საქართველოდან ჩინეთში ძირითადად გადის სპილენძის და ძვირფასი ლითონების მადნები, ჩინეთიდან კი შემოდის ლეპტოპები, კონდიციონერები, საბურავები და ტექნიკა.
საერთო ექსპორტი იზრდება, ჩინეთში კი მცირდება
საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2023 წლის პირველ 7 თვეში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით გაიზარდა.
იანვარ-ივლისის პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ - ექსპორტმა და იმპორტმა ერთად - 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქედან:
- ექსპორტი $3.58 მლრდ-ია;
- იმპორტი - $8.52 მლრდ-ი.
საქართველოს მთლიანი ექსპორტი, წინა წლის 7 თვესთან შედარებით, 15.9%-ით გაიზარდა, ჩინეთში ექსპორტი კი, პირიქით, შემცირდა. და შემცირდა მნიშვნელოვნად - 48.9%-ით.
თუკი 2022 წელს ჩინეთი საექსპორტო პარტნიორებში პირველ ადგილს იკავებდა $475 მლნ-ით და საქართველო ოთხივე მეზობელს უსწრებდა, წელს მე-7 ადგილზეა - $242 მილიონით.
ჩინეთიდან იმპორტი იზრდება, მაგრამ სხვებისგან უფრო იზრდება
საქართველოში იმპორტის საერთო ზრდა 19%-ია ჩინეთიდან იმპორტისა კი - 13%.
თუკი შარშან 7 თვეში ჩინეთიდან $620.9 მლნ-ის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, წელს ეს რიცხვი $700 მლნ-ს ასცდა.
მაგრამ, ამ ზრდის მიუხედავად, ჩინეთმა, რომელიც საიმპორტო პარტნიორებში მე-3 ადგილზე იყო, მე-4 ადგილზე გადმოინაცვლა.
ამის მიზეზი შეერთებული შტატებიდან იმპორტის 82%-იანი ზრდა გახდა - შარშან 7 თვეში $536 მლნ იყო, წელს კი $975 მლნ. ძირითადი საიმპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია.
საქართველოში იმპორტი სხვა ქვეყნებისგანაც გაიზარდა:
- იაპონიიდან - 137%-ით
- არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან - 81.3%-ით
- გერმანიიდან - 59.6%-ით
- იტალიიდან - 45%-ით
- რუსეთიდან - 24.2%-ით
- თურქეთიდან - 15.6%-ით.
რა შემოდის ჩინეთიდან?
ჩინეთიდან საქართველოში შემოდის თითქმის ყველაფერი: დაწყებული ხრახნებით, დამთავრებული სატვირთო ავტომობილებით.
მათ შორისაა კომპიუტერები, ტელევიზორები, კონდიციონერები, მაცივრები და სხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის უმსხვილესი ათეული ასეთია:
რა გადის საქართველოდან ჩინეთში?
საქართველოს საექსპორტო ათეულში უპირობო ლიდერი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია - მასზე ექსპორტის 70.7% მოდის.
სპილენძის მადნებს მოსდევს ძვირფასი ლითონები - 12.7%-ით. მესამე ადგილს სამედიცინო და ვეტერინარიული ხელსაწყოები იკავებს.
მეოთხე ადგილზეა ღვინო - მასზე ექსპორტის ღირებულების 3% მოდის. წელს 7 თვეში საქართველოდან ჩინეთში $7.3 მლნ-ის ღირებულების ღვინო გავიდა.
ღვინოს მოსდევს სანელებლები - წელს საქართველოდან ჩინეთში უკვე $3.6 მლნ-ის სანელებელი გაიტანეს. ათეული სრულად კი ასეთია:
თავისუფალი ვაჭრობიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე
საქართველოსა და ჩინეთს შორის 2018 წლიდან მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, - საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ასეთი შეთანხმება გააფორმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.
2023 წლიდან მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს, რაც, საქართველოს მთავრობის მოლოდინით, სავაჭრო ბრუნვას გაზრდის.