პარტიული ბრძოლა ლევან ხაბეიშვილმა (52,58%) ნიკა მელიას (40%) 5180 ხმით მოუგო. გამარჯვებულის წინასაარჩევნო კამპანია დიდწილად აგებული იყო მთავარი ოპონენტის მწვავე კრიტიკაზე, რომ მელიამ, თავისი უმოქმედობით, პარტიას საბრძოლო მუხტი დაუკარგა, მასშტაბური მიტინგები დაშალა და პაციენტი ექსპრეზიდენტის გათავისუფლება ვერ შეძლო.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მელიას მხარდამჭერები პარტიულ თანამდებობებს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ, ხაბეიშვილი 12-პუნქტიანი გეგმით იწყებს ბრძოლას. მისი ამოცანაა გააძლიეროს პარტია და „შექმნას ჯარი ფრონტზე გასასვლელად“.
რა ხდება ენმ-ში არჩევნების შემდეგ და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
მას შემდეგ, რაც არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა, ლევან ხაბეიშვილს სოციალურ ქსელებში პარტიის მხარდამჭერები, და მათ შორის - ირონიითაც, აქტიურად შეახსენებდნენ მის წინასაარჩევნო განცხადებებს, რომ თუ საჭირო გახდება, პაციენტი პრეზიდენტის გამოსახსნელად ფიზიკურ ძალასაც გამოიყენებს და არც კლინიკაში შევარდნას მოერიდება.
როგორ და რამდენად სწრაფად წარმოუდგენია ხაბეიშვილს მიხეილ სააკაშვილისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლება?
„ჯერ ერთი, აქტიურობაა საჭირო... კონკრეტული პასუხი, რომ მე გასაღები მიჭირავს და გასაღებს გადავატრიალებ და გამოვიყვან, ეგ იქნება ტყუილი“, - თქვა ხაბეიშვილმა ორიოდე დღის წინ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, ჯერ კიდევ კანდიდატის რანგში და დაამატა, რომ „კლინიკაში შევარდნასთან“ დაკავშირებით განცხადება გაკეთდა „უტრირებულად და მერე გამოიყენეს“, თუმცა ის არ უარყოფს მზადყოფნას - „ფიზიკურად შევიდე ბრძოლაში და ეს უნახავს ხალხს, მათ შორის საკრებულოში“.
„შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი“, - ასეთია პირველი პუნქტი ენმ-ის ახლად არჩეული თავმჯდომარის 12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმიდან, რომელიც მან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც წარადგინა.
პირველ 100 დღეში შესასრულებელი ამოცანების ჩამონათვალშია:
- პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია და სრულფასოვანი ამოქმედება, რომელიც „მთავარ ბრძოლაში შევა რუს ოლიგარქთან“; (პოლიტიკური მდივნის პოზიციაზე კვლავ პეტრე ცისკარიშვილი დარჩება);
- თბილისის პარტიული ორგანიზაციის განახლება და გაძლიერება;
- ახალგაზრდული ორგანიზაციის მოქმედება, „რომელიც დღეისთვის ფაქტობრივად ქმედითუუნაროა“ - პარტია უნდა იყოს „ახალი თაობის სამჭედლო“ და გაიხსნება პოლიტიკური სკოლაც;
- რაიონული ორგანიზაციების გაძლიერება; რაიონული ორგანიზაციები იქნება არჩევითი და მათ აირჩევს რაიონული ორგანიზაციების კონფერენციები;
- საკრებულოს წარმომადგენლობების ბაზაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მუდმივმოქმედი კონგრესის ჩამოყალიბება, რომლის კარი იქნება ღია სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც სურთ მონაწილეობა რეგიონალური განვითარების პროექტების შემუშავებაში;
- პოლიტიკური საბჭოს არჩევნების ჩატარება მარტში - „პოლიტიკური საბჭო უნდა იყოს მოქნილი, მოქმედი და ღებულობდეს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას“.
- ქალთა ორგანიზაციის განვითარება და აქტიურად ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- ემიგრანტების აღრიცხვა და ჩართულობის გაძლიერება - ემიგრანტების წარმომადგენლები უნდა იყვნენ პოლიტსაბჭოში და საარჩევნო სიაშიც;
- ზეპარტიული სათათბიროს ჩამოყალიბება, რომელშიც შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, პროფესიონალები, დარგის სპეციალისტები;
- პარტიის ბიუჯეტის განკარგვა პროექტების მიხედვით;
- ენმ-ის ყრილობაზე „საჯაროდ დაამტკიცება ყველა საჭირო ცვლილების“, რომელიც „პარტიას ახალ სუნთქვას გაუხსნის“ - „უნდა შევქმნათ ჯარი იმისთვის, რომ ფრონტის ხაზზე გავიდეთ“.
დაძაბული წინასაარჩევნო დაპირისპირების მიუხედავად, კონკურენტს გამარჯვება მიულოცა პარტიის აწ უკვე წარმავალმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, პარტიამ შეინარჩუნოს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პრაქტიკა. თუმცა ბრიფინგზე მან არაერთხელ გაიმეორა, რომ პარტიის მართვა უნდა მოხდეს „ღირსებითა და სიმართლით“.
„არჩევნები შედგა. არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული. მე მას ვულოცავ, რა თქმა უნდა, ამ შედეგს. ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს. ვუსურვებ მას ძალიან მნიშვნელოვანს ჩემთვის, რასთან დაკავშირებითაც მე და ათასობით ადამიანი თვეების განმავლობში საჯაროდ ვსაუბრობდით - ვუსურვებ, პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით და მე უნდა ვიმედოვნო, რომ ის ამას მოახერხებს“, - თქვა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
რჩება თუ არა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“?
როგორც თავად ამბობს, რჩება - „განსაკუთრებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმის“; თუმცა ამბობს იმასაც, რომ „ამის შემდეგ“ ფართო კონსულტაციების შედეგად გადაწყდება - სამომავლოდ რა დოზით იაქტიურებს უშუალოდ პარტიულ ცხოვრებაში.
„ბევრ ადამიანთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში. თუმცა ენერგიით ვიქნები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში", - აცხადებს ის.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, პარტიული თანამდებობებიდან წასვლას წინასწარვე გეგმავდა არაერთი პოლიტიკოსი. პირველი ნაბიჯები უკვე 30 იანვარს გადაიდგა:
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი და პოლიტსაბჭო დატოვა კობა ნაყოფიამ; თუმცა, როგორც ამბობს, ჯერჯერობით რჩება პარტიაში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე და სამკურნალოდ გადაყვანამდე;
- პოსტი დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აკაკი მინაშვილმა. „ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას არ ვაპირებ, გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად დააკომპლექტოს მმართველი რგოლი“, - თქვა მან;
- პოსტი დატოვა ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კირთაძემ. „მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე პერსონალურად ან პარტიის რომელიმე წევრი ტოვებს "ნაციონალურ მოძრაობას", - თქვა მან;
- თანამდებობა დატოვა საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი პატარაიამ, რომელიც პარტიის ძველი წევრია;
- საორგანიზაციო მდივნის თანამდებობა დატოვა ბაჩო დოლიძემ;
- სტრატეგიული განვითარების მდივანის პოსტი დატოვა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ანა გოგოლაძემ.
ამ ეტაპზე უშუალოდ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება არავის გაუკეთებია და, როგორც ახსნეს, აგრძელებენ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ხელისუფლების შესაცვლელად. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ძირითადად მოზომილი განცხადებები გაკეთდა და ბრალდებებს აღარ მოიცავდა.
ტელეწამყვანისა და ექსპერტის, არჩილ გამზარდიას შეფასებით, პარტიიდან გაქცევა ამ ეტაპზე წამგებიანი იქნებოდა პოლიტიკოსებისთვის, მით უფრო, რომ „წასვლა მერეც და ყოველთვის არის შესაძლებელი“. თანამდებობიდან გადადგომა კი, მისი შეფასებით, პასუხისმგებლობათა მოხსნას ნიშნავს და არ გამორიცხავს, რომ არცთუ შორეულ მომავალში პარტიის შიგნით ისევ მწვავე ოპონირება ვიხილოთ.
„ახალ თავმჯდომარეს [ლევან ხაბეიშვილი] ისე აქვს თამასა აწეული, რომ... მისი საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო - მიხეილ სააკაშვილის დახსნა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულება. ვფიქრობ, ამ ეტაპის გადასახედიდან ახლო მომავალში ამის გაკეთება უბრალოდ ილუზორულია. შესაბამისად, რაღაც დროის შემდეგ, კრიზისი დაეწყება ახალ თავმჯდომარესაც, ახალ გუნდთან ერთად. საკმაოდ მძიმე პირობებში იწყებს ახალი თავმჯდომარე და მისი ადამიანური რესურსი მუშაობას“, - გვეუბნება გამზარდია და ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ ლევან ხაბეიშვილს დიდი უპირატესობით არ გაუმარჯვია.
ამასთან, არჩილ გამზარდია ვარაუდობს, რომ ხაბეიშვილს მეტი წინააღმდეგობა შეხვდება, „რადგან, რასაც ვუყურებთ, მას მაინცდამაინც არ აღიარებენ კონკურენტები და თუნდაც - პარტნიორები... ეს ბარიერი აქამდე "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰქონია, არც გრიგოლ ვაშაძის და არც ნიკა მელიას დროს“ და წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე - „ხაბეიშვილს მომავალში რამდენად აღიარებენ“.
ლევან ხაბეიშვილს ბრძოლაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს მისი კიდევ ერთი კონკურენტი, გიორგი მუმლაძე, რომელმაც არჩევნებში 3.68% მიიღო. „პარტიის მხარდამჭერებმა უარი თქვეს უძრაობაზე და, ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე ფსონი დადეს მოძრაობაზე, განახლებაზე და მიშას თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილზე. ყველგან ვიქნები, სადაც იქნება რეალური ბრძოლა“, - თქვა მუმლაძემ 30 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
მიუხედავად განაცხადისა, რომ აღარც ქართული პოლიტიკითა და აღარც პარტიით ინტერესდება, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პარტიის მთლიანობის შენარჩუნების სურვილი აქვს და ამაზე ჟურნალისტებთან მისმა დედამ, გიული ალასანიამ ილაპარაკა. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას ნამდვილ გმირად თვლის, ხოლო ხაბეიშვილს ულოცავს და დიდ წარმატებას უსურვებს.
„დიდი სურვილი აქვს, რომ ყველას ახსოვდეს, ძალა ერთობაშია და საუბარი არ იყოს დაშლაზე“, - თქვა გიული ალასანიამ.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თავს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა სამზარეულოს მცოდნედ არ თვლის, მაგრამ ფიქრობს, რომ ის, რაც მოხდა, „ცუდი არ არის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის თვალსაზრისით“, რადგან ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი „ორპოლუსიანობის“ საწინააღმდეგო პროცესი განვითარდა. ხუხაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრების შექმნას ვარაუდობს.
„ხელისუფლების მთელი კოზირი არის ბოროტების ღერძად "ნაციონალური მოძრაობის" წარმოდგენა, ყველა ოპოზიციური პარტიის მის ორბიტაზე მოაზრება და ორპოლუსიანობის პირობებში, ბრძოლის გამოცხადება კეთილსა და ბოროტს შორის. "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება ფორმალურად არა, მაგრამ გახლეჩილია ელექტორალური თვალსაზრისით და, შესაბამისად, ორბიტალური მიზიდულობა იკარგება და როდესაც არ არსებობს ორბიტალური მიზიდულობა, ხელისუფლებას გაუჭირდება შუას გაკრეფის, ორპოლუსიანობის ტექნოლოგიის გამოყენება. ჩვენ მივიღებთ ერთგვარ მულტიპარტიულ სიტუაციას - შესაძლოა უფრო სუსტი, მაგრამ მრავალრიცხოვანი პოლიტიკური ცენტრებით“, - ამბობს ხუხაშვილი.
არჩილ გამზარდია, რომელიც 2015 წლამდე თანამშრომლობდა „ქართულ ოცნებასთან“, არ გამორიცხავს, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესები ასევე ტრიალებდეს „ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფარული, ჩრდილოვანი აგენტურისა და პარტნიორების ფორმატის“ მიხედვით.