პარალელურად, გრძელდება ოპოზიციის საპროტესტო აქციები და მთავარი მოთხოვნა სწორედ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გადაყვანას უპირებს არა კერძო კლინიკაში, არამედ რუსთავის ციხეში, სადაც სახალხო დამცველისა და ექიმთა ჯგუფის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებებით, არ არსებობს მრავალდღიან შიმშილობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის გართულებების მკურნალობისთვის აუცილებელი პირობები.
- როგორ ან რით შეიძლება დასრულდეს პატიმარი ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობა?
- რატომ ამბობს სახელმწიფო უარს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე?
- მაინც რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ მოშიმშილე ექსპრეზიდენტის მკურნალობაზე?
გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის 43-ე დღეს, კვლავ უარს ამბობს ყოველგვარ სამედიცინო დახმარებაზე. ადვოკატები ამბობენ, რომ 12 ნოემბერს მან ელექტროლიტების გადასხმის შეთავაზებაც უარყო.
პირადი ექიმისა და ადვოკატების შეფასებით, თუკი შიმშილობა გაგრძელდება, ყოველი შემდგომი დღე არაპროგნოზირებადი და სარისკო იქნება პატიმრის სიცოცხლისთვის.
მიხეილ სააკაშვილმა 12 ნოემბერს ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილს უთხრა, რომ მას „უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის მე-12 დაწესებულებაშიც კი“.
ასევე ნახეთ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი შემაშფოთებელს უწოდებს გლდანის დაწესებულებაში არსებულ პირობებს
მას შემდეგ, რაც 12 ნოემბერს, პატიმარი მოინახულა, გლდანის სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება შეშფოთებულმა დატოვა მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, ჯონ სენდვიჯმა. მის მიერ ნანახის შეფასებით, ეს დაწესებულება მკურნალობისთვის ვერაფრით გამოდგება და უსაფრთხოების დასაცავად, საქართველოს ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი ამ შენობიდან უნდა გაიყვანოს.
მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლის ნებართვას იუსტიციის სამინისტროსგან, 12 ნოემბერს, უშედეგოდ ელოდებოდა ევროპარლამენტარების ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულაამ ჯგუფშია პოლონელი ევროპარლამენტარი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ანა ფოტიგა, რომელმაც 12 ნოემბერს პარლამენტში მოშიმშილე პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია მოინახულა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული გაუარესების მიუხედავად, „დროას“ ლიდერი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას ყოფილი პრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანამდე.
ასევე ნახეთ "დისიდენტების მიმართ თუ იყენებდნენ ამ მეთოდს, ფსიქიატრიულში როცა მიჰყავდათ" - რეაქციები სააკაშვილის მიმართ მოპყრობის შესახებუკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს უკრაინის ხელისუფლებაც.
პატიმრის უფლებების „საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად“ გარანტირების აუცილებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ელაპარაკა.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია
პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დაუშვებელია უკრაინის მოქალაქის მიმართ იძულების არაპროპორციული ზომების გამოყენება.
გადაყვანის დილემა
მოშიმშილე პაციენტის უპირველესი მოთხოვნაა - სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და, პარალელურად, ძალაში რჩება მის მიერ 11 ნოემბერს გახმოვანებული პირობაც, რომ გადაყვანის შემთხვევაში, ის მზად არის შიმშილობაც შეწყვიტოს - სტრასბურგის სასამართლოს „დაჟინებული მოწოდების“ შესაბამისად.
ასევე ნახეთ რატი ბრეგაძე: რატომ უნდა იყოს სააკაშვილი გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში?იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 11 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ სახელმწიფო არ აპირებს აჰყვეს მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმს და ზოგადადაც, გაუგებარია - რატომ უნდა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში მაშინ, როცა სტრასბურგის სასამართლომ, მისი თქმით, ეს საჭიროდ არ ჩათვალა.
„მათ [სააკაშვილის წარმომადგენლებს] ჰქონდათ ერთადერთი მოთხოვნა - რომ დაუყოვნებლივ ყოფილიყო გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ნიშნავს იმას, რომ არ ესაჭიროება ადამიანს გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. ვერ დაამტკიცეს ეს.
ერთადერთი, სადაც მტკიცებულებებით იყო საუბარი და მტკიცებულებების აწონ-დაწონა მოხდა, ეს იყო სტრასბურგის სასამართლოში, თორემ სხვაგან, აქ სრული ისტერიაა... მათ არ აინტერესებთ არცერთი არგუმენტი. რაც არ უნდა თქვა, აბსოლუტურად გადათამაშებულ ვერსიას იტყვიან“, - უთხრა ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მინისტრის სიტყვებს არამართებულ, დამახინჯებულ ინტერპრეტაციას უწოდებენ. საია-ს თავმჯდომარე, ნიკოლოზ სიმონიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მისი წერილის შინაარსის თანახმად, ჯერჯერობით არანაირი დასკვნა არ გამოუტანია და დამატებითი ინფორმაციის მიღებას სტრასბურგში 24 ნოემბრამდე ელოდებიან.
„ტყუილია, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. სტრასბურგის სასამართლომ გამოიყენა დროებითი ღონისძიება - დაავალა სახელმწიფოს ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება და საკითხს მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს.
ტყუილია, რომ არ დააკმაყოფილა. არ დააკმაყოფილა კი არა, ჯერ არ გადაუწყვეტია ეს საკითხი. სასამართლოს აინტერესებს ყველაფერი და მათ შორის - არის თუ არა მკურნალობისთვის სათანადო პირობები [სასჯელაღსრულების დაწესებულებაში]... ყველაფერი უნდა გამოიკვლიოს და ისე უნდა შეაფასოს“, - გვეუბნება ნიკა სიმონიშვილი.
იუსტიციის სამინისტროს მიერ საკითხის სხვაგვარ ინტერპრეტაციას, საია-ს ხელმძღვანელის შეფასებით, შესაძლოა, საფუძვლად ედოს ან პოლიტიკური ინტერესები, ანდა არაპროფესიონალიზმი - „რაც ჩემთვის საეჭვოა“.
სტრასბურგის სასამართლოდან გამოგზავნილ წერილში ყურადღება საგანგებოდ მახვილდება სახელმწიფოს ვალდებულებაზე - უზრუნველყოს პაციენტის სათანადო მკურნალობა შიმშილობის შეწყვეტის შემდეგაც.
რისთვის არის მზად იუსტიციის სამინისტრო?
ისევ „რუსთავი 2“-თან რატი ბრეგაძის საუბრის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ:
- შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნებენ;
- იმისთვის, რომ „პოსტშიმშილობის პერიოდი წარიმართოს მშვიდობით, ორგანიზმმა აღიდგინოს ყველა ფუნქცია და განაგრძოს ნორმალურ რეჟიმში კვება“, საჭიროა ენდოკრინოლოგი და ლაბორატორია, „რომელშიც გაკეთდება ანალიზები და ამ ანალიზების შესაბამისად უნდა წარიმართოს კვება“.
- იუსტიციის სამინისტრო თანახმაა, „მოვიდეს მისი პირადი ექიმიც, მოვიდეს სხვაც, იქნება ეს - ენდოკრინოლოგი თუ ნუტრიციოლოგი“.
რატი ბრეგაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ ლაბორატორიას გულისხმობდა ის და არის თუ არა შესაბამისი ლაბორატორია რუსთავის ციხეში.
12 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა და კითხვების დასმა სურდათ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს. პოლიციამ მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.
ასევე ნახეთ პოლიცია ენმ-ის დეპუტატ წევრებს იუსტიციის სამინისტროში შესვლის უფლებას არ აძლევსდეპუტატები და მათი მხარდამჭერები პოლიციის კორდონის დახმარებით, ძალის გამოყენებით გადასწიეს უკან.
ენმ-ის დეპუტატები დღეს არც ჯანდაცვის სამინისტროში შეუშვეს. სამინისტროსთან იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ხატია დეკანოიძე და ზაალ უდუმაშვილი.
არის თუ არა მკურნალობის პირობები რუსთავის ციხეში?
სასჯელაღსრულების სისტემის მიმართ უნდობლობის გარდა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მის მრავალფუნქციურ, მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანას ორი ძირითადი მიზეზით ითხოვენ:
- გლდანის საავადმყოფოსა და რუსთავის ციხეში არ არსებობს შესაბამისი სამედიცინო პირობები არც მოშიმშილე პატიმრის მოსავლელად და არც შიმშილობის შემდეგ აუცილებელი დახმარების მისაღებად;
- ექიმების ერთი ნაწილი მიუთითებს, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, პაციენტის ზედამხედველობა კიდევ უფრო საფრთხილოა და ჯანმრთელობის აღდგენა მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიულ კვლევებსაც მოითხოვს.
გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, ჩნდება „ხელახალი კვების სინდრომის“ წარმოშობის რისკი, რაც ფატალური შედეგითაც შეიძლება დასრულდეს. არასათანადო მართვის პირობებში, შესაძლოა, განვითარდეს ღვიძლის დისფუნქცია, გულის არითმია და ფილტვისა თუ ნევროლოგიური პრობლემები.
მაქსიმალური სიფრთხილეა რეკომენდებული ყველასთვის, ვინც შიმშილობდა ხუთი დღის ან მეტი ხნის განმავლობაში. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში 12 ნოემბერი შიმშილობის 43-ე დღეა.
ასევე ნახეთ კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით დაცული უნდა იყოს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობაშიმშილობის ეტაპზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავდა, რომ რუსთავის ციხეში არ იყო ხანგრძლივად მოშიმშილე პატიმრის ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო პირობები.
როგორც ომბუდსმენის ოფისში 12 ნოემბერს უთხრეს რადიო თავისუფლებას, ჯერჯერობით ისინი არ ფლობენ ინფორმაციას - მზად არის თუ არა რუსთავის ციხე პატიმრის სრულყოფილად სამკურნალოდ, უკვე შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში.
„ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდებით და, რა თქმა უნდა, მივადევნებთ თვალს მკურნალობის პროცესს შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში. პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება მკურნალობა პოსტშიმშილობის ეტაპზე.
მანამდე, შიმშილობის ეტაპზე, ჩვენ ვეყრდნობოდით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული ექიმების კონსილიუმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას - რომ არ იყო სათანადო პირობები შიმშილობის სამართავად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ.
მას არ ესმის სახელმწიფოს ლოგიკა, რომელიც, მათივე განცხადებით, სუს-ის ბრალდებებსა და მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის საფრთხეებს ეყრდნობა. გიორგი ბურჯანაძისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლოს ერთი სამოქალაქო კლინიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუკი, მათი შეფასებით, საფრთხე რეალურია.
„თქვენ რომ გენახათ, რა რესურსი იყო სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმ დღეს მობილიზებული, არ მგონია, რომ რომელიმე ჭკუათმყოფელს ეყოს ამ ქვეყანაში იმის განზრახვა ან მოტივაცია, რომ ამ ტიპის ძალას დაუპირისპირდეს“, - გვეუბნება ბურჯანაძე.
ასევე ნახეთ სასამართლო განმარტავს პოზიციას სააკაშვილის 10 ნოემბერის პროცესთან დაკავშირებითასევე სუს-ის მიერ გაჟღერებული საფრთხეებით ახსნა იუსტიციის სამინისტრომ ის ფაქტი, რომ 10 ნოემბერს, თბილისის სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პროცესს არ დაასწრეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელისუფლების დამხობის ბრალდებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში არავინ დაუკავებიათ. მტკიცებულების სახით გამოქვეყნებულია მხოლოდ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელმაც საზოგადოებაში ბევრი შეკითხვა წარმოშვა.