... რუსულ ენაზე და მერე ვცადო, რომ მას დაველაპარაკო იმავეზე უკრაინულად“, - თქვა 27 მარტის ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ უკრაინის პროკურატურა: რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 143 ბავშვი ემსხვერპლა ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებული ზოგიერთი ქალაქის მერი მკვდარი იპოვესრეგიონების სტატუსი
რუსეთის მიერ მოლაპარაკებებზე წამოყენებულ კიდევ ერთ პირობად მოსკოვი ასახელებდა ანექსირებულ ყირიმზე კიევის მიერ უარის თქმასა და დონბასის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას, როგორც ეს პუტინმა გააკეთა ომის წინ.
ზელენსკი ამბობს, რომ შესაძლებელია საუბარი ამ რეგიონების სტატუსზე, მაგრამ მას შემდეგ - რაც რუსეთი გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან, 23 თებერვლის მდგომარეობის შესაბამისად. მაგრამ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების სხვა განცხადებები მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ამ საკითხში მკაფიო წითელი ხაზები არსებობს და მხარეებს „სტატუსიც" სხვადასხვაგვარად ესმით.
"დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია"
„დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას ჩვენ საერთოდ არ განვიხილავთ. ჩვენ ვთქვით - საერთოდ არ დავსხდებით მოლაპარაკებაზე, თუკი ვილაპარაკებთ რაღაც დემილიტარიზაციაზე და დენაციფიკაციაზე. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი საკითხებია“, - თქვა ზელენსკიმ 27 მარტს.
ასევე ნახეთ ლავროვი: მოსკოვი კვლავაც მოითხოვს "დენაციფიკაციასა" და "დემილიტარიზაციას"დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია შედიოდა რუსეთის თავდაპირველი მიზნების ჩამონათვალში, რომელიც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე პრეზიდენტმა პუტინმა გაახმაურა. შემდეგ ისინი თანდათან გაქრა დღის წესრიგიდან; თუმცა, პროკრემლისტი ექსპერტებისა და მედიის საკმაოდ ღია და მწვავე კრიტიკის შემდეგ, ბოლო დღეებში ეს ფრაზები ისევ ბრუნდება.
დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია რამდენიმე დღის წინ თავის გამოსვლაში ახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ. ხოლო 28 მარტს, სერბეთის მედიას თავად მინისტრმა ლავროვმა უთხრა, რომ „დენაციფიკაციაც და დემილიტარიზაციაც არის [მოლაპარაკებებზე წამოყენებული] აუცილებელი კომპონენტი იმ შეთანხმებისა, რომლისკენაც რუსეთი ისწრაფვის“.
დემილიტარიზაციის ჭრილში, უკრაინის ტელეარხები ბოლო დღეებში ხშირად იხსენებენ აფხაზეთის ომს, როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს, ქართველები მოატყუეს რუსებმა, იარაღი დაადებინეს და შემდეგ - სეპარატისტების ხელით გააგრძელეს მათთან ბრძოლა.
რაც შეეხება დენაციფიკაციას, დამოუკიდებელი ექსპერტები საერთოდ ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს ეს ტერმინი, მაშინ, როცა იქ "რუსეთის მიერ ძებნილი ნაცისტური ჯგუფები საერთოდ არ არის"; ხოლო "უკრაინის ხელისუფლების სათავეში არაერთი ებრაელია".
ასევე ნახეთ ირპენი გათავისუფლებულია ოკუპანტებისგან - აცხადებს ქალაქის მერიკრემლის პროპაგანდისტ მედიასაშუალებებსა და ექსპერტებს, თუკი მათი განცხადებებით ვიმსჯელებთ, საერთოდ არ მოსწონთ უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი და პერიოდულად, ვერც სიბრაზეს მალავენ. მაგალითად, ტელეარხ „როსია 1“-ის ხშირმა სტუმარმა, სამხედრო ექსპერტმა, იაკობ კედმიმ ახლახან კიდევ გაიმეორა, რომ - თუკი დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია არ მოხდება და კიევში ხელისუფლება არ გამოიცვლება, „სპეცოპერაცია“, ანუ ომი მოგებულად ვერ ჩაითვლება.