Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორავას ქუჩის საქმე: ჩაიყრება თუ არა წყალში კომისიის შრომა?


საგამოძიებო კომისის სხდომა
საგამოძიებო კომისის სხდომა

ძნელად საფიქრებელია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხონ შეთანხმება ხორავას ქუჩის საქმეზე მოქმედი დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნის გარშემო. მართალია, 4 სექტემბერს გამოვლინდა პოზიციების დაახლოების მცირედი მცდელობა რეკომენდაციების ნაწილთან დაკავშირებით,მაგრამ წინააღმდეგობა ჯერ ისევ მნიშვნელოვანია და ეს მაშინ, როცა საბოლოო დოკუმენტს კომისიის სხდომაზე 5 სექტემბერს უნდა უყარონ კენჭი. გარდა იმის, რომ „ქართული ოცნება“ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს პოლიტიზებულად და დაუსაბუთებლად მიიჩნევს, ასევე წინააღმდეგია, რომ, მაგალითად, ცალკეულ რეკომენდაციებში მითითებულ იქნეს სს კოდექსის კონკრეტული მუხლები კომისიის მიერ გამოვლენილ დანაშაულებთან მიმართებით. კომისიის ფარგლებში, საბოლოო სიტყვის თქმა მაინც „ევროპულ საქართველოს“ შეუძლია, რომელიც 17-კაციან კომისიაში 9-კაციანი უმრავლესობით არის წარმოდგენილი, თუმცა, შესაძლოა, უფრო გაძნელდეს საქმე მას შემდეგ, რაც დასკვნა განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება. არ არის გამორიცხული, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ 3-თვიანი მუშაობის შედეგები წყალშიც ჩაიყაროს.

მიუხედავად იმისა, რომ პოზიციების დაახლოების სურვილი გამოხატეს საგამოძიებო კომისიის 4 სექტემბრის სხდომაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თითქმის ყველა საკვანძო საკითხთან დაკავშირებით უპირისპირდებოდნენ „ევროპული საქართველოს“ პოზიციებს. ყველაფერი გამომდინარეობს მთავარი უთანხმოებიდან: თუკი „ევროპული საქართველო“ აშკარად ხედავს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირის - მირზა სუბელიანის - მნიშვნელოვან ზეგავლენას ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების პროცესში, ასეთ კვალს საერთოდ ვერ ხედავს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, კომისიაში წარმოდგენილი მმართველი გუნდი ეწინააღმდეგება „ევროპული საქართველოს“ მიერ რეკომენდაციებში ასახულ მთელ რიგ ფორმულირებებს. მაგალითად, „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება რეკომენდაციას, რომ მ. კ. უნდა მიეცეს პასუხისგებაში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობის გამო და უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგალითად, იმავე მ. კ.-ს მიერ ცრუ ახსნა-განმარტების მიცემასთან დაკავშირებით. ასევე სადავოა მირზა სუბელიანის შემთხვევაში გამოძიების დაწყების მოთხოვნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისა თუ მოწმეზე ზემოქმედების მიმართულებით, იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც ასახულია დასკვნის მეორე თავში.

4 სექტემბრის სხდომაზე კომისიის წევრთა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კამათის საგნად იქცა რეკომენდაციები, რომლებიც დასკვნის მესამე თავში ასახულ ფაქტებს ეყრდნობა. ლაპარაკია დარღვევებზე, რომლებიც გამოვლინდა შს სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან. აქ იგულისხმება საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებული დარღვევები, რაც უკავშირდება, მაგალითად: თვითმხილველების დაკითხვას, ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერებას, ჩხრეკა-ამოღებას თუ სატელეფონო მიყურადებას. თუმცა ლაპარაკია ასევე სისხლის სამართლის დანაშაულებზე: გამოძიებისთვის ხელის შეშლაზე, მტკიცებულებების განადგურებაზე, მოწმეზე ზემოქმედებასა თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. კომისია მიიჩნევს, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება მთელ რიგ პირთა მიმართ, რომელთა შორისაც არის ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე.

„პოლიტიკური რევანშის მცდელობა“ - ასე უწოდა 4 სექტემბერს საგამოძიებო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა შს სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ის და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები „ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაში ადანაშაულებდნენ, ხოლო თავად „ევროპულ საქართველოს“ პერიოდულად იმის გამეორება უწევდა, რომ დანაშაულის ნიშნების გამოვლენა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მოხერხდა.

თვალშისაცემია პრინციპული შეუთანხმებლობა კომისიის დასკვნის პროექტის კიდევ სხვა არაერთ საკითხთან დაკავშირებით, რაც იმის მოსალოდნელობას აჩენს, რომ „ქართული ოცნება“ 5 სექტემბრის სხდომაზე მხარს არ დაუჭერს საკმაოდ ბევრ ფორმულირებას, რომლებიც ასახულია „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ პროექტში. თუმცა იმის გამო, რომ კომისიაში უმრავლესობას წარმოადგენს, „ევროპული საქართველო“ საბოლოოდ მაინც შეძლებს თავისი მხარდაჭერილი დასკვნის გატანას ხმათა უმრავლესობით, მაგრამ როდესაც დასკვნა განსახილველად უკვე პარლამენტის სხდომაზე გადაინაცვლებს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, „კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტი იღებს დადგენილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (გადაწყვეტილების პროექტის) თაობაზე“ და სწორედ აქ ხედავს კომისიის ცალკეული რეკომენდაციებისა თუ მიდგომების დაბლოკვის საფრთხეს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, საგამოძიებო კომისიის წევრი ხათუნა გოგორიშვილი. „თუ, რომელიმე ფრაქციის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტზე დაყრდნობით, პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ რეკომენდაციების ნაწილს ეთანხმება, ხოლო ნაწილს არ იზიარებს, შესასრულებლად სავალდებულო იქნება მხოლოდ ის რეკომენდაციები, რომლებსაც პარლამენტი დაეთანხმება“, - უთხრა გოგორიშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG