Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა


ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა ანა ფოტიგამ საქართველოს პარლამენტში "დროას" მოშიმშილე ლიდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა. მან ისე დატოვა პარლამენტი, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

"ანა ფოტიგა საქართველოში ჩამოსულია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად და მოვიდა ჩემთანაც. ძალიან დიდი პატივია, რომ მოვიდა ჩემთან შესახვედრად. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიის ასეთი დიდი დარტყმის დროს ჩვენი ევროპელი პარტნიორების, მეგობრების ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ანა ფოტიგა არის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის რა არის დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმი... მან იცის, რა არის პოლიტიკური დევნა, ბელარუსული რეჟიმი, პუტინის რეჟიმი. მან იცის, რა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი. მსგავსი ადამიანების ჩართულობა ჩვენი დემოკრატიისთვის არის მნიშვნელოვანი", - თქვა ხოშტარიამ, რომელიც უკვე მე-10 დღეა შიმშილობს.

ფოტიგა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად თანხმობას ელოდება. რადიო თავისუფლება ამ საკითხზე სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, მიეცემა თუ არა ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. მისი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრიდან შიმშილობს, სამოქალაქო მრავალპროფილიან კლინიკაში გადაიყვანონ. თავად სააკაშვილი მზადაა ​მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობა შეწყვიტოს, დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

XS
SM
MD
LG