კახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი დაკვირვების საფუძველზე ამბობენ, რომ რეგიონში წინასაარჩევნო გარემო, ზოგადად, მშვიდია, თუმცა მათ შუალედურ ანგარიშებში კონკრეტული ფაქტები შევიდა, რომლებიც, სავარაუდოდ, კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს - მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საარჩევნო მასალის დაზიანება. ბრალდებები ისმის საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართითაც. როგორ აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს თავად ამომრჩევლები და რა მოლოდინი აქვთ მათ?
წინასაარჩევნო გარემო კახეთში
კახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შუალედურ ანგარიშებში შვიდა კონკრეტული ფაქტები, რომლებიც, სავარაუდოდ, კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს:
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;
- საარჩევნო მასალის დაზიანება;
- პრობლემები საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს.
წინასაარჩევნო გარემოს კახეთის რეგიონში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციის წარმომადგენელი მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, რომ პრობლემები იყო საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას, როდესაც საოლქო კომისიებმა არც მათი და არც ცესკოს რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს. ლაპარაკია საუბნო კომისიის წევრების არჩევაზე გასაუბრების გზით. მარეხ მგალობლიშვილის თქმით, მცირე გამონაკლისების გარდა, საოლქო კომისიებმა უბნებში საარჩევნო მოხელეები დანიშნეს გასაუბრების გარეშე.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ლაპარაკობენ სააგიტაციო მასალის დაზიანებაზე. საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, მათ შუალედურ ანგარიშში შევიდა წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები.
არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას აკრიტიკებენ ოპოზიციური პარტიებიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნომერ მეოთხე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარედ აირჩია დისციპლინური გადაცდომის მქონე პირი, ნიკოლოზ ავაზაშვილი, რომელსაც გასულ არჩევნებზე დარღვევა დაუფიქსირდა. გიორგი ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ ავაზაშვილი ნეიტრალური ვერ იქნება, რადგან მათ აქვთ ვიდეოჩანაწერები, სადაც ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ოპოზიციას აკრიტიკებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე საჩივრით მიმართეს და ავაზაშვილის გაწვევა მოითხოვეს.
წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას ამომრჩეველთა ნაწილი ამბობს, რომ წინა არჩევნების დროს გაცემული დაპირებები თითქმის არ შესრულებულა და არც მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულა. იმასაც ამბობენ, რომ კახეთის რეგიონში წინასაარჩევნო აქტივობა ნაკლებად შესამჩნევია და არც პრეზიდენტობის კანდიდატები აქტიურობენ...
გიორგი ბოტკოველის ბრალდებებს ყვარლის მე-16 ოლქის კომისიის მდივანმა ნატო ნაპირელმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ავაზაშვილის დანიშვნა კანონთან შეუსაბამობაში არ მოდის.
წინასაარჩევნო გარემოს შეფასება ჩვენ ამომრჩეველთა ნაწილსაც ვთხოვეთ, თუმცა რესპონდენტთა დიდი ნაწილი საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ წინა არჩევნების დროს გაცემული დაპირებები თითქმის არ შესრულებულა და არც მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულა. იმასაც ამბობენ, რომ კახეთის რეგიონში წინასაარჩევნო აქტივობა ნაკლებად შესამჩნევია და არც პრეზიდენტობის კანდიდატები აქტიურობენ ამომრჩეველთან შესახვედრად.
კახეთში წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, იძლევა. ამ ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ საპრეზიდენტო არჩევნების რიგით მეორე შუალედურ ანგარიშს, სადაც ამ დროისთვის არსებული ვითარება დეტალურად იქნება აღწერილი.