საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მცხოვრებთა საპროტესტო აქციის მონაწილეებს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და გორის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ.
აქციის მონაწილეებსა და გუბერნატორის და მერის მოადგილეებს შორის დაძაბული საუბარი გაიმართა. ქერელები მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას, საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და საბავშვო ბაღის აღდგენას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მთავრობამ ადრე გაცემული დაპირებები არ შეუსრულა, ამიტომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქერელებს უთხრეს, რომ წელს სოფელში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი კი მალე დადებითად გადაწყდება.
სოფლები, რომლებსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვთ, საგადასახადო და სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. ასეთი სოფლების მცხოვრებთ დანარჩენ მოქალაქეებზე მეტი პენსიაც აქვთ.