Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო ნადირაძე: "ქართველმა მზვერავებმა ახალ წელს მტრის ზურგში გაბედული მოქმედებით ისახელეს თავი"


უკრაინელი არტილერისტი ცეცხლის ხაზზე
უკრაინელი არტილერისტი ცეცხლის ხაზზე

უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ 12 იანვარს, თავისი თანამებრძოლის, გიორგი ფარცვანიასგან მიიღო 16-წამიანი უხმო ვიდეო და მოკლე ტექსტური შეტყობინება: „დავალება შესრულებულია“.

იმის გასარკვევად, თუ რა დავალება შეასრულა ამჯერად გიორგი ფარცვანიამ, რომელიც თავის რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად პირველი გადავიდა გასული წლის აგვისტოში კურსკის ტერიტორიაზე, - რადიო თავისუფლებამ ტექსტური შეტყობინების ავტორთანაც სცადა დაკავშირება და ადრესატთანაც. აღმოჩნდა, რომ გიორგი ფარცვანიამ მოწინააღმდეგის ზურგში ჩატარებული რეიდის დროს კონტუზია მიიღო, ამჟამად მკურნალობას გადის და ინტერვიუს მწყობრში ჩადგომის შემდეგ დაგვპირდა. სამაგიეროდ ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ გაგვიზიარა საინტერესო ცნობები გიორგი ფარცვანიასა და სხვა ქართველი მზვერავების მონაწილეობით 2025 წლის იანვარში ჩატარებული საბრძოლო ამოცანების შესახებ, რომელთაგან ერთი ტრაგიკულად დასრულდა.

"გიორგის ჯგუფი დავალებას ასრულებდა ბრიანსკის მიმართულებით"

5 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის დაჯგუფება, მრავალთვიანი უკანდახევის შემდეგ, რამდენიმე მიმართულებით მოულოდნელ კონტრშეტევაზე გადავიდა და პირველ დღეს გარკვეულ წინსვლას მიაღწია.

უკრაინული ძალები დაწინაურდნენ დაბა ბერდინის სამხრეთ-დასავლეთით და შევიდნენ დასახლებული პუნქტის სამხრეთ ნაწილში.

უფრო ადრე, სადაზვერვო ცნობების მიღების მიზნით, კურსკის გარკვეულ ტერიტორიაზე უკრაინის რამდენიმე სადაზვერვო ჯგუფი შევიდა. ერთ-ერთ მათგანს მეთაურობდა გიორგი ფარცვანია, რომელიც ოპერაციის შესახებ ცნობებს თავის უშუალო უფროსს, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ვანო ნადირაძეს აწვდიდა.

„გიორგი ფარცვანიას ჯგუფმა ახალ წელს პირველი დავალება შეასრულა - კურსკის ოლქის ერთ-ერთ ტერიტორიაზე იყო შესული. ვერ დავასახელებ ამ ტერიტორიას, რადგან ის კვლავაც შესასწავლი გვაქვს. გიორგი დაინიშნა ერთ-ერთი უძლიერესი სადაზვერვო ჯგუფის მეთაურად. ყველა აღნიშნავს, რომ ბევრი სადაზვერვო ჯგუფი ვერ მუშაობს მოწინააღმდეგის ზურგში ისე, როგორც გიორგის ჯგუფი. სულ ბოლოს გიორგის ჯგუფი დავალებას ასრულებდა ბრიანსკის მიმართულებით და წარმატებული მისიის შემდეგ გუშინ დაბრუნდა უკან“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ვანო ნადირაძემ.

ვანო ნადირაძე, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი
ვანო ნადირაძე, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი

"გიორგი წარდგენილია ოქროს ჯვარზე"

მზვერავების რეიდი წარმატებულად ფასდება მაშინ, როდესაც მოპოვებულია მაქსიმალური ინფორმაცია მოწინააღმდეგეზე და აუცილებლობის შემთხვევაში ლიკვიდირებულია მტრის გარკვეული წერტილები. ამ თვალსაზრისით, როგორ ნადირაძე ამბობს, ფარცვანიას ჯგუფმა წარმატებულად შეასრულა საბრძოლო დავალება. მაგრამ ბრიანსკიდან უკან გამოსვლა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

„გამოსვლის დროს ჩვენი მზვერავების ჯგუფი აღმოაჩინა რუსულმა დრონებმა. გარდა კამიკაძე დრონების თავდასხმისა, მათ წინააღმდეგ შემდეგ რუსეთის არტილერიაც ამოქმედდა. დაბომბვის დროს ყველა გადარჩა, მაგრამ გიორგიმ მცირე კონტუზია მიიღო და ასევე ზურგიც, კონკრეტულად ხერხემლის ერთ-ერთი მალა დაიზიანა. და გულმკერდის სერიოზული დაბეჟილობა აქვს. გიორგის არ უნდოდა საავადმყოფოში დაწოლა, მაგრამ ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დათანხმდა სტაციონარულ მკურნალობას“, - ამბობს ვანო ნადირაძე, რომელსაც თანამებრძოლისთვის კარგი ინფორმაცია აქვს.

„რაკი გიორგი ვახსენე, მინდა გითხრათ, რომ სარდლობის მიერ გიორგი წარდგენილია ოქროს ჯვარზე. ეს არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ჯილდო, რომელიც გიორგიმ დაიმსახურა მისი ჯგუფის მიერ ჯერ კიდევ კურსკში შესვლის (გასული წლის 6 აგვისტო - რედ.) პირველივე დღეებში საბრძოლო დავალების პირნათლად შესრულებისთვის“.

რადიო თავისუფლება ფეისბუკით დაუკავშირდა საავადმყოფოში მყოფ გიორგი ფარცვანიას, რომელსაც 16 იანვარს დაბადების დღე აქვს. მან მოკლედ გვითხრა, რომ თავს უკეთ გრძნობს და სურს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის ჯგუფს. „ახალ წელს და ბედობას წინა ხაზზე შევხვდი. ძველით ახალ წელს საავადმყოფოში და დაბადების დღეც საავადმყოფოში ყოფნა მომიწევს“, - ხუმრობით გვიპასუხა გიორგი ფარცვანიამ.

სარდლობის მიერ გიორგი ფარცვანია წარდგენილია ოქროს ჯვარზე. ეს არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ჯილდო
სარდლობის მიერ გიორგი ფარცვანია წარდგენილია ოქროს ჯვარზე. ეს არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ჯილდო

მან კონტუზია 2024 წლის აგვისტოსაც მიიღო, როდესაც სადესანტო ჯგუფთან ერთად ერთ-ერთი პირველი შევიდა ჯერ რუსეთის კურსკის ტერიტორიაზე, შემდეგ კი ბელგოროდის ოლქში.

"მთავარი ისაა, რომ პუტინის გეგმა ჩაიფუშა"

უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული დანაყოფები გასულ წელს. 6 აგვისტოს დილით შევიდნენ რუსეთის კურსკის ოლქში და იმავე დღეს ქალაქ სუჯასა და რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი. მომდევნო დღეებში წინსვლა გაგრძელდა და 12 აგვისტოს მონაცემებით, კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ 1000-მდე კვადრატულ კილომეტრს.

მაგრამ მას შემდეგ ვითარება შეიცვალა. რუსეთის არმიის მასობრივი კონტრშეტევების შემდეგ უკრაინის დაჯგუფებამ დაკავებული ტერიტორიების ნახევარზე მეტი დაკარგა. ხოლო 5 იანვარს უკრაინის არმიის დაწყებული ახალი ოპერაცია საკმაოდ მოკრძალებული აღმოჩნდა.

„წინა შეტევის დროს, რომელზეც ბევრი ითქვა, კურსკის ოლქში განსაკუთრებული შედეგი ვერ მოვიტანეთ. ტელეგრამის არხებით ზოგჯერ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს ჩვენ დიდი წარმატებისთვის მიგვეღწიოს. ასე არაა! კი, რამდენიმე კილომეტრით ჩვენ წავიწიეთ წინ, მაგრამ სხვა მიმართულებით რუსებს ჰქონდათ წინსვლა. აქ მთავარი ისაა, რომ ჩაიფუშა პუტინის გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ შარშანდელი ოქტომბრიდან ისახავდა მიზნად უკრაინული დანაყოფების გაყრას. ისიც უნდა ითქვას, რომ კურსკში უკრაინელების თავის ტკივილი გახდა ჩრდილოკორეელები. მათ არ იციან, თუ რა არის დრონები და ამიტომ, როცა ჩვენი დრონები უტევს, ისინი დანაკარგის მიუხედავად, აგრძელებენ წინსვლას პატარ-პატარა ჯგუფებად. მათ შეიარაღებაში არსებული 70 კილომეტრის მანძილზე მოქმედი, საარტილერიო დანადგარები ასევე გვიქმნის პატარა თავის ტკივილს. მაგრამ ორი დღის წინ იყო შემთხვევა, როდესაც რუსებმა შეცდომით რაკეტებით დაბომბეს ჩრდილოკორეული „ტორი“ - რეაქტიული სარაკეტო სისტემა. გარდა იმისა, რომ კორეელებს დაახლოებით 4000 ჯარისკაცის დანაკარგი აქვთ, ტყვედაც არიან ჩავარდნილები“, - ამბობს ვანო ნადირაძე.

ახლახან უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს ორი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსების მხარდამხარ იბრძვიან.


„ეს ორი ჯარისკაცი დაიჭრა, მაგრამ გადარჩა, ისინი ჩამოიყვანეს კიევში და მათთან უკრაინის უშიშროების გამომძიებლები მუშაობენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, რომლის ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე ტყვეების სურათებია გამოქვეყნებული.

უფრო ადრე, 2025 წლის 5 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ინტერვიუერის, ლექს ფრიდმანის პოდკასტში განაცხადა, რომ მოკლული და დაჭრილია დაახლოებით 3800 ჩრდილოკორეელი სამხედრო.

"კახა თილიძის დაკარგვის გამო მისი მეგობრები და თანამებრძოლები განადგურებულები ვართ“

უკრაინის ფრონტის ხაზზე, კურსკის გარდა, კიდევ რამდენიმე ცხელი წერტილია. რუსეთი ცდილობს სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებას დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით.

ვანო ნადირაძის ინფორმაციით, სწორედ ზაპოროჟიეში ასრულებდა საბრძოლო ამოცანას უკრაინის სამხედრო დაზვერვის (გურ) ქვედანაყოფ „სოლიდარნოსტის“ ჯგუფი, რომლის მეთაურის მოადგილე იყო კახა თილიძე, უკრაინის ტერიტორიაზე დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მოხალისე.

კახა თილიძე, ვანო ნადირაძის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის (გურ) ქვედანაყოფ „სოლიდარნოსტის“ ჯგუფის მეთაურის მოადგილე, ზაპოროჟიეს ოლქში, კამენსკოეს გათავისუფლებაში მონაწილეობდა
კახა თილიძე, ვანო ნადირაძის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის (გურ) ქვედანაყოფ „სოლიდარნოსტის“ ჯგუფის მეთაურის მოადგილე, ზაპოროჟიეს ოლქში, კამენსკოეს გათავისუფლებაში მონაწილეობდა

„კახა თილაძე, ეს ადამიანი გარდა იმისა, რომ იყო ჩემი ახლო მეგობარი, სამხედრო თვალსაზრისით ძალიან განათლებული, მე ვიტყოდი, ინტელექტუალი მეომარი იყო და ბრძოლის ველზე ძალიან სწორ გადაწყვეტილებას იღებდა. იანვრის დასაწყისში იგი კამენსკოეში, ზაპოროჟიეს ოლქში, უკრაინის სამხედრო დაზვერვის (გურ) ქვედანაყოფ „სოლიდარნოსტის“ ჯგუფთან ერთად ასრულებდა საბრძოლო დავალებას. ამ შერეულ, ქართულ-უკრაინული ჯგუფის მეთაური ჩემი მეგობარი, ძმადნაფიცი ზაზა ნანუაშვილია. კახა მისი მოადგილე იყო. სწორედ ამ ჯგუფის მებრძოლებმა გაათავისუფლეს კამენსკოეს ნახევარი. მაგრამ საბრძოლო ოპერაციის დროს კახა დაიჭრა და როდესაც იგი სამშვიდობოზე მკ-თი (საევაკუაციო დაჯავშნილი სატრანსპორტო საშუალება - რედ) გამოჰყავდათ, მორიგი აფეთქება მოხდა, აფეთქების ტალღამ მძიმედ დაჭრილი კახა მკ-დან გადაისროლა. კახა თილაძის დაკარგვის გამო მისი მეგობრები და თანამებრძოლები განადგურებულები ვართ“, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე.

უკრაინაში საბრძოლველად წასვლამდე, კახა თილიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.

თილიძე ხშირად აქვეყნებდა ვიდეოებს ფრონტის ხაზიდან და ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა. 2024 წლის აგვისტოში ის ხარკოვის ოლქის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

  • ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის.
  • ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
  • ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG