სპირიტუალური სეანსი, ანუ „თეფშის დატრიალება“, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული პოპულარული გასართობი იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირში ამის გამო შეიძლება „რელიგიურ-მისტიკური სწავლების მიმდევრად“ გამოეცხადებინეთ, რასაც თან უსიამოვნებები მოჰყვებოდა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი სულებთან პოლიტიკაზე საუბარს მოიწადინებდით.
„ლენინს ვკითხეთ, იყო თუ არა სტალინი გენიალური ადამიანი“, - ეს სიტყვები კიევის საოლქო სასამართლოში 1948 წლის 10 მარტს გაჟღერდა. „ლენინმა გვიპასუხა, რომ მისი მემკვიდრე გენიოსი სულაც არაა“, - განაგრძო ბრალდებულმა.
სასამართლოზე ჰყვებოდნენ იმ დიალოგების შესახებ, რომლებიც გარდაცვლილებთან ჰქონდათ, მაგალითად, სტალინის მეუღლესთან, ნადეჟდა ალილუევასთან, და მის [სტალინის] მთავარ მტერთან, ლევ ტროცკისთან. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ განსასჯელის სკამზე ძველი ბოლშევიკები ისხდნენ, რომლებიც კომუნიზმის ლიდერებს პირადად იცნობდნენ, მაგრამ არა, სამივე ქალაქ ბელაია ცერკოვის ჩვეულებრივი, უპარტიო მცხოვრებლები გახლდნენ. ტროცკისთან და სხვებთან ისინი სულების გამოძახებით ურთიერთობდნენ. მათი დაპატიმრების მიზეზიც ეს გახდა.
თეფში ისრით
1947 წლის დასაწყისში ბელაია ცერკოვში კიევიდან 44 წლის ილია გორბანი გადმოსახლდა. ის მხატვარი-მოქანდაკე იყო, მაგრამ არცთუ ნიჭიერი. რადგან წიგნების კითხვა უყვარდა, ქალაქის ბიბლიოთეკაში ჩაეწერა, სადაც ბიბლიოთეკის თანამშრომელთან, 39 წლის ოლია როზოვასთან, რომანი გააბა.
ერთხელაც კომბინატში გორბანი კოლეგასთან, მიხაილ რიაბინინთან, საუბრობდა. მან მოქანდაკეს ჰკითხა, საიქიო ცხოვრებისა და სულების არსებობის თუ სჯეროდა.
შემდეგ გორბანი ირწმუნებოდა, რომ კითხვაზე უარყოფითად უპასუხა, თუმცა რიაბინინს „სულების წიგნი“ მაინც გამოართვა. ეს ნაწარმოები 1856 წელს არის დაწერილი და სპირიტიზმის სფეროში ერთგვარ „ბიბლიას“ წარმოადგენს. მისი ავტორი, ალან კარდეკი, სულის უკვდავების შესახებ რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლების დამფუძნებლად ითვლებოდა.
ბრალდების დოკუმენტიდან: „სპირიტიზმი წარმოადგენს მისტიკური რელიგიის ერთ-ერთ განშტოებას, რომელიც ტყუილისა და შანტაჟის მეშვეობით ცდილობს „მეცნიერულად“ დაამტკიცოს საიქიო ცხოვრების რეალურობა“.
გორბანი წაკითხულით დაინტერესდა. მან დასთან, ვერასთან ერთად სახლში სპირიტული სეანსი მოაწყო.
ყველაფერი კლასიკური ინსტრუქციით გაკეთდა: მიუსხდნენ მაგიდას, აანთეს სანთლები, შუაში კი ქაღალდი გაშალეს, ზედ „კი“, „არა“, ციფრები და ასოები ეწერა. ქაღალდზე ისრიანი თეფში მოათავსეს.
სეანსის მთელი შინაარსი ისაა, რომ მონაწილეები იძახებენ გარდაცვლილის სულს და თუკი ის მოვიდა, კითხვებს უსვამენ. თეფში, რომელზეც მონაწილეებს თითები უწყვიათ, თითქოს შესაბამისი ასოებისკენ მოძრაობს. სპირიტიზმის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ თეფშს იმქვეყნიური ძალები მართავენ, სკეპტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ამას, შეუმჩნევლად, თავად მონაწილეები სჩადიან. გამოძიება მეორე ვერსიას ეყრდნობოდა.
1947 წლის ზაფხულში და-ძმამ თხუთმეტამდე სეანსი მოაწყო. ძირითადად ნათესავების სულებს იძახებდნენ. ერთხელ პუშკინზეც „გავიდნენ“, მაგრამ მან ისინი გამოლანძღა. ერთ-ერთ თანამშრომელს გორბანმა უამბო, რომ ის თავის დიდ კოლეგას, მიქელანჯელოსაც დაელაპარაკა.
მალე და-ძმას გორბანის შეყვარებული, ოლგა როზოვა, შეუერთდა, შემდეგ კი როზოვას მეგობარი, ვარვარა შელესტი.
შემდეგ სასამართლოზე ბრალდებულებმა ერთხმად აღიარეს, რომ ათეისტები არიან და საიქიო ცხოვრების არ სჯერათ. ამბობდნენ, რომ მისტიკური რიტუალი მათთვის მხოლოდ გასართობი იყო.
მაგრამ უშიშროების სამინისტრო ფიქრობდა, რომ თეფშთან გატარებული საღამოები „სპირიტისტების არალეგალური რელიგიურ-მისტიკური ჯგუფის შექმნა“ იყო. იმ დროს სულების გამოძახების გამო შეეძლოთ ადამიანი ციხეში ჩაესვათ, ისევე როგორც არალეგალური ლოცვების გამო ბერძნული კათოლიციზმის მიმდევრებს სვამდნენ. თუმცა ეს მხოლოდ ნახევარი უბედურება იყო. სეანსების ოკულტურ ხასიათს შემდეგ მისი„ანტისაბჭოთა“ შინაარსიც დაემატა.
ჯგუფის წევრები ცნობილი ადამიანების სულებს იძახებდნენ. საქმის მასალებში მოხვდნენ: მწერლები მაქსიმ გორკი და ალექსანდრ კუპრინი, მეცნიერი კონსტანტინ ციოლკოვსკი, ბოლშევიკების ლიდერები, ლენინი და ლევ ტროცკი (საქმის მასალებში ის მითითებული იყო, როგორც ხალხის მტერი), და სტალინის ცოლი, ნადეჟდა ალილუევა.
„კითხვაზე, იქნება თუ არა საბჭოთა წყობა, მივიღეთ პასუხი, რომ არა და ამაზე ამერიკა იზრუნებს“, - იხსენებდა გორბანი. საბუთებში არ არის მითითებული, ვის სულს ეკუთვნოდა ეს წინასწარმეტყველება.
„გორკის ვკითხეთ, თავისი სიკვდილით თუ მოკვდა“, - აღიარა როზოვამ.
მწერლის სიკვდილის გარემოებებით დაინტერესება შემთხვევითი არ არის. ის ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა, მაგრამ დადიოდა ხმები, რომ მოწამლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყოფილი ხელმძღვანელი, ჰენრიხ იაგოდა (ტროცკის დავალებით), მწერლის მდივანი და ექიმები. ლაპარაკობდნენ ამ საქმესთან სტალინის კავშირზეც.
საქმეში არ წერია, რა კითხვა დაუსვეს ალილუევას, მაგრამ ის შესაძლოა ისეთივე ყოფილიყო, როგორიც გორკის შემთხვევაში იყო. სხვა რა უნდა ეკითხათ ქალისთვის, რომელმაც ქმართანჩხუბის შემდეგ, ამბობდნენ, თავი მოიკლა?!
ბოლო სეანსი, ჩვენებებს თუ ვერწმუნებით, 1947 წლის დეკემბერში შედგა, შემდეგ მათ ჩეკისტებმა მოაკითხეს. როზოვა დააკავეს 19 თებერვალს, ვერა სოროკინა და გორბანი - 20-ში. ვარვარა შელესტი, საბუთების მიხედვით, სადღაც გაუჩინარდა. სამივეს ბრალი დასდეს ანტისაბჭოთა პროპაგანდაში, აგიტაციასა და კონტრრევოლუციური ონგანიზაციის წევრობაში. გორბანს, როგორც ჯგუფის ლიდერს, 25 წელი პატიმრობა შეეფარდა, როზოვასა და სოროკინას - ათ-ათი.
ეს ამბავი ერთი წლით ადრე რომ მომხდარიყო, გორბანს დახვრეტდნენ კიდეც, მაგრამ 1947 წელს სიკვდილით დასჯა ცოტა ხნით გააუქმეს. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებით, დახვრეტა 25-წლიანი პატიმრობით შეიცვალა. სწორედ ამ ტექსტს დაეყრდნო სასამართლო.
გორბანი ციხიდან აღარ დაბრუნებულა. ის 1950 წელს 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სტალინის სიკვდილის შემდეგ სოროკინასა და როზოვას პატიმრობის 10 წელი 6 წლითა და 10 თვით შეუცვალეს. გათავისუფლდნენ 1955 წლის 22 თებერვალს. სოროკინა ბელაია ცერკოვში, როზოვა კი კიევში წავიდა. სამი მედიუმის რეაბილიტაცია მხოლოდ 1992 წელს მოხდა.