“არარატი” (2002, “Ararat”, რეჟისორი ატომ ეგოიანი, კანადა)
ყარაბაღის ომის მოულოდნელი დასასრული რომ არა, ატომ ეგოიანის ამ ფილმის მეორედ ნახვის სურვილი ნამდვილად არ მექნებოდა. თავის დროზე “არარატმა” მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ისევე როგორც სომხური წარმოშობის კანადელი რეჟისორის სხვა, ადრეულმა, ფილმებმა; ეგოიანს “საოჯახო სეანსისა” და “დაზღვევის აგენტის” კინოთეატრებში გამოსვლის შემდეგ 21-ე საუკუნის კინორეჟისორების სიის ათეულში მოიხსენიებდნენ. მაგრამ მერე, ჩემი ვარაუდით, ჰოლივუდში დამკვიდრების სურვილის გამო, ატომ ეგოიანმა ჟანრულ კინოში მოსინჯა ძალები და კატასტროფული მარცხი განიცადა. 2014 წლის კანის ფესტივალზე მისი “ღამის დედოფალი” კრიტიკოსთა სარეიტინგო გამოკითხვაში ბოლო ადგილზე (“ერთიანით”) გავიდა საკონკურსო ფილმების სიაში.
სხვათა შორის, 2002 წელს სწორედ კანის კინოფესტივალის კონკურსში იყო ჩართული “არარატიც” - შეიძლება ითქვას, კინოს ისტორიაში პირველი მხატვრული ფილმი, რომელშიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი, თურქეთში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტაა გააზრებული. დიახ, “გააზრებული” და არა აღდგენილი მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ავტორი დაეხმაროს თანამემამულეებს გააგებინონ მსოფლიოს, რა გადაიტანეს სომხებმა იმ საშინელ წლებში. ატომ ეგოიანს რაღაც მიკერძოებული ფილმი რომ გადაეღო, შეიძლებოდა სომხეთში, იქ, სადაც ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი ცხოვრობს წარსულის ტრავმებით (დღევანდელი მოვლენებიც ცხადყოფენ ამას), იგი გმირად გამოეცხადებინათ, მაგრამ მან ეს არ ისურვა - მან სწორედ ის გააკეთა, რაც ასე სთხოვა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ხალხს ჯერ კიდევ 2005 წელს გამოქვეყნებულ წერილში, მოდით, დავანებოთ თავი ისტორიის ჰეროიზაციას და ახალი ცხოვრება დავიწყოთო (ფაშინიანის, როგორც “სოროსისტის”, ეს მიმართვა ამ დღეებში ისევ გაიხსენეს სომხეთში ომის მომხრეებმა). მიუხედავად ამისა, “არარატის” ჩართვა კანის ფესტივალის კონკურსში უმალვე გააპროტესტა ოფიციალურმა ანკარამ. ბოლოს თავად ატომ ეგოიანმა შესთავაზა ფესტივალის დირექციას ეჩვენებინათ ფილმი მხოლოდ კონკურსგარეშე პროგრამაში.
ასეა თუ ისე, პრემიერა შედგა. წლის ბოლოს კანადის კინოაკადემიამ “არარატი” 2002 წლის საუკეთესო კანადურ ფილმად გამოაცხადა. სურათს დიდი წარმატება ჰქონდა შეერთებულ შტატებშიც, რაც ეგოიანისთვის, ალბათ, მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. “არარატი” ხომ გვიამბობს სომხური წარმოშობის ამერიკელი მხატვრის, - ჩემი აზრით, გენიალური მხატვრის, - არშილ გორკის შესახებ, მხატვრისა, რომელიც 11 წლის იყო, როცა დედასა და დასთან ერთად თურქული ვანიდან თანამემამულეების ხოცვას გამოექცა. გზაში დედა შიმშილისგან გარდაიცვალა, მომავალმა მხატვარმა კი ნათესავების დახმარებით ამერიკაში გაქცევა მოახერხა. წლების მერე სახელი გაითქვა, როგორც აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ფუძემდებელმა. დიდება არ აკლდა, თუმცა წარსულის ტრავმებმა მაინც იჩინეს თავი. 1944 წელს გორკიმ თავი ჩამოიხრჩო.
როგორ უნდა გადაიღოს ჰოლივუდელმა რეჟისორმა ეს ისტორია? ალბათ, იმ ინტონაციით, რომელიც შეესაბამება სომეხი ხალხის მშობლიური სახლებიდან აყრის ქრონიკას, ქალებისა და ბავშვების დახოცვას, ქრისტიანული ტაძრების განადგურებას... იმ ინტონაციით, რომელიც თაობიდან თაობაში გადაეცემოდა და, შესაბამისად, აძლიერებდა სამართლიანობის აღდგენის, ხანდახან კი, უბრალოდ, შურისძიების ვნებას - პათეტიკურად, როგორც ამბობენ ხოლმე, “დიადი გრძნობებით”, კინოს ყველა იმ საშუალების მაქსიმალური გამოყენებით, რომლებითაც პუბლიკის მანიპულაცია გახდება შესაძლებელი. სომეხი ხალხისთვის ხომ პრინციპულად მნიშვნელოვანია მსოფლიომ აღიაროს მილიონობით თანამემამულის ხოცვა, როგორც გენოციდი. სომეხი ხალხი კითხულობს, თუკი ებრაელთა დახოცვა განიხილება როგორც “ჰოლოკოსტი”, თუკი ხალხის მასობრივი განადგურების გამო გერმანიამ ბოდიში მოიხადა და დასაჯა დამნაშავეები, რატომ ეშინიათ სიტყვა “გენოციდის”, როდესაც თუნდაც იმ კადრებს, იმ ქრონიკას ნახულობენ, რომლებიც ჩართულია ატომ ეგოიანის ფილმში? უფრო სწორად, ჩართულია ფილმში, რომელსაც იღებს “არარატის” გმირი, ჰოლივუდელი კინორეჟისორი საროიანი, შარლ აზნავურის შესრულებით.
დიახ, “არარატი” არის ფილმი ფილმში. კინო იმაზე, თუ როგორ იღებენ ჰოლივუდში ისტორიულ ფილმს, ბიოგრაფიულ ფილმს არშილ გორკიზე. ერთი “კინო”, ის, რომელსაც იღებს რეჟისორი საროიანი, არის ტრაგიკული სახეების ერთობლიობა, ვერაფრით რომ ვერ ივიწყებს სომეხი ხალხი, ვერ ივიწყებენ ადამიანები, რომლებიც არა მარტო სამართლიანობის აღდგენაზე, არამედ შურისძიებაზეც ფიქრობენ (გავიხსენოთ, როგორ დაარბიეს ნიკოლ ფაშინიანის რეზიდენცია ერევანში იმ ღამეს, როცა ფაშინიანმა, ფაქტობრივად, აღიარა წაგება ყარაბაღის ომში). მეორე კინო არის ახალი თაობის, დასავლეთში გაზრდილი სომეხი ხელოვანის კინო (ატომ ეგოიანი ეგვიპტეში დაიბადა, თუმცა მალევე მისი ოჯახი კანადაში გადასახლდა), იმ სომხისა, რომელმაც 1915 წლის ტრაგიკული მოვლენები ძირითადად მხოლოდ მითების, მოგონილი და ხალხის ცნობიერებაში ღრმად გამჯდარი ისტორიების სახით იცის. “მეორე კინო” უკვე ის სტილია, რომლითაც ატომ ეგოიანმა გააცნო თავი კინემატოგრაფიულ სამყაროს გასული საუკუნის 80-იან წლებში - ეგზისტენციალური დრამა თაობების ურთიერთობაზე, რადიკალიზმზე, პატიებაზე, აბსურდის, ზოგჯერ სიურრეალიზმის ელემენტებით, და აქ იწყება სწორედ ყველაზე საინტერესო - თანამედროვეობის “შეწყვილება” მითთან, რეალობის შეუღლება წარსულის ხსოვნასთან, ანუ ის, რასაც ყველაზე ეფექტურად კინოხელოვნება ახერხებს - ხელოვნება, რომელსაც შეუძლია შეინახოს ისტორია ყუთში, შეუძლია შეინახოს ხსოვნა. მრავალი, მრავალი წლის შემდეგ კი, ახალ თაობებს ეძლევათ საშუალება გახსნან ეს ყუთი და ახალი თვალით შეხედონ იმას, რაც მოურჩენელი ჭრილობების მიზეზი გამხდარა, რამაც მთელი თაობები გაანადგურა, რამაც, შესაძლებელია, აიძულა იგივე არშილ გორკი თვითმკვლელობით დაემთავრებინა სიცოცხლე, - შეხედონ ისტორიას, როგორც კინოს.
არ არის შემთხვევითი, ალბათ, რომ სომეხი კინორეჟისორის როლს ფილმში შარლ აზნავური ასრულებს. იგი ერთგვარი ლეგენდაა, სიმბოლური ფიგურა, რომლითაც დღემდე მთელი სომხეთი ამაყობს; თითქოს აზნავურის ბიოგრაფია, მისი ტრიუმფი (90-ს რომ გადასცდა, მაინც ავსებდა უზარმაზარ დარბაზებს თავის კონცერტებზე) მთელი სომეხი ხალხის წარმატების გამოხატულება ყოფილიყო. მაგრამ ატომ ეგოიანის ფილმში მოულოდნელად ჩნდება ახალი თაობა, რომელმაც ეს სიმბოლო კი შეიყვარა, გაიაზრა, მაგრამ გადაწყვიტა თავად იზრუნოს საკუთარ ცხოვრებაზე, თავად “შეიქმნას ბიოგრაფია”. ახალი ცხოვრების დაწყება წარსულის დავიწყებას არ ნიშნავს, მაგრამ განვითარება თუ გინდა, წარსულისგან გამიჯვნის უნარიც უნდა გქონდეს. ისიც უნდა შეძლო, რომ წარსულს შეხედო, როგორც კინოს, როგორც ჰოლივუდის ისტორიულ ბლოკბასტერს!
ეგ ისტორიული ფილმიც ხომ, ბოლოს და ბოლოს, დასრულდება? გამოხვალ კინოდარბაზიდან და გააგრძელებ ცხოვრებას.