Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით დაცული უნდა იყოს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა


ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, რომელიც კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, მედიასთან საუბარში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ევროკავშირი ძალიან ახლოდან აკვირდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს.

„საქართველოში სხვადასხვა ინსტიტუტებს ვაქცევთ ყურადღებას, დავიწყებდი სამედიცინო საბჭოთი, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, რასაც მივესალმებით, ვინაიდან ის განსაკუთრებულ როლს თამაშობს, ვინაიდან არც დიპლომატები და არც პოლიტიკოსები ექიმები არ არიან, რომ სამედიცინო რჩევები მისცენ და ვიმედოვნებ, რომ გაგრძელდება სამედიცინო საბჭოს მუშაობა. ასევე მინდა გამოვყო სახალხო დამცველის როლი, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისად ზედამხედელობას უწევს ამ პროცესს, გასცემს რჩევებს და შეფასებებს, მისი რეკომენდაციები ძალიან ფასეულია. ბოლოს მინდა გამოვყო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, რომელიც კარგ რჩევებს და შეფასებებს აკეთებს პატიმრის უფლებებთან დაკავშირებით, რასაც ძალიან ვაფასებთ“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულად უნდა იყოს დაცული ადგილობრივი კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

„ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყებ და სამედიცინო საბჭოს რეკომედაციები უნდა იყოს გათვალისწინებული და შესრულებული ბოლომდე. რაც შეეხება პატიმრის უფლებებს და პატიმრობაში მყოფი ბატონი მიხელ სააკაშვილის უფლებებს, ჩვენ ბოლომდე მივდევთ მოვლენებს, მათ შორის ვაკვირდებით სახალხო დამცველის განცხადებებს, ასევე თავად ბატონი სააკაშვილის განცხადებებს [რუსთავის] ციხიდან გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვიხილეთ გარკვეული კადრები მისი საკნიდან. ეს ყველაფერი კითხვებს გვიჩენს. ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს დაცული, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“,- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მან თქვა, რომ წუხელ, 10 ნოემბერს, გარკვეული კომენტარები უკვე გააკეთა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მიესალმება სტრაბურგის სასამართლოს შუალედურ ღონისძიებას. ევროკავშირის ელჩის თქმით, „ეს არის იმედის მომცემი პირველი ნაბიჯი“, რომელშიც გაერთიანებულია ორი მოთხოვნა, ერთი შეეხება შიმშილობის შეწყვეტას, მეორე კი არის მოწოდება ჯანმრთელობის მდგომაროების და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებაზე, 24 ნოემბრამდე.

მან ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით და სასამარლო პროცესზე, იმაზე, თუ რატომ არ მიეცა ექსპრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება. კარლ ჰარცელის თქმით, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, საერთაშორისო სამართებრივი ნორმების შესაფერისი, რასაც ევროკავშირი ასევე აკვირდება.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ 10 ნოემბერს სასამართლომ, მორიგე მოსამართლემ, გადაწყვიტა მხარეების ინტერესებისა და სწორი პროცედურების წარმართვის მიზნით, მოუწოდოს მომჩივანს შიმშილობის შეწყვეტა. [მაგალითად მოიყვანა საქმე, სადაც ასევე შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა მომჩივანს, საქმის არსებითად განხილვამდე]

სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს, მომჩივნის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე როგორც მისთვის ციხის საავადმყოფოში გაწერილი სამედიცინო მკურნალობის) შესახებ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მომჩივნის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდისთვის.

სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ინფორმაცია ორივე მხრიდან უნდა მიეწოდოს და ამისთვის 24 ნოემბრამდე მისცა ვადა მთავრობას.

სააკაშვილის ადვოკატებს დამატებითი ინფორმაციის გასაგზავნად სარჩელის სრულყოფისთვის ვადა 8 დეკემბრამდე განესაზღვრათ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს შენობაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა გლდანის პენიტენციური სამსახურის კუთვნილ სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრები. მინისტრმა ეს მაღალი საჯარო ინტერესით ახსნა.

ვიდეოკადრები სააკაშვილის რეანომობილიდან იძულებით, ძალის გამოყენებით გადმოყვანასა და დაწებულებაში შეყვანას ასახავს. კადრებში სხვადასხვა დროს 20-მდე ადამიანი ჩანს, რომელთა სახეებიც დაბლარულია და იდენტიფიცირება შეუძლებელია.

ვიდეომასალა 6-წუთიან პერიოდს მოიცავს და რამდენიმე სივრცეში სააკაშვილის გადაყვანას ასახავს. მათ შორის, ლიფტსა და პალატაში იძულებით შეყვანას - ამ დროს ციხის თანამშრომლების მიერ მას ხელ-ფეხი გაკავებული აქვს.

ამავე კადრებში ჩანს, როგორც მინისტრმა ბრეგაძემ თქვა, სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ეპიზოდიც.

რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი რუსთავიდან გლდანში იმ მოტივით გადაიყვანეს, რომ მის ჯანმრთელობას, შესაძლოა, საფრთხე შექმნოდა.

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ, ციხის ტერიტორიაზე პატიმრების მხრიდან მისი მისამართით ისმოდა გინება და შეურაცხყოფა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხეში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა სააკაშვილის საკანშიც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ვარაუდობდნენ, რომ სწორედ "შუმოკის" მოწყობა იყო ერთ-ერთი მიზანი, რის გამოც ხელისუფლებას სააკაშვილის ამ დაწესებულებაში გადაყვანა უნდოდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

XS
SM
MD
LG