Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არახამია: სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკება 29 მარტს დაიწყება


უკრაინის და რუსეთის დელეგაციების პირველი შეხვედრა ბელარუსში. 2022 წლის 28 თებერვალი.
უკრაინის და რუსეთის დელეგაციების პირველი შეხვედრა ბელარუსში. 2022 წლის 28 თებერვალი.

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ხვალ, 29 მარტს 10:00 საათზე დაიწყება უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“-ს აცნობა დელეგაციის წევრმა, უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ.

მისი ინფორმაციით, უკრაინის დელეგაცია თურქეთისკენ უკვე გაემგზავრა, თუმცა, ლოგისტიკური სირთულეების გამო, სტამბოლში დღეს, გვიან ჩავა. არახამიას თანახმად, თურქეთში უკვე გაემგზავრა რუსეთის დელეგაციაც.

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ კი, მოლაპარაკება ვიდეოფორმატით გრძელდებოდა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

XS
SM
MD
LG