Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

34 წლის კაპიტნისა და მისი ეკიპაჟის ტყვეობა დასრულებულია


დავით მელიქიშვილი
დავით მელიქიშვილი

ნიგერიაში მეკობრეთა 21-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს შორისაა 34 წლის კაპიტანი, ბათუმელი დავით მელიქიშვილი, რომელმაც დღეს დილით ბათუმში დედას დაურეკა და უთხრა, რომ ეკიპაჟის წევრები უკვე უსაფრთხო ადგილას არიან.

„ღამის ორის ნახევარზე გავიგეთ, რომ გაათავისუფლეს ეკიპაჟი და ბიჭები მშვიდობიანად გაიყვანეს იმ ზონიდან, სადაც ჰყავდათ მეკობრეებს დატყვევებული. დილაადრიან დამირეკა ტელეფონით. პირველ რიგში, მითხრა, ძალიან განერვიულეთო. მაგრამ ჩვენი ნერვიულობა რაა იმასთან შედარებით, რაც იმათ, ალბათ, იქ გადაიტანეს. მთავარია, რომ ათივე ჯანმრთელად არიან და მშვიდობიანად ჩამოვლენ“, - გვითხრა ბათუმელი მეზღვაურის დედამ, მაია სურმანიძემ.

ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები საქართველოში უახლოეს ხანში დაბრუნდებიან, მანამდე კი მათი ოჯახის წევრებისთვის იყო ძალიან ემოციური 21 დღე. ეკიპაჟის წევრებს შორის ცხრა ქართველი და ერთიც უკრაინელი მეზღვაურია. კაპიტანმა ოჯახს ტყვეობაში ყოფნის დროსაც დაურეკა:

მაია სურმანიძე, დავით მელიქიშვილი
მაია სურმანიძე, დავით მელიქიშვილი

„როცა დათომ პირველად დარეკა, ყურმილი ავიღეთ. ველაპარაკეთ. გვითხრა, რომ ძალიან მძიმე პირობებში არიან და ძალიან უჭირთ ბიჭებს. შემდეგ კი გაგვაფრთხილეს, რომ არ ავიღოთ ყურმილი, რადგან უფრო უარესია მიმდინარე მოლაპარაკებებისთვისო. ამ დროს ოჯახის წევრებს ძალიან სტრესავენ. პრაქტიკიდან გამომდინარე, ზოგი ოჯახის წევრი ვერ უძლებს მათთან საუბარს, ზოგს მოხუცი მშობლები ჰყავს. ამიტომ, რეკავდნენ ბიჭები, მაგრამ ჩვენ არ ვპასუხობდით და ძალიან ვნერვიულობდით ამას“.

ქართველი მეზღვაურები დაკავებისას ნიგერიაში, პანამის დროშით მცურავ გემზე იმყოფებოდნენ. გემის მფლობელმა ბერძნულმა კომპანიამ კრიზისების მართვის ჯგუფი დაიქირავა, რომელიც გამტაცებლებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. როგორც წესი, გამტაცებლები გამოსასყიდს ითხოვენ. მოლაპარაკების დეტალები არ საჯაროვდება.

მეკობრეების თავდასხმისას გემზე ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. მათგან 10 დაატყვევეს. კიდევ 4 ქართველი მეზღვაური სამშობლოში უკვე დაბრუნდა და ამჟამად ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში იმყოფებიან. გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრები სამშობლოში დაბრუნებულებს შეხვდნენ და თავდასხმის ისტორია მათგან მოისმინეს. კაპიტნის დედა, მაია სურმანიძე, გვიყვება:

„ეკიპაჟის წევრები რომ ჩამოვიდნენ, თქვეს, რომ თავდასხმისას დათო ღირსეულად მოიქცაო, ყველა დაგვამშვიდაო, გვითხრა, რომ ყველა მშვიდად ავსულიყავით გემბანზე, სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა და პანიკაში არ ჩავვარდნილიყავით. ჩვენც ასე მოვიქეცითო. სროლებისა და ყველაფრის გარეშე გამტაცებლებმა 10 მეზღვაური გადაიყვანეს მათ კატერზე, ეკიპაჟის ოთხი წევრი კი გემზე დატოვეს. ჩემმა შვილმა 30 წლისამ მიიღო კაპიტნის წოდება. ყველაფერი იცოდა თეორიულად, ახლა კი, სამწუხაროდ, პრაქტიკაში მოუწია ამის გამოცდა. მეშინოდა მაინც. ახალგაზრდაა, რაც არ უნდა იყოს, და ფსიქოლოგიურად როგორ გაუძლებს ამას-მეთქი, იმიტომ რომ, როცა რამე ხდება, მთელი ეკიპაჟი უყურებს კაპიტანს. სხვა გამოსავალი, სხვა დამხმარე შუა ზღვაში არავინაა“.

დავით მელიქიშვილი
დავით მელიქიშვილი

ტყვეობიდან მეზღვაურების 21 დღეში გათავისუფლებას უპრეცედენტოს უწოდებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, თამარ იოსელიანი. მისი თქმით, ამაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან ერთად დიდი წვლილი აქვს გემთმფლობელ კომპანიას. სააგენტოს გამოცდილებით, მეკობრეთა მიერ დღემდე გატაცებული მეზღვაურების გათავისუფლებას, როგორც წესი, 30-40 დღე ან უფრო მეტი სჭირდებოდა:

„ძალიან მალე ისინი დაბრუნდებიან სამშობლოში. ჩვენ გემთმფლობელთან ერთად დავაორგანიზებთ სპეციალურ რეისს, რომელიც ჩამოიყვანს მათ სამშობლოში. ჩვენ ახლა გავდივართ ფორმალურ ეტაპებს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ისინი სწრაფად დავაბრუნოთ ქვეყანაში. მათთანაც შედგა კომუნიკაცია და გვაქვს ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია“, - ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.

მისივე თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, სპეცრეისით დაბრუნდებიან.

XS
SM
MD
LG