საქართველოს ექსპრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატის, ჯონ სენდვიჯის შეფასებით, დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ადეკვატურად ვერ იქნება დაცული ვერც მისი ჯანმრთელობა და ვერც უსაფრთხოება, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სენდვიჯი, რომელიც საქართველოში წუხელ ჩამოვიდა, დღეს, 12 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
ამერიკელმა იურისტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაწესებულება არ არის საკმარისად აღჭურვილი საიმისოდ, რომ მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, პაციენტს ადეკვატური დახმარება გაუწიონ. რაც შეეხება უსაფრთხოების მხარეს, სენდვიჯის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულება თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში უსაფრთხოებას იცავს, ამ საპატიმროში იმყოფებიან ის პირებიც, რომლებიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაასამართლეს.
სენდვიჯის თქმით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველო ვალდებულია პატიმარზე იზრუნოს, თუმცა, დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ამ ვალდებულების ადეკვატურად შესრულება შეუძლებელია. ამერიკელი ადვოკატის თანახმად, ყველაფრის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი მხნედ არის.
ჯონ სენდვიჯმა შემაშფოთებელი უწოდა გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებსაც, სადაც ჩანს, თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს. როგორც ამერიკელმა იურისტმა თქვა, ეს არის ადამიანი, რომლის მიმართაც, ყოფილი სტატუსიდან გამომდინარე, მაღალი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ.
უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეოჩანაწერების ფრაგმენტები, რომლებიც ასახავენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სახალხო დამცველმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვეს, შეწყვიტოს ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და დაიცვას ადამიანის პატივი, ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის გაითვალისწინოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების პერმანენტული საპროტესტო აქციები.
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.