Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება: იზრდება ევროკავშირთან ვაჭრობის მოცულობა


ქვემო ქართლის კერძო სექტორისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა შეხვედრა რუსთავში
ქვემო ქართლის კერძო სექტორისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა შეხვედრა რუსთავში

გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან 731 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 24 პროცენტს შეადგენს.
„ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, სარგებელი, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით. ველოდებით ამ ციფრის გაორმაგებას და გაზრდას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შედეგად“, უთხრა რადიო თავისუფლებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ 18 იანვარს, რუსთავში ქვემო ქართლის კერძო სექტორისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა შეხვედრის წინ.


ღონისძიება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში გაიმართა, რომელიც DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას მიეძღვნა.

გენადი არველაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის 77 პროცენტს საქართველოში წარმოებული პროდუქცია შეადგენს, რეექსპორტის წილი კი 23 პროცენტია. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს მაჩვენებელი აღემატება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებში ექსპორტს.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შემდეგ საქართველოს 760-მა კომპანიამ ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი კავშირი დაამყარა და მასთან ვაჭრობს.
სტიგ ფერდსლუნდი

„დსთ-ს ქვეყნებთან ექსპორტში საქართველოში წარმოებული პროდუქციის წილი 50 პროცენტს შეადგენს “, თქვა გენადი არველაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა სტიგ ფერდსლუნდ კიელდსენმა ქვემო ქართლის მეწარმეებთან შეხვედრაზე თქვა, რომ საქართველოს მთლიანი სავაჭრო საქონელბრუნვის 27 პროცენტი ევროკავშირის ბაზარზე მოდის და ეს არის ბოლო წლების 30-პროცენტიანი მატება.

„ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შემდეგ საქართველოს 760-მა კომპანიამ ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი კავშირი დაამყარა და მასთან ვაჭრობს“, აღნიშნა სტიგ ფერდსლუნდ კიელდსენმა. მან ბიზნესმენებს განუმარტა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ხელისუფლებასთან ურთიერთობა გამორიცხავს პოლიტიკურ კონტექსტს. ის ორიენტირებულია საქართველოში წარმოებული პროდუქციის გაზრდასა და ევროპის სტანდარტების შესაბამისი ხარისხის ამაღლებაზე.

შეხვედრა რუსთავში
შეხვედრა რუსთავში

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერა 2015 წელს, თუმცა მისი იმპლემენტაცია 2016 წლიდან დაიწყო. შეთანხმება, პოლიტიკურის გარდა, ითვალისწინებს ეკონომიკურ ინტეგრაციას განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის საშუალებით.

საქართველოს საგარეო უწყების ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის უფროსმა არჩილ ყარაულაშვილმა აღნიშნა, რომ DCFTA-ს ფარგლებში დაახლოებით 70 კანონში ცვლილებებია გათვალისწინებული, ზოგიერთი ცვლილება უკვე განხორციელდა.

„საქართველოში გადმოგვაქვს ევროპული სტანდარტები, რა თქმნა უნდა, ჩვენი სპეციფიკისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით“, უთხრა ბიზნესმენებს არჩილ ყარაულაშვილმა. მისივე თქმით, ორი მთავარი მიდგომა აქვს ევროკავშირს - ესაა ადამიანის ჯანმრთელობა და მისი უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის უსაფრთხო პროდუქციის წარმოებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის გზით და, მეორე, კონკურენცია და ბაზრის ეფექტურობა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG