Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეფასებები მოსკოვიდან: რუსეთის  „მართვადი ვარდნა“ კავკასიაში თუ?..  


მთიანი ყარაბაღის 6-კვირიანი ომის მოულოდნელმა დასასრულმა დიდი თავსატეხი გაუჩინა სამხედრო ექსპერტებსა და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტებს თვითონ რუსეთშიც. დაბნეულობას იწვევს რუსეთის პასიური როლი ომში, რომელიც მისი სტრატეგიული პარტნიორის კაპიტულაციით დასრულდა. რა იყო ეს - რუსეთის შურისძიება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე, თუ რუსეთის რეგიონალური პოლიტიკის კრახი და „მართვადი ვარდნა“?

რუსულ მედიაში შექმნილია ცხადი, მკაფიო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ომის გამარჯვებული აზერბაიჯანი და თურქეთი არიან და რომ ეს გამარჯვება ოფიციალურად გაფორმდა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების 9 ნოემბრის განცხადებით. რაც შეეხება სომხეთს, როგორც „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომელი, ცნობილი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი წერს, სომხეთმა, როგორც დამარცხებულმა მხარემ, ისე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას.

9 ნოემბერს შემდგარი სამმხრივი ვიდეოკავშირით ვლადიმირ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა საზავო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აზერბაიჯანმა შეინარჩუნა კონტროლი ქალაქ შუშაზე, უაღრესად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტზე ყარაბაღის მთიანი რესპუბლიკის დედაქალაქის მახლობლად. ამავე ხელშეკრულებით, ბაქოს უბრუნდება ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები, თვინიერ 5 კმ-იანი ლაჩინის დერეფნისა, რომელიც აკავშირებს სომხეთს სტეფანაკერტთან. ეს რაიონები შედიოდა აზერბაიჯანის მთანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში, მაგრამ 1991-1994 წლების ომის დროს სომხეთმა ამ რაიონების ოკუპაცია მოახდინა.

ამასთან, აზერბაიჯანს ეძლევა სახმელეთო დერეფანი ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქთან დასაკავშირებლად: დერეფანი გაივლის სომხეთის ტერიტორიაზე და მას რუსეთის სამშვიდობო ძალები გააკონტროლებენ.

რუსეთის სამშვიდობო ძალები (1960 სამხედრო) ჩადგებიან დაპირისპირებული მხარეების გამყოფი ხაზის გასწვრივ და სომხეთ - მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დაბრუნდებიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც საცხოვრებელი ადგილები გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვეს.

პაველ ფელგენჰაუერი
პაველ ფელგენჰაუერი

„რა თქმა უნდა, ეს, უდავოდ, სომხეთის კაპიტულაციაა, თუმცა ღირსეული პირობებით“, - ამბობს პაველ ფელგენჰაუერი და იქვე განმარტავს, თუ რატომ არის ღირსეული:9 ნოემბერს შემდგარი სამმხრივი ვიდეოკავშირით ვლადიმირ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა საზავო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

„სომხეთის ჯარმა, მართალია, შეკუმშულ ვადებში უნდა დატოვოს როგორც მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, ასევე უსაფრთხოების სარტყელი მის გარშემო, მაგრამ მას რჩება შეიარაღება და დროშები. 15 ნოემბერს უნდა გავიდნენ ქელბაჯარიდან, 20 ნოემბერს - აღდამიდან და გაზახიდან, 1 დეკემბერს - ლაჩინის რაიონიდან, მაგრამ თვითონ ქალაქი და ნახიჩევანთან დამაკავშირებელი გზატკეცილი დარჩება რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშ, ვიდრე არ აშენდება (სავარაუდოდ, 3 წელიწადში) ახალი ტრასა, რომელიც გვერდს აუქცევს ლაჩინს და ისე დააკავშირებს სომხეთს სტეფანაკერტთან. ამ ახალ გზას გააკონტროლებენ სამშვიდობო ძალები, ხოლო ძველი ლაჩინი გადავა ბაქოს კონტროლის ქვეშ. სომხეთის გენშტაბმა და მთიანი ყარაბაღის მთავრობამ მხარი დაუჭირეს საზავო ხელშეკრულებას, როგორც ტოტალური კატასტროფის თავიდან აცილების ერთადერთ გზას“, - ამბობს რუსი სამხედრო ექსპერტი, რომელიც ბევრად სიტყვაძუნწია რუსეთის როლზე საუბრისას და უჭირს გამოკვეთოს სარგებელი, რომელიც შეიძლებოდა მიეღო რუსეთს 9 ნოემბრის ხელშეკრულების გაფორმებიდან. ასეთად მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება ესახება.

„რუსეთს სამშვიდობო ჯარების შეყვანის მცდელობა ჯერ კიდევ 1994 წელს ჰქონდა. მაშინ არ გამოვიდა, მაგრამ გამოვიდა ახლა... სომხეთი ვალდებულია გახსნას დერეფანი ნახიჩევანსა და აზერბაიჯანს შორის, ამ დერეფანს კი რუსეთის მესაზღვრეები გააკონტროლებენ. წარმატებული სამშვიდობო ოპერაცია უთუოდ გააძლიერებს რეგიონში რუსეთის გავლენას“, - ამბობს რუსი ექსპერტი, რომელიც ასევე ვარაუდობს, რომ „სომხეთი დასუსტდება მარცხით, აზერბაიჯანი კი გამარჯვებითა და ყარაბაღის ტერიტორიის დასახლების გრანდიოზული ოპერაციით“.

თუმცა რამდენად პროპორციულია რუსეთის სამშვიდობო როლი რუსეთისავე ამბიციებთან?

„რუსეთი დასჯერდა სამშვიდობო როლს, რაც დამატებით ტვირთად დააწვება როგორც ქვეყნის ბიუჯეტს, ასევე მის შეიარაღებულ ძალებს. რასაკვირველია, ეს განსაზღვრავს რუსეთის გარკვეულ ადგილს რეგიონალურ პოლიტიკაში, მაგრამ დედამიწის ამ ნაწილში რუსეთს ისედაც უნდა ჰქონოდა დომინირებადი როლი. განა ასე არ არის? როცა პოზიციების შესანარჩუნებლად მკვეთრად გიწევს დამატებითი ვალდებულებების აღება, ეს არ გამოიყურება მიღწევად, ეს უფრო მცდელობაა არ დაუშვა პოზიციების შესუსტება“, - ამბობს ცნობილი ბრიტანელი პოლიტოლოგი მარკ გალეოტი, რომელიც ანალიტიკურ სტატიას „მოსკოუ ტაიმსში“ ბეჭდავს. სწორედ ამ სტატიის ავტორი ადარებს რუსეთის ქცევას კავკასიაში „მართვად (კონტროლირებად) დაცემას“.

მარკ გალეოტი
მარკ გალეოტი

„გამოჩნდებიან თუ არა თურქი ოფიცრები სამშვიდობო მისიის ცენტრში, ამას, არსებითად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს იმას, რაც უკვე შექმნილია ცენტრალურ აზიაში, სადაც ფორმალურად მოსკოვი კვლავ ითვლება ჰეგემონად, მაგრამ საქმით პოზიციები გამყარებული აქვს ჩინეთს თავისი მძლავრი ეკონომიკის წყალობით. ასევე სამხრეთ კავკასიაში: მოსკოვს უწევს შეეგუოს ახალი მოთამაშეების გამოჩენას თავის ე.წ. უკანა ეზოში - იქ, სადაც მის დომინანტურ როლში სულ ცოტა ხნის წინ ეჭვი არავის ეპარებოდა... სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მიერ რუსული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდებაზე მოსკოვის რეაქციაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი კარგავს იმპერიული ამბიციების შენარჩუნებისთვის საჭირო ნებასა და უნარებს. ასე არ იქცევა არც ძლიერი სახელმწიფო და არც თავდაჯერებული ჰეგემონი. ეს მართვადი ვარდნაა. რუსეთი, რომელსაც რეგიონალურ დონეზე აქვს ძლიერი პოტენციალი, მაგრამ სუსტი ნება, ცდილობს შექმნილი ვითარებიდან გამოწუროს მაქსიმალური სარგებელი მოკავშირეების იმედგაცრუების ფონზე და ოპონენტებისათვის საკადრისი პასუხის გაცემის გარეშე“, - ვკითხულობთ სტატიაში, რომლის სათაურია „რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში სუსტდება“.

ელექტრონული გამოცემა snob.ru კი ღიად წერს რუსეთის მარცხზე ყარაბაღის ექვსკვირიან ომში.

„პუტინმა, ლავროვმა და შოიგუმ წააგეს ომი მთიან ყარაბაღში და ამით მოსკოვმა საბოლოოდ დაკარგა გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე“, - ასე ფიქრობს ცნობილი რუსი ანალიტიკოსი, ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის (BBC) რუსული სამსახურის მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი კონსტანტინ ეგერტი, რომელიც ასევე განიხილავს ვერსიას შეთქმულების თაობაზე, რომელიც თითქოსდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მოუწყო ვლადიმირ პუტინმა.

„სოცქსელებში პოპულარულია ვერსია, რომ პუტინი შეუთანხმდა ალიევს, რათა შური ეძია ნიკოლ ფაშინიანზე „მოსკოვის კლიენტის“, სერჟ სარგსიანის, დამხობისათვის... ასეც რომ იყოს, მოსკოვი მაინც ცუდად გამოიყურება. გამოდის, რომ პუტინმა პირადი შურისძიების მიზნით ნოკაუტში ჩააგდო მთავარი მოკავშირე და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა. მომხდარი სამარცხვინოა კრემლის ნეოიმპერიალური ლოგიკითაც, რომლის მიხედვით, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე „მისი პრივილეგირებული ინტერესების“ სფეროა, რაზეც ელეგანტურად ისაუბრა დიმიტრი მედვედევმა 2008 წელს, როცა ხელში ჩაიგდო აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი“, - ამბობს კონსტანტინ ეგერტი, რომლის თქმითაც, იმის მიხედვით, რაც ახლა კავკასიაში ხდება, ნებისმიერი დაინტერესებული მოთამაშე - პირველ რიგში, თურქეთი და ჩინეთი - დაასკვნის, რომ ამ ზონაში უკვე შეიძლება ბრძოლა და ომების მოგება მოსკოვის სანქციის გარეშე და რომ რუსეთთან კავშირი ვერ იძლევა ვერანაირ გარანტიას.

კონსტანტინ ეგერტი
კონსტანტინ ეგერტი

და კიდევ, კონსტანტინ ეგერტი იმასაც შენიშნავს, რომ რუსეთის მიერ გაწვრთნილმა და აღჭურვილმა სომხეთის არმიამ სასტიკი დამარცხება იწვნია აზერბაიჯანის სამხედრო ძალებისგან, რომლებიც თურქეთისა და ისრაელის მიერ იყო მომზადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ XX საუკუნის არმია დაამარცხა XXI საუკუნის არმიამ.

„კრემლის გეოპოლიტიკურმა თამაშებმა შექმნა ვითარება, რომ ერდოანის თურქეთი თავისი ავტორიტარული რეჟიმით და გლობალური ამბიციებით სერიოზულად და დიდი ხნით მივიდა კავკასიაში, რომელსაც მოსკოვი 10 ნოემბრამდე თავის, რუსულ, ეზოდ მიიჩნევდა“, - წერს კონსტანტინ ეგერტი.

რუსეთის შესაძლებლობების სიმწირეზე მიუთითებს სამხედრო ექსპერტი იური ლიამინი, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ რუსული სამხედრო ვერტმფრენის ჩემოგდებასა და რუსეთის რეაქციაზე ამბობს:

„რუსული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდებისა და მფრინავების დაღუპვის ფაქტი უკიდურესად უსიამოვნოა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა რომ ცუდი ყოფილიყო, ეს ფაქტი აუცილებლად იქცეოდა ვითარების გამწვავების საფუძვლად. თუ ურთიერთობა ნეიტრალური ან კარგია, მაშინ ინციდენტი კომპენსაციის გადახდით ამოიწურება. როგორც ჩანს, ამ მოცემულ მომენტში რუსეთი მზად არის სწორედ ამ გზით ამოწუროს ინციდენტი აზერბაიჯანთან“.

ელექტრონულ გამოცემა „მოსკოუ ტაიმსში“ რუსეთის მწირ არჩევანსა და შესაძლებლობებზე ასევე საყურადღებო მოსაზრება გამოთქვა ფიოდორ ლუკიანოვმა, რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, რომლის თქმითაც, აზერბაიჯანი რომ მარტო ყოფილიყო, რუსეთს მასზე ზემოქმედების ბევრად ძლიერი ბერკეტი ექნებოდა:

„მაგრამ რადგანაც ცხადია, რომ ყველაფერი იგეგმებოდა თურქეთთან ერთად და თურქეთი ამ კონფლიქტის ფაქტობრივი მხარეა, რასაც არავინ მალავს, ვერ ვხედავ ვარიანტებს, როგორ შეეძლო რუსეთს ყოველივე ამის შეჩერება. როცა საუბარია მსხვილი, ამბიციური სახელმწიფოების ლიდერებზე, დიპლომატიის შესაძლებლობები ყოველთვის შეზღუდულია. ასე თუ ისე, კონფლიქტის შეწყვეტა რუსეთისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია“.

ფიოდორ ლუკიანოვი
ფიოდორ ლუკიანოვი

როგორ იმოქმედებს ომის შედეგები სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობაზე?

ამ კითხვის პასუხად ნიკოლაი პეტროვი, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ-გეოგრაფიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ სომხეთს არჩევანი არ აქვს:

„რაც უფრო მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, მით უფრო კარგია მისთვის. ესაა ერთადერთი შანსი არსებობისა და დამოუკიდებელი განვითარების შენარჩუნებისთვის. სომხეთს არ აქვს გასასვლელი არამტრულად განწყობილ ქვეყნებზე. ამ თვალსაზრისით რუსეთი, ისეთიც კი, როგორიც არის, მისთვის ფასეულია. ცხადია, რუსეთმა ბევრი დაკარგა სომხების თვალში - ის, რასაც ახლა კარგავს ბელარუსელების და რაც უკვე დავკარგეთ უკრაინელების თვალში: ჩვენ გავანიავეთ ყველა სახის რბილი ძალა. ახლა გვიწევს ვაღიაროთ, რომ თურქეთი კავკასიაში თამაშობს თავის თამაშს და რომ რუსეთი ვერ კარნახობს, როგორ გადაიჭრას კონფლიქტები და პრობლემები“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG