Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები უარყოფენ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წინსვლას


უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები. ბელოვეჟის ტევრი, 7 მარტი.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები. ბელოვეჟის ტევრი, 7 მარტი.

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები უარყოფენ მნიშვნელოვან წინსვლას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. მანამდე, პარასკევს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოანმა განაცხადა, რომ მიღწეულია რამდენიმე შეთანხმება.

თურქეთი შუამავლობას წევს. როგორც მოსალოდნელია, უახლოეს მომავალში ერდოანი ტელეფონით დაელაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამ მოლაპარაკებების წინ მან თურქეთის მედიას განუცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა წინასწარ შეთანხმებებს მიაღწიეს ოთხ საკითხში ექვსიდან, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, მსჯელობენ მხარეები. ერდოანის თქმით, საქმე ეხება უკრაინის უარს ნატოში გაწევრიანებაზე, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, უკრაინის არმიისთვის შეიარაღების შეზღუდვასა და რუსული ენის სტატუსს. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არ არის მზად, მიიღოს რუსეთის მოთხოვნები, აღიაროს ანექსირებული ყირიმი და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „უკრაინსკაია პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ დაადასტურა შეთანხმებების არსებობა, რომლებზეც ერდოანმა ილაპარაკა და აღნიშნა, რომ შეუძლებელია მოლაპარაკებების დაყვანა აღნიშნულ ექვს საკითხზე. კერძოდ, კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინული ენა უნდა დარჩეს ერთადერთ სახელმწიფო ენად. მისი თქმით, უკრაინა მოითხოვს პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს. რუსეთთან მოლაპარაკებების მსვლელობაზე მან თქვა, რომ ისინი მძიმედ მიმდინარეობს. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა თურქეთს ომის შეწყვეტისკენ მიმართული დიპლომატიური მცდელობისთვის.

მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთისთვის საკმარისი არ არის უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსი. მოსკოვი მოითხოვს „კომპლექსურ ხელშეკრულებას“, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის მოთხოვნები, რომლებიც მან უკრაინაში შეჭრამდე წამოაყენა - ე.წ. დენაციფიკაციის, დემილიტარიზაციის, ყირიმის სტატუსისა და დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ამის გარეშე „შეთანხმების მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა“, თქვა მედინსკიმ. მან უკრაინას მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დასდო ბრალი.

დასავლეთის სააგენტოებმა პარასკევს ყურადღება მიაქციეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის სამხედროთა ძალისხმევა მიმართული იქნება დონბასის ტერიტორიაზე, რათა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელს ტერიტორიაზე გავრცელდეს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ კონტროლი. სხვა მიმართულებებზე იერიშისთვის მზადებაზე განცხადებაში ლაპარაკი არ არის, რაც, Reuters-ის აზრით, შეიძლება ნიშნავდეს ომში რუსეთის მიზნების გადახედვას.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო. შესაძლო სამშვიდობო მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო რამდენიმე დღის შემდეგ. ამჟამად მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG