24 საათში დადასტურებული ინფორმაციით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 30-მდე დაკარგულს ისევ ეძებენ. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი, დანგრეულია 2 ხიდი და რამდენიმე ათეული კოტეჯი აღარ არსებობს. მთლიანად შეცვლილია შოვის ლანდშაფტი.
რადიო თავისუფლებამ დაალაგა ქრონოლოგია, როგორ ვითარდებოდა მოვლენები იმ მომენტიდან, როცა მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იმ დრომდე, სანამ 11 ადამიანის ცხედრებს იპოვიდნენ მაშველები - ესაა რაჭის სტიქიის პირველი 24 საათი.
3 აგვისტო
15:10 - 112-ში პირველი ზარი შედის გადაუდებელი დახმარების მოთხოვნით. ამ დროს ასახელებს ჟურნალისტებთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი დღის ბოლოს.
16:53 - "საქართველოს ამბები" ავრცელებს ინფორმაციას რაჭაში მეწყრის ჩამოწოლის შესახებ. მედია წერს, რომ მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი და მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. როგორც "საქართველოს ამბებს" ადგილობრივი მოსახლეები ეუბნებიან, მეწყერში მოყოლილებს შორის 6 ბავშვია.
16:04 - მოქალაქე მაია ფირცხალაიშვილი ფეისბუკის პირდაპირ ჩართვაში სასტუმრო “სანსეტ შოვიდან” ჰყვება, რომ იმყოფება დამეწყრილ ადგილას, სადაც უკვე ერთი საათია ელოდებიან მაშველებს. კადრებში ჩანს, რომ სასტუმროს ირგვლივ ღვარცოფია.
“ერთი საათი გავიდა, თუ მეტი არა და ველოდებით, მოლოდინის რეჟიმში ვართ” - ამბობს ღვარცოფის ფონზე მდგარი ქალი.
16:10 - მოქალაქე დავით მაღრაძე ფეისბუკის პირად გვერდზე ავრცელებს კადრებს შოვიდან, სადაც ჩანს, როგორ ანგრევს და მიაქვს ადიდებულ მდინარეს ხიდი.
16:41 - მაია ფირცხალაიშვილი შოვიდან კიდევ ერთ ვიდეოჩართვაში საუბრობს იმაზე, რომ სამაშველო სამსახური იგვიანებს და სტიქიის ზონაში ხალხი პანიკაშია. მაია ფირცხალაიშვილი სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე სხვა დამსვენებლებთან ერთად ასვლას ამ დღის 8 საათისთვის მოახერხებს.
16:50 - შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ განცხადებას აკეთებს შოვში მეწყრის შესახებ - უწყება ამბობს, რომ მიღებულია არაერთი შეტყობინება, ადგილზე მობილიზებულია და ემატება ტექნიკა.
სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა დანაყოფები - ეწერა განცხადებაში.
16:53 - გივი გაბისიანი შოვიდან ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს ადიდებული მდინარე ჭანჭახი. მდინარის კალაპოტში ღვარცოფი მოდის. ვიდეოში ისმის ვარაუდი, რომ მდინარემ შეიძლება წაიღოს ხიდი.
18:18 - შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთი კოვზიაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ფოტოს და წერს, რომ ის უკვე რაჭაშია.
19:12 - კვლავ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ “სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია! მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება.” ნახევარ საათში ქეთი კოვზიაშვილი ამ ინფორმაციას აახლებს - სტიქიის ზონიდან 40 ადამიანია გამოყვანილი. სამინისტროს ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებზე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის განახლებული არ არის.
19:15 - "ფორმულა" ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ ამოჰყავთ მოქალაქეებს ტალახის მასიდან ბავშვი.
19:45 - ღვარცოფმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, შოვს და სოფელ გლოლას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
19:58 - "მთავარ არხთან" ინტერვიუში ადგილობრივი მცხოვრები თვითმხილველის მონაყოლს იხსენებს და ამბობს, რომ ადიდებულმა მდინარემ წაიღო მანქანა, რომელშიც მძღოლი იჯდა. „ერთმა თვითმხილველმა თქვა, ექვსი მანქანა, მათ შორის ჩემი მანქანაც წაიღოო, ერთ-ერთი მანქანა თავისი მძღოლითო“.
არცერთი სახელმწიფო უწყება მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
20:09 - შინაგან საქმეთა სამინისტრო მეორე განცხადებას ავრცელებს. ამჯერად უწყება ამბობს, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა სტიქიის ადგილიდან 70-მდე ადამიანი გამოიყვანა სამი რეისით.
სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ შს მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი.
22:03 - შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ორი ადამიანის გარდაცვალებას და აზუსტებს, რომ სტიქიის ადგილას 400-მდე მაშველია გადაყვანილი.
22:05 - ონის მერია ავრცელებს ინფორმაციას სტიქიის შედეგების შესახებ.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე სარმის ხიდი და 139-ე კმ-ზე შოვის ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა და დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები - წერია მერიის განცხადებაში.
22:10 - სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები წყვეტენ მუშაობას ღამის ხედვის სისტემების არქონის გამო. მაშველების ნაწილი აგრძელებს სამძებრო სამუშაოებს.
22:23 - სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ბავშვების მამა მედიასთან ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ და შიშობს, რომ ღამეს მისი მცირეწლოვანი შვილები ვერ გადაიტანენ.
„მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. ვერ ვუკავშირდები. შოვის ტერიტორიაზე, კოტეჯებში იმყოფებოდნენ, რომელიც, როგორც მეუბნებიან, წალეკილი აქვს მეწყერს. არ ვიცი, რა ხდება. არც გვეუბნებიან. მივედი სამაშველოსთან, ხალხო, გამარკვიეთ-მეთქი. იქ არიანო. ნახეს, არ ნახეს, გახიზნული არიან ტყეში, არ არიან - არაფერს გვეუბნებიან, ხალხო. რამე ქენით. ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან - 2 წლის, 3 წლის და 7-ის. ნუთუ არ გეცოდებათ ეს ბავშვები?! ძალიან გთხოვთ. ვერ ავწევთ ვერტმფრენებს, რადგან შუქი არ გვაქვს, რომ მივანათოთო“.
23:03 - სასტუმრო “სანსეტ შოვი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი ყველა სტუმარი და თანამშრომელი უვნებლად გადაურჩა სტიქიას და ევაკუირებულია. განცხადების მიხედვით, წყალი 3 აგვისტოს დღის 4 საათისთვის ადიდდა.
11:43 - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სააგენტოს 35 ამზომველი, რომლებიც მივლინებით იყვნენ შოვში, უსაფრთხოდ არიან, მათი დროებითი საცხოვრებელი კი სრულად განადგურებულია.
23:47 - ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ საგანგებო თათბირი იმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ინფრასტრუქტურის მინისტრი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერიის შენობაში მსჯელობის შედეგად გადაწყვეტენ, შექმნან ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ონის მერიაში ჩატარებულ თათბირის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სხვადასხვა სამთავრობო უწყება ავრცელებს.
00:34 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ დაკავშირება ვერ ხერხდება 50 ადამიანთან.
02:16 - ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ იმ 50 ადამიანიდან, რომლებთანაც დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, 6 ადამიანი მაშველებმა იპოვეს და უსაფრთხოდ არიან.
4 აგვისტო
5:48 - "მოძრაობა ბრაკონიერების წინააღმდეგ"-ის წევრები დრონებით სამძებრო სამუშაოების შემდეგ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თერმულმა კამერამ სტიქიის ზონაში რამდენიმე ადგილას დააფიქსირა ცოცხალი ორგანიზმები. დილის 6:20-ზე მოძრაობის წევრები დროებით წყვეტენ სამძებრო სამუშაოებს იმის გამო, რომ ვერტმფრენი იწყებს ფრენას. 9 საათიდან კვლავ აახლებენ მუშაობას ნებართვის გარეშე.
6:51 - შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აქვეყნებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კადრებს სტიქიის ზონიდან და წერს, რომ ევაკუაცია განახლდა.
9:40 - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დილის 6 საათიდან ამ დრომდე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა შოვიდან კიდევ 140 ადამიანი გამოიყვანეს.
10:04 - საავტომობილო გზების დეპარტამენტი შოვიდან ავრცელებს ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს, როგორ მუშაობს ტექნიკა გზის გასაწმენდად.
10:37 - ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ჯერაც ვერ უკავშირდებიან 35 ადამიანს.
11:51 - გარდაცვლილთა რაოდენობა 6-მდე იზრდება - შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნაპოვნია კიდევ 4 ცხედარი. ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა 30-ზე მეტი ადამიანი.
12:53 - მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ფოტოებს, რომლებზეც ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში ჩავიდა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თათბირი გამართა. კადრებში ჩანან სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების ხელმძღვანელები, ასევე სასულიერო პირები და დეპუტატები მმართველი "ქართული ოცნებიდან".
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, ღარიბაშვილი ონშია და არა შოვში, სტიქიის ზონაში. შოვში პრემიერი მხოლოდ სტიქიური უბედურების დაწყებიდან 24 საათის შემდეგ, 17:05-ზე გამოჩნდება - დამეწყრილ ადგილს ის იმ ვერტმფრენით სტუმრობს, რომელსაც მაშველები ევაკუაციისთვის იყენებენ.
14:11 - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ამავდროულად, ის გლოვის დღედ აცხადებს ორშაბათს, 7 აგვისტოს, და სამაშველო ოპერაციაში რთავს თავდაცვის ძალებს. ღარიბაშვილი დადებითად აფასებს სამაშველო ოპერაციას და ამბობს, რომ ყველა, ვინც სტიქიის ზონაში იყო ნაპოვნი, 4 აგვისტოს ღამეს უსაფრთხოდაა გამოყვანილი
15: 30 - ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი და ეპარქიის სასულიერო პირები სტიქიის ზონაში მიდიან.
15:55 - დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
16:08 - ადგილობრივი მოსახლეობა ფეისბუკზე შოვიდან ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ აწყვია ტყის პირას შავ პარკებში შეკრული გვამები - ვიდეოში ისმის ახალგაზრდა კაცის ხმა, რომელიც რეკავს სახელმწიფო უწყებებთან და ითხოვს, წაიღონ დილას ნაპოვნი ცხედრები. 4 აგვისტოს ნაპოვნ ცხედრებს 17:15-ზე გადაასვენებს ვერტმფრენი სტიქიის ზონიდან.