Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყალების კომისია - პრეზიდენტთან თუ იუსტიციის სამინისტროსთან?


პრეზიდენტის შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას გეგმავს. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ ინიციატივის შესახებ, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა და ის მიზეზებიც ჩამოთვალა, რის გამოც ის თვლის, მსჯავრდებულთა შეწყალების კომისიის მუშაობა იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ, უპრიანი იქნება და მეტიც, მისი თქმით, „შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას“.

საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ:

  • შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას.
  • იუსტიციის დაქვემდებარებაში გადასულ კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები.
  • კომისია განიხილავს იმ განცხადებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი დარჩება პრეზიდენტის პრეროგატივად.
  • გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები.

ეს არის ის ზოგადი განმარტებები, რომლის შესახებაც, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იმისათვის, რათა შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს დაექვემდებაროს, საჭირო გახდება საკანონმდებლო ცვლილებების მიღება.

საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე კი მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ 26 მარტს განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა. მისი თქმით, მუშავდება კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, კომისია იმუშავებს იუსტიციის სამინისტროს ქვეშ, თუმცა, პრეზიდენტის მსგავსად, არც მას დაუკონკრეტებია მეტი დეტალი.

საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე ლაპარაკობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც: „არ მაქვს პასუხი, მოესწრება თუ არა ეს ე.წ. სააღდგომო შეწყალებისთვის, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობს პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან“.

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ოთხი წლის განმავლობაში, 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა შეწყალების კომისიას. სწორედ 2014 წელს შეიცვალა შეწყალების გამოყენების წესებიც და მაშინ ითქვა, რომ დებულება უფრო ჰუმანური და სამართლიანი გახდა.

კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ზვიად ქორიძეს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის კონცეფციის თანახმად, შეწყალების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს, კომისიის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა, არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტთან მიდის, მომზადებული უნდა იყოს იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ერთის მხრივ, პრეზიდენტის ნდობით სარგებლობენ, და რომლებსაც მეორეს მხრივ, საჯარო ინსტიტუციების წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, აქვთ სხვადასხვა უფლება-მოსილება და ამასთანავე, საზოგადოებაში დადებითი რეპუტაციის სარგებლობენ: „სწორედ ეს იყო ის არგუმენტები, რომლითაც ხელმძღვანელობდა გიორგი მარგველაშვილი, როდესაც ის შეწყალების კომისიას ქმნიდა. შეწყალების კომისია, ეს არის პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანო და ამ კომისიის მეშვეობით, პრეზიდენტს აქვს უწყვეტი ინფორმაცია თუ რა ხდება პენიტენციურ სისტემაში, რა მდგომარეობაში არიან მსჯავრდებულები, რა პრობლემები აწუხებთ მათ და რატომ ითხოვენ ისინი შეწყალებას“.

გარდა ამისა, ზვიად ქორიძის თქმით, მაშინ, როდესაც პენიტენციური სისტემა მთლიანად ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს, შეწყალების კომისიის მათ საფარქვეშ გადასვლა, გარკვეულ რისკებს წარმოქმნის:

მთელი ინფრასტრუქტურა, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მსჯავრდებულებთან, არიან იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტროს დღეს აქვს ლეგიტიმაცია, რომ შექმნას პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია, ე.წ. უდოს კომისია. ამ დროს კი პრეზიდენტი ეუბნება იუსტიციის სამინისტროს, რომ შეიქმნას შეწყალების კომისია, ასევე იუსტიციის სამინისტროს ეგიდით. აქ არის ყველაზე დიდი კაზუსი, იუსტიციის სამინისტრომ როგორ უნდა გადაწყვიტოს, რომელი მსჯავრდებულის საქმე მიანდოს უდოს, და რომელი შეწყალების კომისიას. ეს აჩენს გარკვეულ რისკებს“.

ზვიად ქორიძისთვის მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური კონტექსტიც და ის, თუ რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლას:

„თუკი იუსტიციის სამინისტრო თვითნებურად შექმნის რაიმე კომისიას, ეს იქნება კანონის დარღვევა. ისევე, როგორც კონსტიტუციის დარღვევა იქნება ის, თუკი პრეზიდენტი ამ უფლებებს გადასცემს აღმასრულებელ ხელისუფლებას. თუკი პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შექმნას რაიმე კანონი შეწყალების მექანიზმთან დაკავშირებით, ესეც კონსტიტუციის დარღვევა იქნება, რადგან საქართველოს კონსტიტუციის ბოლო რედაქციაში წერია, რომ მსჯავრდებულებს შეიწყალებს საქართველოს პრეზიდენტი. არსად არის ნახსენები, რომ პრეზიდენტი, რაიმე სპეციალური კანონის საფუძველზე ან რაიმე სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტის საფუძველზე შეიწყალებს მსჯავრდებულებს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ძალიან ბევრ თემაში ჩაეზიარა მთავრობა, პარლამენტი, მაგრამ შეწყალების მექანიზმში პრეზიდენტს არ ჰყავს ასეთი ჩამზიარებელი. გამოდის, რომ საჭირო გახდება საკონსტიტუციო ცვლილებაც“.

2014 წელს მიღებული პრეზიდენტის ბრძანებულების - „შეწყალების წესის დამტკიცების“ თანახმად, შეწყალების კომისიაში შედიან საქართველოს სახალხო დამცველი და სხვა წევრები. კომისიის თავმჯდომარე განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

კომისია განიხილავს შეწყალების საქმეს იმ პირების მიმართ, რომელიც:

  • მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე;
  • იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს გარდა სხვა სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
  • იმ სასჯელმოხდილი პირის მიმართ, რომელსაც არა აქვს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა.

კომისიის რეკომენდაციას შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

2014 წლის იანვრიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტმა 3804 მსჯავრდებული შეიწყალა.

შეწყალების ბოლო კომისიის წევრები იყვნენ:

ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი, კომისიის თავმჯდომარე; ლია მუხაშავრია – იურისტი, უფლებადამცველი; ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი; ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი – მწერალი, დრამატურგი; რევაზ კიკნაძე – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; კონსტანტინე ჯანდიერი – მწერალი; გივი შაჰნაზარი – მწერალი; თეოდორე (ჭუაძე) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი; ნინო კიკნაძე – იურისტი; არინა თავაქარაშვილი – პედაგოგი.

თუკი კომისიის წევრების პროფესიებზე გავამახვილებთ ყურადღებას, უნდა გავიხსენოთ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განხადება, რომ კომისიის წევრებად „საჭირო იქნება არა მწერლები და მხატვრები, არამედ სოცმუშაკები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და სხვა“.

საუბარი იმაზე, რომ შეწყალების კომისიის წევრი შესაძლოა გამხდარიყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელიც, გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო.

შეწყალების მექანიზმის დახვეწისა და კომისიის მუშაობაში ცვლილებების საჭიროებაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ გასულ წელს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, ოჯახური ძალადობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი და მას პრეზიდენტის შეწყალებით სასჯელი გაუნახევრდა. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ, ე.წ უდოს კომისიამ, ვეფხია ბაქრაძეს გათავისუფლებაზე უარი ექვსჯერ უთხრა.

XS
SM
MD
LG