„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გეგმები 26 მაისს
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ არ აპირებენ ჩაშალონ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები. ასე განმარტა მან წინა დღეს გაკეთებული მოწოდება, მოქალაქეები მისულიყვნენ მათ აქციაზე და არა აღლუმზე.
ვარლამ გოლეთიანმა პროტესტის მონაწილეებს შემდგომი გეგმებიც გააცნო. პროტესტი დღეიდან ისევ რიონის ხეობაში ბრუნდება.
„გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას და ამ ბრძოლაში ჩართულ ადამიანებს და ხვალიდან ჩვენ დავიძრათ კოლონით აბსოლუტურად თავაწეულმა და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია პროცესი... ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება მუშაობის“, - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
გუშინ „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებული ერთი საგულისხმო დოკუმენტი. როგორც 2019 წლის 30 მარტის დასკვნიდან ირკვევა, იუსტიციის სამინისტრომ შეისწავლა და უარყოფითად შეაფასა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება.
დასკვნა კომპანიასა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების გაფორმებამდეა მომზადებული იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის და მოქმედი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის მიერ და მოიცავს 22 კრიტიკულ შენიშვნას გასაფორმებელი ხელშეკრულების მისამართით.
დოკუმენტი აკრიტიკებს „ენკასთან“ დადებულ ხელშეკრულებას იმ კუთხით, რომ მასში მაქსიმალურად არის დაცული კომპანიის უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, შესაბამისად, პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო კომპანიები იღებენ საკუთარ თავზე.
კიდევ რა წერია გამოქვეყნებულ დოკუმენტში და რას ცვლის ის? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- ვარლამ გოლეთიანი: ვხედავთ, იუსტიციის სამინისტროს დასკვნები არ არის მხედველობაში მიღებული
- "რიონის ხეობის მცველებმა" გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს
- მაკა სულაძე აქციაზე მყოფი სხვა რელიგიის წარმომადგენლების პატივსაცემად დიდი ჯვრის ტარებაზე უარს ამბობს
- მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ მზად არიან გაასაჯაროონ დამფინანსებლების ვინაობა
ორი ერთში - ამნისტიის ორი პროექტის შერწყმის მცდელობა
საქართველოს პარლამენტს ამნისტიის ორი, განსხვავებული კანონპროექტისთვის 25 მაისს პირველი მოსმენით უნდა ეყარა კენჭი. თუმცა პროცესი შეჩერდა.
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებული ამნისტიის პროექტების განხილვა გაურკვეველი დროით გადაიდო. როგორც ჩანს, ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში უხერხულობას უქმნის „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული ამნისტიის არა - ერთი, არამედ ორი კანონპროექტის არსებობა. ახლახან ბრიუსელიდან დაბრუნებულმა საპარლამენტო დელეგაციამ ჩამოიტანა ამბავი, რომ ევროკავშირი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებული კანონპროექტების მოლოდინშია და თუკი ეს ვერ მოხერხდება, დაირღვევა 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება.
„ქართული ოცნების“ პროექტს - 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ფართო ამნისტიას - ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს პარლამენტს გარეთაც.
პარლამენტში მომხრე დეპუტატების რიცხვით თუ ვიმსჯელებთ, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ბოლომდე გაიტანოს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტის საკუთარი ვარიანტი და უპრობლემოდ დაამტკიცოს კიდეც. მაგრამ, დღეს ეს პროცესი შეჩერდა. რატომ? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
როგორ აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე საქართველოში?
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს თბილისში დილიდან დაიწყება.
ღონისძიებების ჩამონათვალშია საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედანზე. მათ რეპეტიცია გუშინ გაიარეს.
დღის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა. მას სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენებენ პანთეონში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომელიც ემიგრაციაში გარდაიცვალა, საქართველოში 22 მაისს საფრანგეთიდან ჩამოასვენეს.
საღამოს კი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტი გაიმართება.
ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, გააფართოონ ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, განაცხადა სამიტის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. სანქციების სიაში შევლენ პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც კავშირი აქვთ 23 მაისს მომხდარ ინციდენტთან, რომლის დროსაც ბელარუსმა Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა, მინსკში დამჯდარიყო. ამის შემდეგ ბელარუსის სამართალდამცავებმა დააკავეს თვითმფრინავში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი.
როგორც Deutsche Welle იტყობინება სამიტიდან, შეხვედრის მონაწილეები განიხილავდნენ აქტივების გაყინვას და მოგზაურობის შეზღუდვას სანქციების სიაში მყოფი პირებისთვის, ასევე საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-იდან ბელარუსის გარიცხვის შესაძლებლობას.
მანამდე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბელარუსის ავიაციისთვის აკრძალვა შემოიღეს კავშირის 27-ვე წევრის საჰაერო სივრცით სარგებლობაზე. ოფიციალურ განცხადებაში ევროკავშირმა წევრი ქვეყნების ავიაკომპანიებს მოუწოდა, არ შეწყვიტონ ფრენა ბელარუსის ტერიტორიის თავზე.
გარდა ამისა, ევროკავშირი ბელარუსისგან მოითხოვს, გაათავისუფლოს რამან პრატასევიჩი და მასთან ერთად დაკავებული რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა და გამოიძიოს თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმის ინციდენტი.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- პრატასევიჩის „აღიარება“ - საბჭოთა კაგებეს ხელწერა, რომლისაც არავის სჯერა
- აშშ-ის პრეზიდენტმა ბელარუსის რეჟიმი დაადანაშაულა სამარცხვინო თავდასხმაში
- მინსკმა გამოაქვეყნა Ryanair-ის ლაინერის ეკიპაჟსა და დისპეტჩერებს შორის საუბრის ჩანაწერი
- მეტი ავიაკომპანია წყვეტს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენას
"შეყვარებული გაიჩინე და დაიკიდე" - უფასო ფსიქიკური ჯანდაცვა საქართველოში
წარმოიდგინეთ: საკუთარ თავს მოერიეთ, დაძლიეთ სტერეოტიპებიც და ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მისვლა გადაწყვიტეთ.
მყისვე ეჯახებით რეალობას: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურების ხარისხი ხშირად ძალიან დაბალია. ხოლო თუ კერძო ცენტრებს ან სპეციალისტებს მიმართავთ, მკურნალობა მთლიანად საკუთარი სახსრებით მოგიწევთ - საქართველოში არც ერთი კერძო დაზღვევა არ დაგიფარავთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დახარჯულ ერთ თეთრსაც კი.
არადა, კვლევების თანახმად, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, პანდემიის დაწყების შემდეგ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მენტალური ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისზე ალაპარაკდა.
უფასო ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაზე საუბრისას მკვლევრები და სპეციალისტები თანხმდებიან ერთ რამეზე: სისტემა არაჰუმანურია, სახელმწიფო კი ხარჯავს არასაკმარის ფულს და რასაც ხარჯავს, იმასაც არასწორად ანაწილებს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ დამფუძნებელი და ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი გიორგი გოცაძე ამბობს, რომ სახელმწიფო დაფინანსების სისტემა მანკიერია და ვერ პასუხობს ბენეფიციარების საჭიროებებს.
წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის სტატიაში.
უკვე დადასტურებულია, რომ კოვიდით ხელმეორედ დაინფიცირება შესაძლებელია და რეინფიცირების შემთხვევაში დაავადება განსხვავებულად მიმდინარეობს, თუმცა კოვიდის ინფექციით გამომუშავებული იმუნიტეტის ხარისხი და ხანგრძლივობა ჯერ ბოლომდე მაინც არაა შესწავლილი. იცვლება თუ არა რეინფიცირების შემთხვევაში კოვიდის კლინიკა, რამდენ ხანს ცოცხლობენ ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები? ამ კითხვებზე გვიპასუხებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.