Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შეყვარებული გაიჩინე და დაიკიდე" - უფასო ფსიქიკური ჯანდაცვა საქართველოში


წარმოიდგინეთ: საკუთარ თავს მოერიეთ, დაძლიეთ სტერეოტიპებიც და ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მისვლა გადაწყვიტეთ.

მყისვე ეჯახებით რეალობას: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურების ხარისხი ხშირად ძალიან დაბალია. ხოლო თუ კერძო ცენტრებს ან სპეციალისტებს მიმართავთ, მკურნალობა მთლიანად საკუთარი სახსრებით მოგიწევთ - საქართველოში არც ერთი კერძო დაზღვევა არ დაგიფარავთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დახარჯულ ერთ თეთრსაც კი.

არადა, კვლევების თანახმად, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, პანდემიის დაწყების შემდეგ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მენტალური ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისზე ალაპარაკდა.

ფსიქიატრის კაბინეტში

2019 წლის სექტემბერში, ხანგრძლივი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, ქეთიმ გადაწყვიტა ფსიქიატრისთვის მიემართა. ის “ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე ინტერვენციის” სახელმწიფო პროგრამას დაუკავშირდა, სადაც ფსიქიატრთან კონსულტაციაზე “საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში” ჩაწერეს.

ქეთის თქმით, დისკომფორტი პირველივე ზარის დროს იგრძნო.

“როდესაც ადამიანს რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს, უნდა, რომ ცხადი მოლოდინი ჰქონდეს, ან დაახლოებით მაინც იცოდეს, რა ელოდება. ეს ზარისგან ვერ შევიქმენი, კითხვებზე პასუხი ვერ გამცეს და მხოლოდ ჩამწერეს. ანუ, როგორ უნდა მოვმზადებულიყავი ან, თუნდაც, იქ რა მელოდება ადგილზე, ვის დაველაპარაკებოდი, ეგეც გაუგებარი იყო”.

ფსიქიატრის კაბინეტში ქეთის ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს გამოცდაზე მივიდა. - “ასე მითხრა, ჩამომიწერე გონებაში ყველა პრობლემა, რაც გაწუხებს, და ერთიანად მითხარიო”. პრობლემებზე საუბარი “კარნახის რეჟიმში” გაგრძელდა - ქეთი ლაპარაკობდა, ფსიქიატრი კი კლავიატურაზე კრეფდა.

ფსიქიატრთან ვიზიტამდე საკუთარ პრობლემებზე ფიქრში დიდი დრო გაატარა და ბევრი ინფორმაციაც მოიძია. უნდოდა ეჭვები და აზრები ექიმისთვის გაეზიარებინა. თუმცა ფსიქიატრმა არ მოუსმინა.

“ამაზე ღიად დამცინა და შემდეგ, როდესაც კონსულტაციის ბოლოს ფსიქოლოგიც შეიპატიჟა, ჩემი ნებართვის გარეშე იმასაც გაუზიარა ჩემი ვარაუდი დიაგნოზის, რომელიც შემდეგ სიმართლე აღმოჩნდა, და თავის კოლეგასთან ერთად კიდევ ერთხელ დამცინა”.

ყველაფრისდა მიუხედავად, ქეთიმ ძალა მოიკრიბა და ფსიქიატრთან მეორედ მივიდა.

“წინა ვიზიტზე მითხრა, რომ ფსიქოლოგთან ვივლიდი, მასთანაც კიდევ ვივლიდი და ნელ-ნელა გადავწყვეტდით პრობლემებს, მაგრამ მეორე მოსვლაზე მითხრა, რომ დღეიდან უნდა მივიღო მედიკამენტები, რომელსაც ახლა დამიწერს”.

ქეთიმ წამლებზე უარი თქვა. იხსენებს, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ცუდად იყო, მაგრამ სპეციალისტთან მისვლა აღარ უცდია - კიდევ უფრო შეიბოჭა.

სახელმწიფო სექტორი: დახარჯული მილიონები, მოუგვარებელი პრობლემები

უფასო ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაზე საუბრისას მკვლევრები და სპეციალისტები თანხმდებიან ერთ რამეზე: სისტემა არაჰუმანურია, სახელმწიფო კი ხარჯავს არასაკმარის ფულს და რასაც ხარჯავს, იმასაც არასწორად ანაწილებს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ დამფუძნებელი და ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი გიორგი გოცაძე ამბობს, რომ სახელმწიფო დაფინანსების სისტემა მანკიერია და ვერ პასუხობს ბენეფიციარების საჭიროებებს.

ყოველთვიური ბიუჯეტი 2 268 110 ლარს შეადგენს
ყოველთვიური ბიუჯეტი 2 268 110 ლარს შეადგენს

დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება და გამოყოფილი თანხის ნახევარზე მეტი სტაციონარულ მომსახურებაზე იხარჯება. სტაციონარში ქრონიკული ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებს მკურნალობენ. სახალხო დამცველის უკანასკნელი ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ეს ხშირად უმძიმეს პირობებში ხდება, პაციენტებს კი არაადამიანურად ეპყრობიან.

“ფსიქიატრიული საავადმყოფოები ჩაკეტილი ტიპისაა და იზოლირებული. თუმცა ქრონიკული პაციენტების დიდი ნაწილი შესაძლებელია რომ შევინარჩუნოთ თემში” - ამბობს გიორგი გოცაძე და ამატებს, რომ ქვეყანა ვერ პასუხობს სფეროს მთავარ გამოწვევას - დეინსტიტუციონალიზაციას.

ამ მიდგომის თანახმად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანის საზოგადოებისგან იზოლირება საჭირო არ გახდეს. თუ ის საფრთხეს არ უქმნის საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს, უნდა შეექმნას შესაბამისი პირობები, რათა სოციუმში ფუნქციონირება მოახერხოს. დეინსტიტუციონალიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და ქართულის სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებაა.

2021 წლის დასაწყისში “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დარგში სხვა სისტემური პრობლემებიც მოუგვარებელი რჩება: პერსონალის სიმწირე და კვალიფიკაცია, საცხოვრებელი პირობები, წამლების დაბალი ხარისხი, მომსახურების ხარისხი და მოცულობა, სათემო სერვისების განუვითარებლობა.

2015 წელს “სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ” ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული სამუშაო პირობები და გარემო გამოიკვლია. კვლევაში ჩართული იყო 19 ორგანიზაცია და, როგორც გაირკვა, მათმა 42 %-მა ვერ დაადასტურა, რომ პერსონალს პროფესიული ზრდის მექანიზმებს სთავაზობს.

კვლევის ავტორი, ფსიქიატრი ია შეყრილაძე გვეუბნება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მუდმივად შემოდის სიახლეები და ამიტომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პერსონალს მათზე წვდომა ჰქონდეს.

“ასევე მნიშვნელოვანია სუპერვიზიის [ზედამხედველობის] სფერო არსებობდეს. სპეციალისტს, რომელიც გაიჭედა, როგორ დაეხმაროს პაციენტს, ან რთულ შემთხვევასთან აქვს საქმე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უფრო გამოცდილ კოლეგასთან გაიაროს კონსულტაცია. პროფესიული ზედამხედველობა დაეხმარება დააზუსტოს, რომ მისი მიდგომები, თერაპიული მიზნები სწორია და, ზოგადად, სწორი გეზი აქვს აღებული”, - აცხადებს ფსიქიატრი.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია საკუთარი ჯიბიდან

პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის მხოლოდ მედიკამენტების ამარა არ დატოვონ. აუცილებელია ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, რომელშიც ჩართული უნდა იყვნენ სოცმუშაკები, ფსიქოლოგები და სხვა სპეციალისტები. რეაბილიტაციის მიზანია, დაეხმაროს ადამიანს აღიდგინოს ის უნარები, რომელიც ფუნქციონირებისა და სოციუმთან ურთიერთობისთვის ესაჭიროება. ამ ყველაფერზე სახელმწიფო გამოყოფილი თანხის 1%-საც კი არ ხარჯავს.

შედეგად, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს სახელმწიფო იშვიათად სთავაზობს ფსიქოლოგისა და სოცმუშაკის მომსახურებას. კვლევების თანახმად, სპეციალისტები ცოტანი არიან. ძალიან დაბალია მათი შემოსავალი, ხშირ შემთხვევებში კი -კვალიფიკაციაც.

გიორგი გოცაძე ამბობს, რომ, თუ გინდა საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას მიხედო და მედიკამენტები არ გჭირდება, მოგიწევს მკურნალობის ფული საკუთარი ჯიბიდან გადაიხადო - საქართველოში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გაწეული ხარჯები არც ერთი კერძო სადაზღვევო კომპანიის პაკეტში არ შედის.

რატომ? გიორგი გოცაძე გვიხსნის, რომ, კანონის თანახმად, კერძო დაზღვევები არ აფინანსებენ იმ სერვისებს, რომლებზეც საბიუჯეტო თანხა იხარჯება. სახელმწიფო კი მინიმალურად, მაგრამ მაინც აფინანსებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კომპონენტს, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგის მომსახურებას.

არის კიდევ ერთი მიზეზი.

“ფსიქოთერაპია, ჩვენი კანონმდებლობით, სამწუხაროდ, ხვდება ჯანდაცვის სისტემის მიღმა, ძალიან წვრილი დეტალების გამო: ფსიქოთერაპევტი არ არის რეგულირებადი პროფესია, რომელსაც სახელმწიფომ ნებართვა უნდა მიანიჭოს, იგი არ არის აღიარებული სამედიცინო პროფესიონალთა ჩამონათვალში და მას წამლის დანიშვნის უფლება არ აქვს. ამ დროს სერიოზულად მკურნალობს და სერიოზულ დახმარებას უწევს პაციენტს - ხანდახან იმაზე მეტს, ვიდრე წამლიანი ფსიქიატრი”.

მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გამოიყენოს მათ მიერ დაგროვილი გამოცდილება.

თანამშრომლობის მაგალითები უკვე არსებობს.

2020 წლის აპრილში, პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური კრიზისის საპასუხოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან თანამშრომლობით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ნდობამ” უფასო ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი აამოქმედა. “ნდობის” დამფუძნებელი ნანა აღაპიშვილი გვეუბნება, რომ ადამიანებს პანდემიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიან, ეხმარებიან “ფსიქოლოგიური რესურსების მოძიებაში” და, როცა საჭიროა, ურჩევენ სპეციალისტს მიმართონ.

“გადამისამართების დროს უკვე ის საკითხი დგება, რომ, აი, სად გადავამისამართო? სად გადავამისამართო ადამიანი, მაშინ როდესაც ვიცით ჩვენი მოსახლეობის ჯიბე და შესაძლებლობები? ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში ვერ გადავამისამართებთ... იმიტომ რომ იქ არც არსებობს ასეთი კრიზისული სიტუაციებით გამოწვეული სტრესული მდომარეობების მართვის ცოდნა. იქ წამყვანი მკურნალობა არის მედიკაცია და აქ ხშირად მედიკაცია არ არის საჭირო დასაწყის ეტაპზე, იმიტომ რომ რაღაც სიმპტომების დათრგუნვას გამოიწვევს”, - ამბობს ნანა აღაპიშვილი.

დაბალი კვალიფიკაცია და... სექსიზმი

ქეთიმ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე უკვე 600 ლარამდე დახარჯა.

მისი თქმით, ფსიქოთერაპიამ ნაწილობრივ უშველა, თუმცა უკვე წელიწადი და ათი თვეა, ვერ იპოვა სპეციალისტი, რომელიც მოუსმენს და რომელთანაც კომფორტულად იგრძნობს თავს. ტრავმული გამოცდილებები კი ყოველ ჯერზე დიდი დაბრკოლებაა საიმისოდ, რომ კვლავ სცადოს ვინმესთან ბრმად მისვლა. ახლა რჩევებს “ფეისბუკის” დახურულ ჯგუფებში ეძებს.

ქეთი ჰყვება, რომ უკვე აღარ უკვირს, როდესაც აწყდება ფსიქიატრების დაბალ პროფესიულ კვალიფიკაციას და… სექსიზმს.

"შეყვარებული გაიჩინე და დაიკიდე" - ქეთიმ ზუსტად ვერ გაიხსენა, თუ რა პრობლემაზე საუბრისას მოისმინა ფსიქიატრისგან ეს სიტყვები, თუმცა ამბობს, რომ აგდებულ დამოკიდებულებას მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ადამიანებთან არ გადააწყდა.

მაგალითად, ტკიპა მყავდა იმ წელს, როდესაც 17 ადამიანი გარდაიცვალა ტკიპის გამო. სასწრაფოს ექიმმა მითხრა, რომ ტკიპაზე ნერვიულობის ნაცვლად შეყვარებულის გაჩენაზე უნდა ვინერვიულო. ან ავარიის შემდეგ პოსტტრავმული ქრონიკული ტკივილი მაქვს ყოველდღე 2 წლის განმავლობაში და ამაზეც ტრავმატოლოგებს არაერთხელ უთქვამთ, რომ შეყვარებული რო მყავდეს და არ დავდიოდე სასეირნოდ მთაში, არ მექნებოდა პრობლემა. ალბათ, ქალების უმეტესობა საქართველოში ექიმებისგან ისმენს, რომ შეყვარებული უნდა გაიჩინოს და არა ფიზიკურ ან მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს”, - ამბობს ქეთი.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG