Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ქვეყნის განთავისუფლებას.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა თავისი მოსახლეობისადმი და თქვა, რომ უკრაინა იბრძოლებს იმდენ ხანს, „რამდენიც დასჭირდება ქვეყნის განთავისუფლებას. მაშინ კი, თუ დაბომბვა გაგრძელდება. მაშინაც კი, თუ ბავშვები თავშესაფრებში დაიბადებიან.“

ზელენსკის თქმით, მთელი დღის განმავლობაში ელაპარაკებოდა „უკრაინის მეგობარი ქვეყნების ლიდერებს“. იტალიის პრემიერთან, მარიო დრაგისთან საუბარმა „ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა“ - თქვა ზელენსკიმ. მან ახსენა „ჩემი და ჩვენი მეგობარი“, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოანი, რომელთანაც „შეთანხმდნენ, რომ რუსეთის საბრძოლო ხომალდების შავ ზღვაზე გადაადგილების აკრძალვა უკიდურესად მნიშვნელოვანია.“

ზელენსკიმ განაცხადა, რომ „უკრაინის კარგმა მეგობარმა“, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პრეზიდენტმა ერდოანმა რუსეთთან მოლაპარაკების შუამდგომლობა შესთავაზეს და განაცხადა, ამას მხოლოდ მივესალმებიო.

SWIFT-ზე ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. დაწყებულია რუსი აგრესორის გადახდის სისტემიდან გათიშვის პროცედურა - თქვა ზელენსკიმ და დასძინა „ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ეს ნიშნავს მილიარდობით დანაკარგებს რუსეთისთვის. ესაა ფასი მუხანათური თავდასხმისა“

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის სიმამაცემ და ერთიანობამ „ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის სცენარი დაანგრია. მსოფლიომ დაინახა - უკრაინელები ძლიერები არიან. უკრაინელები მამაცები არიან. უკრაინელები მშობლიურ მიწაზე არიან და არასოდეს დათმობენ მას" - განაცხადა ზელენსკიმ - „რა გასაკვირია, რომ ასეთი ხალხის მეგობრები მის მტრებზე ძლიერები არიან.“

XS
SM
MD
LG