15 აგვისტოს გორის მერიის წინ აქცია-პერფორმანსის მოწყობისთვის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, დავით მახნიაშვილს, 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მიიჩნიეს, რომ მახნიაშვილმა მერიის წინ, ასფალტზე, რუსეთის დროშის დახატვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაარღვია, ქალაქის იერსახე დაამახინჯა და ამის გამო 500-ლარიანი ჯარიმის ოქმიც შეადგინა. ოქმის სამი ეგზემპლარიდან ერთი თავად დაიტოვეს, მეორე მახნიაშვილს გაუგზავნეს, მესამეს კი სასამართლოში შეიტანენ. გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, გიორგი ბატონისაშვილი, ამბობს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ სახდელს ექვემდებარება.
ევროპული საქართველოს წევრი, დავით მახნიაშვილი, საკუთარ ქმედებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს და ამბობს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით არის დაცული და მან ამ უფლებით ისარგებლა, როცა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, სამსახურის წინ აქცია-პერფორმანსი რუსეთის დროშის დახატვით მოუწყო.
2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს თავზარაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ 2008 წლის აგვისტოში ცხინვალი ქართული სოფლებიდან იბომბებოდა
"დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას გვაქვს სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის უფლება, რაც ჩემს ქმედებაში გამოიხატა მერიის შენობის წინ და არანაირად არ ვთვლი დარღვევად, მით უმეტეს, დანაშაულად ჩემს ქმედებას, რის გამოც არ ვაწერ ხელს ზედამხედველობის მიერ შედგენილ ოქმს, გორის მერს კი კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს", - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, დავით მახნიაშვილი.
15 აგვისტოს გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, დაბადების დღე იყო. პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გორის მერიის შენობის წინ, ასფალტზე, რუსეთის დროშა დახატეს და КГБ მიაწერეს.
ეს აქცია-პერფორმანსი მიეძღვნა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, რომელსაც 15 აგვისტოს 63 წელი შეუსრულდა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ გორის მერს ასეთი საჩუქარი პრორუსული განცხადებებისა და საბჭოთა ნოსტალგიური განწყობის გამო შეურჩიეს.
რუსეთის დროშის ხატვისას მერიიდან დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოვიდნენ და პროცესის შეჩერება სცადეს, თუმცა პარტიის აქტივისტებმა ნახატის დასრულება მაინც შეძლეს.
2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს თავზარაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ 2008 წლის აგვისტოში ცხინვალი ქართული სოფლებიდან იბომბებოდა, შარშან კი, როცა საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიაანთკარში ახალი ღობეების მონტაჟი დაიწყეს და სოფლის კუთვნილი მიწის ნაკვეთები ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს, მერს არ შეუწყვეტია შვებულება და აჭარის ზღვისპირეთში დასვენება. მოგვიანებით მან ახსნა, რომ რუსებთან მაინც ვერაფერს გააწყობდა.
გორის მერის ამ ქმედებებს მუდმივად იხსენებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავისი აქცია-პერფორმანსით „ევროპული საქართველოც“ ამ ფაქტების გახსენებას ისახავდა მიზნად.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლში კი წერია, რომ სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მახნიაშვილი კანონდარღვევას არ აღიარებს, საქმე სასამართლომდე მივა. მოსამართლემ კი უნდა განსაზღვროს „ევროპული საქართველოს“ წევრი გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობდა, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს არღვევდა.