პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა ღია წერილით მიმართა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მამას, გრიგოლ ბრეგაძეს.
როგორც ნიკოლოზ სააკაშვილი წერს, ის გრიგოლ ბრეგაძესთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამასთან, ექსპრეზიდენტის მამა მიუთითებს, რომ წლების წინ რატი ბრეგაძე გერმანიაში განათლების მისაღებად პრეზიდენტ სააკაშვილის სტიპენდიით გაემგზავრა.
„გრიგოლ, გწერ როგორც კოლეგა კოლეგას,როგორც მშობელი მშობელს. ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ერთად, ვემსახურებოდით ყველაზე ჰუმანურ იდეას - სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ არასდროს ვარჩევდით პაციენტს მისი შეხედულებების ან რაიმე მიმდევრობის მიხედვით.
ჩვენთვის პაციენტი ყოველთვის იყო პაციენტი, იმის და მიუხედავად, ის პატიმარი იყო თუ არა. გრიგოლ, კარგად მახსოვს შენი სიხარული და სიამაყე, როდესაც შენი შვილი პრეზიდენტის სტიპენდიით გაემგზავრა გერმანიაში განათლების მისაღებად. იმ პრეზიდენტის, რომელსაც დღეს იუსტიციის სამინისტრო ართმევს სიცოცხლის უფლებას და არ გადაყავს სამოქალაქო კლინიკაში. არასდროს დამავიწყდება შენი აღტკინებული, ემოციური საუბარი ჩემთან, რასაც მე სიხარულით შევხვდი. დღეს ქვეყნის პრეზიდენტი, ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, პატრიოტი ციხეშია ( ისტორია განსჯის სამართლიანად თუ არა). მე მიმაჩნია, რომ შენი მოქალაქეობრივი ვალია, როგორც ექიმის, ჰუმანისტის, მშობლის გამოხატო საზოგადოდ შენი დამოკიდებულება მოშიმშილე პაციენტის, სიცოცხლის შესანარჩუნებლად და დაუყონებლივ მის გადასაყვანად შიმშილობის შემდგომ სამოქალაქო სარეაბილიტაციურ ჰოსპიტალში. გრიგოლ, ღმერთმა დაგიფაროს ნამდვილად არ გისურვებ შენ მოხვდე ჩემ მდგომარეობაში. მე დაგიდგებოდი გვერდში, როგორც კოლეგა და ექიმი და უშიშრად გამოვხატავდი ჩემს პოზიციას!" - ვკითხულობთ ნიკოლოზ სააკაშვილის წერილში.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 8 ნოემბერს ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში გადაყვანის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს გაავრცელა.