საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ქერეში, 27 იანვარს პოლიციამ ჟურნალისტები არ შეუშვა.
ჟურნალისტები იქ საპროტესტო აქციის გასაშუქებლად მიდიოდნენ, მაგრამ პოლიციამ ისინი სოფლის შესასვლელთან გააჩერა და სტანდარტული განმარტება მისცა, რომ ეს მათივე უსაფრთხოებისათვის კეთდებოდა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები სოფელში არ შეუშვეს, ქერელები მათთან თვითონ გამოვიდნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მთის სტატუსის მინიჭება, ხელისუფლება კი კიდევ ერთხელ შეჰპირდა პრობლემების მოგვარებას.
საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები გასული წლის აგვისტოს შემდეგ ჟურნალისტებისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ჩაკეტილია. მხოლოდ ჟურნალისტებისთვის დაუშვეს რამდენიმე გამონაკლისი, როცა გუგუტიაანთკარსა და ატოცში ახალი ე. წ. საოკუპაციო ღობეების გადასაღებად შეიყვანეს და ჩორჩანის ტყეში პოლიციური საგუშაგოც მხოლოდ ერთხელ აჩვენეს. ბოლო 5 თვის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში შეუძლებელია ოპოზიციის, საკრებულოს წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესვლა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასაც მათივე უსაფრთხოების მოტივით ხსნიან, თუმცა ამ ადამიანებს უჩნდებათ კითხვა, არიან თუ არა დაცული ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მხოლოდ რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ შედიან და გამოდიან უპრობლემოდ.
21 იანვარს სოფელ გუგუტიაანთკარში არ შეუშვეს „ანტისაოკუპაციო სამოქალაქო მოძრაობის“ წევრები. მათ, დიდი ხანია, კონფლიქტის ზონაში შესვლის უფლება შეუზღუდეს და საოკუპაციო ხაზს ისინი კვატროკოპტერებით აკვირდებიან. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ძალებთან გარიგებაში შედის და ამ ყველაფრის დასამალად კეტავს კონფლიქტის ზონას. გუგუტიაანთკარში 20 იანვარს საოკუპაციო ღობეების მონტაჟი განაახლეს.
საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ბექა ქორჩილავას, კონფლიქტის ზონის სოფლებში შესვლა არაერთხელ უცდია, მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ, სოფლების შესასვლელებთან არსებული საპოლიციო საგუშაგოებიდან მას ყოველთვის უკან აბრუნებდნენ ხოლმე. ქორჩილავას აზრით, ხელისუფლებამ მეტი ინფორმაცია უნდა გამოიტანოს საოკუპაციო გამყოფი ხაზიდან და საერთაშორისო საზოგადოება მაქსიმალურად გაააქტიუროს.
„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი პარტიული ლიდერი, დავით მახნიაშვილი, მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საოკუპაციო ძალას წინააღმდეგობას ვერ უწევს და არც სხვას აძლევს პროტესტის გამოხატვის უფლებას.
საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არც ხელისუფლების წარმომადგენლები ჩადიან ხშირად. ადგილობრივი მოსახლეობა ადგილზე პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების ჩასვლას ხშირად ითხოვს. მოქალაქეებს უნდათ საკუთარი პრობლემები მათ პირადად გააცნონ და გადაჭრის გზებზე ესაუბრონ, მაგრამ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს თითქმის ვერ ხერხდება. ხელისუფლებას კი კონფლიქტის ზონაში გადაადგილების პრობლემა საერთოდ არა აქვს, პრობლემა არც სასულიერო პირებს ექმნებათ. რამდენიმე დღის წინ გუგუტიაანთკარში გორი-ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა, მაგრამ ჟურნალისტები არც მასთან ერთად შეუშვეს სოფელში. მხარის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასაცავად და მათი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეები რომ მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ამას სოფელ ქერეს მოსახლეობის მიერ გამართული აქციაც ცხადყოფს. ადგილობრივი მოსახლეები უკვე იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ჟურნალისტებისთვის, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის კონფლიქტის ზონის დაკეტვა არა მარტო ოკუპაციის ხაზზე არსებული ვითარების, არამედ სოფლების პრობლემების შესახებ ინფორმაციის დამალვასაც ემსახურება.