"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გამარჯვებას ულოცავს თავის კონკურენტს ამ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში, ლევან ხაბეიშვილს. დამარცხების შემდეგ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ თქვა, რომ გააგრძელებს ბრძოლას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, თუმცა რა როლი ექნება პარტიაში, ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.
"ამ ბრძოლაში მე გააზრებულად შემოვუერთდი დიდ გუნდს 2013 წელს და ის მიზნები და ამოცანები, რომლის მიღწევაც მსურდა, არის მიუღწეველი და ამ რეალობაში ვრჩები ბრძოლაში და ვრჩები პარტიაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, განსაკუთრებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმის.
ამის შემდეგ ბევრ ადამიანთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში. თუმცა ენერგიით ვიქნები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში", - თქვა მელიამ.
მისი თქმით, ამ არჩევნებს არ ჰყავს არც გამარჯვებული და არც დამარცხებული, რადგან დღეს ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევებია.
"დასრულდა არჩევნები პარტიაში, რომელსაც აქვს გამოცდილება ხელისუფლების მართვის და რაც მთავარია, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების. ბუნებრივია, რომ ამ არჩევნებში ძნელია ვინმეს ან გამარჯვებული, ან დამარცხებული უწოდო იქიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა: გვყავს პოლიტიკური პატიმრები ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი, საგარეო კურსი ამჟამინდელი ხელისუფლების ხელში იცვლება რუსეთის ორბიტისკენ...
არჩევნები შედგა, ჰყავს კონკრეტული გამარჯვებული. მე მას ვულოცავ ამ შედეგს. ვუსურვებ მნიშვნელოვანს ჩემთვის - პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მინდა ვიმედოვნოთ, რომ ის ამას მოახერხებს", - თქვა მელიამ.
დღეს, 30 იანვარს, დასრულდა არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც. მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.