საბჭოთა რეჟიმისას დაზარალებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პერიოდი დღემდე გრძელდება. გასული საუკუნის 50-იან წლებში შუა აზიაში გადასახლებულნი და მათი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება ამ დრომდე არ მომხდარა. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ მოქმედი კანონი 20 წლის წინ არის მიღებული და მსხვერპლად მიიჩნევს პირს, რომელზეც 1921- 1990 წლებში საბჭოთა რეჟიმი სხვადასხვა ფორმით ძალადობდა. ძალადობის ფორმებს შორისაა სიკვდილით დასჯა, პატიმრობა, გადასახლება და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. ბოლო მონაცემით, საქართველოში 20 ათასზე მეტი ადამიანია აღიარებული საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლად და მათ მატერიალური კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლება ჰქონდათ 2014 წლამდე. კომპენსაციის ოდენობა 2 000 ლარამდე იყო.
გასული საუკუნის 50-იან წლებში საქართველოდან შუა აზიაში გადასახლებული ოჯახების წევრები ამბობენ, რომ რეაბილიტაციის პერიოდს ამ დრომდე გადიან. ქუთაისში მცხოვრებ რეპრესირებულთა ნაწილს 1951 წლის დეკემბერში გადასახლების დროს განცდილისა და ნანახის გახსენება დღემდე უჭირს და ცდილობს შუა აზიის სოფლებში ცხოვრების თითქმის სამწლიანი პერიოდი არ მოიგონოს. როგორც 80 წელს მიტანებული ნარგიზა შავლაძე-ღვინეფაძე იხსენებს, თავად 12 წლის იყო, მისი უმცროსი და კი 3-ის, როცა მშობლებთან ერთად შუაღამისას სახლიდან საბარგო მანქანით წაიყვანეს. როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გვეუბნება, მაშინდელმა ხელისუფლებამ საეჭვოდ მიიჩნია მეორე მსოფლიო ომის დროს მამის ტყვედ ყოფნა და მისი ოჯახი სხვა 50 ათას ქართველთან ერთად საბარგო ვაგონების ეშელონებით უვადოდ გადაასახლეს.
ნარგიზა შავლაძე-ღვინეფაძის თქმით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი გასულ საუკუნეში ის ადამიანები გახდნენ, რომლებიც პროგრესულად აზროვნებდნენ და რეჟიმს მათი არსებობა აშინებდა. მას დღემდე ახსოვს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გადასახლებაში.
როგორც საბჭოთა რეპრესიებით დაზარალებული იხსენებს, 12 წლის ბავშვმა გადასახლებიდან სტალინს მისწერა წერილი, სადაც ითხოვდა მისი და მისი დის ბებიასა და ბაბუასთან დაბრუნებას საქართველოში, თუმცა პასუხად მიიღო, რომ მისი ოჯახი სამართლიანად იყო გადასახლებული და მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. გადასახლებიდან დაბრუნებულებს სახლი დაუბრუნეს, თუმცა ავეჯი და ნივთები ჩამორთმეული ჰქონდათ და მისმა მშობლებმა ცხოვრება ხელახლა დაიწყეს, რადგან საკუთარ ჭერქვეშ დაბრუნების სიხარულმა გადატანილი ტანჯვა და წამება შედარებით შეამსუბუქა. რეპრესიების მსხვერპლი ამბობს, რომ სამწლიანი გადასახლებისას მიღებული მორალური ტრავმების გადატანა დღემდე უჭირს. შუა აზიის სოფელში მძიმე საცხოვრებელმა პირობებმა მის ჯანმრთელობას თავისი კვალი დაატყო, რამდენიმე წლის წინ ერთჯერადი კომპენსაციის სახით გამოყოფილი თანხა კი არ შეესაბამება იმ ზიანს, რომელიც მან მოზარდობის ასაკში მიიღო.
საბჭოთა რეპრესიებით დაზარალებულთა რეაბილიტაციის პროცესს დასრულებულად არ მიიჩნევს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საზოგადოების ხელმძღვანელი შალვა ბობოხიძე. როგორც თავად ამბობს, მისი მშობლები და ორი ძმა შუა აზიაში 1951 წელს გადაასახლეს და 96 წლის დედა, რომელიც სოფელ გორდში ცხოვრობს, ამ დრომდე იგონებს გადასახლებაში გადატანილ შემზარავ ამბებს. შალვა ბობოხიძე იხსენებს გადასახლებიდან დაბრუნების შემდგომ პერიოდს, როცა გადასახლებული ოჯახების წევრები საზოგადოების ნაწილმა არ მიიღო და დაზარალებულებს დიდი ხნით შერჩათ ხალხის მტრის სახელი.
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საზოგადოების ხელმძღვანელის შალვა ბობოხიძის ინფორმაციით, ორგანიზაციაში ქუთაისში მცხოვრები 720 წევრი იყო გაწევრიანებული, თუმცა მათი რაოდენობა ყოველწლირად მცირდება. როგორც შალვა ბობოხიძე ამბობს, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ 22 ივლისი მიიჩნევა, დღე, როდესაც 1937 წელს, საბჭოთა რეპრესიებისადმი პროტესტის ნიშნად, პოეტმა პაოლო იაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ქუთაისში მცხოვრები საბჭოთა რეპრესიებით დაზარალებულნი ყოველწლიურად 22 ივლისს მუხნარის ტყე-პარკში იკრიბებიან მემორიალთან, იმ ადგილას, სადაც 1937 წელს ასობით ადამიანი დახვრიტეს. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი და მათი ოჯახის წევრები ამ დღეს ერთად ატარებენ, თუმცა, როგორც ამბობენ ერთნამეთის ნახვა უფრო ახარებთ, ვიდრე საკუთარი ისტორიების გახსენება.