კახეთში ყოველწლიურად მატულობს როგორც შინაური, ასევე გარეული ცხოველების მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევები. მაგალითად, თელავში წელს 6 თვეში 20-ით მეტი ადამიანია დაზარალებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დედოფლისწყაროში კი გაზრდილია ცოფის გამოვლენის შემთხვევები ცხოველებში. ერთ-ერთ სოფელში კარანტინია გამოცხადებული.
კახეთში ცხოველებში ცოფის შემთხვევებმა იმატა. მიმდინარე წელს მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ცოფის გამოვლენის რვა შემთხვევა დაფიქსირდა. დიდია დაავადების კერებში გაცოფებულ ცხოველებთან კონტაქტირებული მოქალაქეების რიცხვიც. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ლალი ალადაშვილის თქმით,ცოფის კერებში დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტირებულ ყველა პირს შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდება.
აუცილებელია პრევენცია, ანუ, რომ დაგკბენს ცხოველი, მაშინვე უნდა დაიწყო ცოფის საწინააღმდეგო აცრები, რომ თავიდან აიცილო ცოფი. თუ ადამიანში კლინიკურად გამოვლინდა ცოფი, მერე აღარაფერი ეშველება. ხომ შეიძლება ცხოველი იყოს ცოფიანი, მაშინ მისი დაკაწრულიც კი აუცილებლად ცოფის გადამდებია და ამიტომ ვიწყებთ მაშინვე მკურნალობას...თამარ მღებრიშვილი
„ცოფის შემთხვევები ცხოველში არის მომატებული და თითქმის ყოველთვე ფიქსირდება. ვეტერინარული სამსახური ყველა შემთხვევაში დროულად გვაყენებს საქმის კურსში. ჩვენც დროულად ვერთვებით საქმეში და ცოფით დაავადებულ ცხოველთან კონტაქტირებულ ადამიანებს სრულ კურსს ვუტარებთ. შესაბამისად, არ დაფიქსირებულა ცოფის შემთხვევა ადამიანში. თვითონ ხალხის მხრიდან მომართვიანობაც არის მომატებული“.
რამდენიმე თვის წინ სოფელ სამთაწყაროში ცოფით დაავადებულმა ძაღლმა ერთ-ერთი ადგილობრივი დაკბინა, რომელსაც შემდეგ ცოფის საწინააღმდეგო ანტირაბიული მკურნალობის კურსი უტარდებოდა. მამაკაცი გარდაიცვალა, თუმცა
დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრში ირწმუნებიან, რომ მას ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ჰქონდა და გარდაცვლილს ცოფი არ დაუდგინდა.
ცხოველში ცოფის განმეორებითი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ არბოშიკში. ერთ-ერთ ფერმაში, სადაც წინა შემთხვევაში ცოფი ძაღლს დაუდასტურდა, ამჯერად ინფექცია იმავე ფერმის ხბოს აღმოაჩნდა. დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ამჟამად ორთვიანი საკარანტინო მდგომარეობა მოქმედებს საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროში:
„ცოფის შემთხვევა არის სოფელ არბოშიკში, რომელზეც ახლა კვლევა მიმდინარეობს. სამთაწყაროს შემთხვევაზე უკვე დადასტურებულია და შესაბამისი ზომებია მიღებული. გამოცხადებული გვაქვს ორთვიანი კარანტინი. პარალელურ რეჟიმში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ატარებენ აცრით სამუშაოებს სოფელ არბოშიკში, რათა მოხდეს აღნიშნული შემთხვევის ლოკალიზება“.
ცოფის შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა მიმდინარე წლის 6 თვეში მხოლოდ თელავში შინაური და გარეული ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დადორბლვის 327 შემთხვევა დაფიქსირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 305 იყო. მონაცემები გაზრდილია. ეს არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა სამედიცინო დაწესებულებას ცოფის საწინააღმდეგო აცრისთვის მიმართეს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ზოგი ექიმს არ მიმართავს და შესაძლოა ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდი იყოს. ეპიდემიოლოგი თამარ მღებრიშვილი, რომელიც თელავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობს, ამბობს, რომ მათ მიმართავენ პაციენტები, რომლებიც ამბობენ, რომ დაკბინა ან დადორბლა როგორც შინაურმა ცხოველმა, ასევე გარეულმა, მათ შორის მგლის ლეკვმა. სპეციალისტი ამბობს, რომ თუკი ცოფიანმა ცხოველმა ადამიანი დაკბინა და მკურნალობის სრული კურსი ჩატარდა, ვირუსი სრულიად განკურნებადია, თუ არადა, შესაძლოა შემთხვევა გარდაცვალებით დასრულდეს. ექიმ-ეპიდემიოლოგ თამარ მღებრიშვილის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცოფი ადამიანში არ დაფიქსირებულა.
„აუცილებელია პრევენცია, ანუ, რომ დაგკბენს ცხოველი, მაშინვე უნდა დაიწყო ცოფის საწინააღმდეგო აცრები, რომ თავიდან აიცილო ცოფი. თუ ადამიანში კლინიკურად გამოვლინდა ცოფი, მერე აღარაფერი ეშველება. ხომ შეიძლება ცხოველი იყოს ცოფიანი, მაშინ მისი დაკაწრულიც კი აუცილებლად ცოფის გადამდებია და ამიტომ ვიწყებთ მაშინვე მკურნალობას“.
კახეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების მონაცემებით, ირკვევა, რომ ადამიანებს უფრო ხშირად ოჯახში მყოფი შინაური ცხოველები კბენენ. მათ შორისაა კატა, ძაღლი, ცხენი, ღორი და კურდღელი. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ დაკბენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ საავადმყოფოს ან პოლიკლინიკას, რათა შემდგომი გართულება თავიდან აიცილონ. მართალია, ცხოველების მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევები უმეტესწილად ოჯახში მყოფ ცხოველებზე მოდის, მაგრამ პრობლემურია უპატრონო ძაღლებიც. რეგიონში მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის აშენება იგეგმება, თუმცა როდის, ვერავინ აკონკრეტებს.