Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს


საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობა მთის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქერე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფელ ოტრევს ესაზღვრება.

სოფლის მოსახლეობა წლებია ქერესთვის მთის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ქერეს მეზობელ სოფლებს ეს სტატუსი უკვე ორი წელია აქვთ.

ქერელები სოფლის შესასვლელში პოლიციის საგუშაგოსთან შეიკრიბნენ რადგან ჟურნალისტებს სამართალდამცველები სოფელში არ უშვებენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ.

მთის სტატუსის გარდა, ქერელები საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის მოწესრიგებასა და საბავშვო ბაღის აღდგენასაც მოითხოვენ.

მათი თქმით, სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ქერე ხელისუფლებისგან მიტოვებულია. ამ მოთხოვნებით ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.

სხვადასხვა მონაცემით, სოფელი ქერე ზღვის დონიდან 800-დან 1030- მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

„მაღალმთიანი რეგონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებები საგადასახადო და სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. მეწარმე სუბიექტები კი გადასახადისგან თავისუფლდებიან. მაღალმთიან რეგიონებში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა კანონის მიღებიდან 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG