რუსეთი რაკეტებითა და ირანული დრონებით მიზანმიმართულად ანადგურებს სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურას უკრაინაში, რასაც საერთაშორისო პარტნიორებმა "ომის დანაშაული" უწოდეს. უკრაინა ცდილობს, მაგრამ ყველაფრის აღდგენა სწრაფად ვერ ხერხდება და უკრაინის მოქალაქეებს ელექტროენერგიის დაზოგვა უკვე ახლა, ოქტომბერში უწევთ. რუსეთის სამხედრო აგრესია კი გრძელდება.
"თქვენი დღე ამ ინფორმაციის მიხედვით დაგეგმეთ"
იქნება ეს დეპუტატი, მინისტრი თუ თავად პრეზიდენტი - ხელისუფლების წარმომადგენლებს ოქტომბერში სულ უფრო ხშირად უწევთ მიმართონ ხალხს - დაზოგონ ელექტროენერგია, რათა უკრაინის ენერგოსისტემამ გამოწვევას გაუძლოს და არ ჩამოიშალოს.
„ყველა ქალაქსა და რაიონზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი სახელმწიფოს ენერგეტიკული სტაბილურობა. გთხოვთ, შეზღუდეთ იმ მოწყობილობების მოხმარება, რომლებიც ბევრ ელექტროენერგიას საჭიროებენ, განსაკუთრებით - მოხმარების პიკის საათებში, დილით და საღამოს. ყურადღება მიაქციეთ ადგილობრივი ხელისუფლებებისა და ენერგეტიკული კომპანიების ცნობებს, თუ როდის უწევს თქვენს ქუჩასა და რაიონს სტაბილიზაციის მიზნით გათიშვა. თქვენი დღე ამ ინფორმაციის მიხედვით დაგეგმეთ. ჩვენ ახლა ერთად ვუჩვენებთ, რომ უკრაინელების ცხოვრებას ვერ გატეხენ“, - დაწერა 2 დღის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის ფეისბუკგვერდზე.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ გამარჯვებამდე, „გასავლელია ეს ზამთარი, რომელიც იქნება ყველაზე რთული ჩვენს ისტორიაში“.
10-11 ოქტომბრის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მიზანმიმართული სარაკეტო იერიში წამოიწყო, ვითარება მნიშვნელოვნად დამძიმებულია. 18 ოქტომბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაზიანებული იყო ელექტროსადგურების 30%, თუმცა მას შემდეგ გავრცელდა კიდევ არაერთი ცნობა ენერგოობიექტებზე დარტყმის შესახებ.
თავს იჩენს პრობლემების ჯაჭვი
მილიონობით უკრაინელი, ბოლო კვირებში, შუქისა და წყლის გარეშე დარჩა. ენერგეტიკოსები ცდილობენ, სწრაფად აღმოფხვრან დაზიანება და განაახლონ ელექტროენერგიის მიწოდება, მაგრამ ეს დროს მოითხოვს და ზოგჯერ - საერთოდ შეუძლებელია. ელექტროენერგიის დეფიციტი, თავის მხრივ, წყლის საქაჩი სისტემების გაჩერებასაც იწვევს.
ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, გამოწვევების ჩამონათვალს უკვე გათბობაც ემატება. უკრაინის მოსახლეობა, ძირითადად ცენტრალური საქვაბეების მომსახურებით სარგებლობს, ხოლო თბოელექტროსადგურების გარდა, როგორც იუწყებიან, განადგურებულია თბოელექტროცენტრალებიც.
თბოელექტროცენტრალების მუშაობის გაჩერება, სპეციალისტების შეფასებით, სისტემურ პრობლემებსაც გამოიწვევს. მინუს 15-20 გრადუსის პირობებში, წყალმა შესაძლოა მილებიც გახეთქოს და სისტემის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.
„უკრენერგოს“ სამმართველოს ხელმძღვანელი ვოლოდიმირ კუდრიცკი მოქალაქეებს უხსნის, რომ ელექტროენერგიის დაზოგვით ისინი უერთდებიან საერთო ბრძოლას ქვეყნის გამარჯვებისთვის და შემდეგ ყველა „ეკონომიურ მომხმარებელს“ შეუძლია თავისუფლად თქვას - „მე ეს გავაკეთე!“
„უკრენერგომ“ გრაფიკი დააწესა და ურჩევს უკრაინელებს, რომ პიკის საათებში (დილას და საღამოს) თავი აარიდონ, მაგალითად, სარეცხი მანქანების გამოყენებას. უწყებას სიცივესთან გასამკლავებელი რჩევების მიცემაც უწევს:
- შეამოწმონ კარ-ფანჯრები და სპეციალური მასალებით ამოქოლონ არსებული ღარები. ასევე მოიქცნენ სადარბაზოებში, სამეზობლოს ერთობლივი ძალისხმევით;
- სახლებში რადიატორებს მოხსნან დეკორატიული ჩარჩოები და არ დაფარონ ისინი ავეჯით - გაათბონ სახლი და არა, მაგალითად - კარადის ზურგი;
- რადიატორების მდგომარეობა შეამოწმებინონ სპეციალისტს - ეკონომიური მოხმარებისთვის საჭიროა ჰაერის გამოშვება;
- იატაკის გასათბობად დააგონ ხალიჩები.
იმის გამო, რომ რუსი სამხედროები არ წყვეტენ საჰაერო იერიშებს და ენერგოობიექტების განადგურებით კვლავ იმუქრებიან, ექსპერტები მოელიან, რომ უკრაინაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.
„როიტერსი“ Naftogaz-ის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქვეყანას აქვს გაზის მნიშვნელოვანი მარაგები, მაგრამ მაინც დასჭირდება შევსება, ელექტროენერგიის სექტორში არსებული პრობლემების გათვალისწინებით.
ზამთარი ცივი იქნება?
გათბობის ცენტრალური სისტემის ჩართვა უკრაინაში ხდება მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა +8 გრადუსს გაუტოლდება, კლების ტენდენციით. ეს პერიოდი, როგორც წესი, ოქტომბრის ბოლო დეკადას ემთხვევა უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებში; ხოლო სხვა რეგიონებში - ნოემბერში უწევს.
უკრაინის ჰიდრომეტცენტრის ცნობები გარკვეულწილად დამაიმედებელი აღმოჩნდა უკრაინელებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ, საერთო სურათით, მაინც ცივი ზამთარია მოსალოდნელი.
სპეციალისტებმა პროგნოზი ახალი მეთოდით, 1991-2020 წლების მაჩვენებლებზე დაყრდნობით გამოთვალეს და დაადგინეს, რომ:
- ზამთრის სეზონის (დეკემბერი-თებერვალი) საშუალო ტემპერატურა იქნება 1-2 გრადუსით მეტი ნორმაზე;
- „ძალიან დაბალია“ ძალიან ცივი ამინდის (მინუს 20-30 გრადუსი) ხანგრძლივად გაგრძელების ალბათობა;
- ტემპერატურის მნიშვნელოვანი ვარდნის პერიოდები მოსალოდნელია 1-5 დღის ხანგრძლივობით - ღამით მინუს 15-20 გრადუსამდე, ხოლო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მინუს 26 გრადუსამდე.
გენერატორები, პლედები, სანთლები
კრიტიკული ინფრასტრუქტურის უწყვეტი მუშაობისთვის დასავლეთის ქვეყნები უკრაინას, უკვე თვეებია, აწვდიან ელექტროგენერატორებს. როგორც ირკვევა, დიდმა ბრიტანეთმა თადარიგი ამ მხრივ უკვე გაზაფხულიდან დაიჭირა და კიევს 1000-მდე მძლავრი გენერატორი გადასცა. მაისში, როცა ლონდონიდან მორიგი პარტია (570 გენერატორი) გაუგზავნა, ბრიტანეთის მთავრობამ განმარტა, რომ ეს ჰუმანიტარული ტვირთი განკუთვნილი იყო საავადმყოფოებისთვის, თავშესაფრებისთვის, სატელეფონო ანძებისა და წყალსაქაჩი სისტემებისთვის.
საჯარო სივრცეში მრავალი ასეთი ინფორმაცია იძებნება. არის სახელმწიფოების, ცალკეული სტრუქტურების, კომპანიებისა თუ კერძო პირების ინიციატივები - დაეხმარონ უკრაინას ცივი ზამთრის გადატანაში.
მაგალითად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა U-LEAD-ის ფარგლებში, ბოლო პერიოდში უკრაინის 333 მუნიციპალიტეტში 2500 გენერატორი დაა 1000 ელექტროხერხი გაიგზავნა - გასათბობად საჭირო შეშის დასაჭრელად.
19 ოქტომბერს ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა გადაწყვეტილება 400- და 150-კილოვატიანი გენერატორების უკრაინისთვის გაგზავნის შესახებ, რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის ფონზე და ტვირთის მიწოდების სავარაუდო თარიღად 22 ოქტომბერი დასახელდა.
ირლანდიური მედია იუწყება სასწრაფო დახმარების ეროვნული სამსახურის, სამძებრო-სამაშველო სამსახურისა და მოხალისეთა ორგანიზაციის მიერ გაერთიანებულ ძალისხმევაზე, რომლის შედეგადაც უკრაინის საავადმყოფოებს გადაეცათ - გენერატორები, პლედები და საძილე ტომრები პაციენტებისთვის. მათ შორის, ლაპარაკია უკრაინის ორი ფსიქიატრიული საავადმყოფოს 800 პაციენტის გათბობის უზრუნველყოფაზე.
პარალელურად, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი უკრაინელებისთვის, მაგალითად, თბილი ტანსაცმლისა და სანთლების შეგროვების ინიციატივით გამოდის.
კრემლი უკრაინელი ხალხის წინაამდეგ
უკრაინის ხელისუფლება და ექსპერტები მუდმივად იმეორებენ, რომ ენერგოობიექტების განადგურება არ ემსახურება სამხედრო მიზნებს და ამით კრემლი მშვიდობიანი მოქალაქეების დაზარალებას ცდილობს.
ZDF-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ახლახან, განმარტა, რომ ენერგეტიკული ობიექტების განადგურებით, პუტინი უკრაინელი ხალხის დამორჩილებას ისახავს მიზნად.
„ის გვთიშავს ენერგეტიკიდან, აშინებს ხალხს იმისთვის, რომ ხალხი გაიქცეს; იმისთვის, რომ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და მოითხოვოს, რომ მე დავაწყნარო პუტინი... რომ ჩვენი ჯარი დანებდეს, რომ ხელი მოვაწეროთ მათთან კაპიტულაციას, თუ რაღაც ასეთი, არ ვიცი... ეს ყველაფერი ძალიან პრიმიტიულია“, - უთხრა ზელენსკიმ გერმანელ ჟურნალისტს.
ზელენსკიმ ევროსაბჭოში გამოსვლისას განაცხადა, რომ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებით, რუსეთი გამოიწვევს უკრაინელების ახალ მიგრაციულ ტალღას ევროპაში და ამიტომ მსოფლიომ ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ძალისხმევა უნდა გააძლიეროს.
უკრაინა დასავლეთისგან თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს ითხოვს და, როგორც იუწყებიან, მიწოდების პროცესი უკვე დაწყებულია. კიევმა არაერთი დაპირებაც მიიღო. უკრაინას ამ მხრივ ეხმარებიან - აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი. მიწოდების შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირად ვრცელდება.
რუსეთის მიერ ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა ხალხთან ანგარიშსწორებად შეაფასა საერთაშორისო თანამეგობრობამაც. ასეთ თავდასხმებს ომის დანაშაული უწოდა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, 19 ოქტომბერს, ევროპარლამენტში გამოსვლისას და განაცხადა, რომ „ტერორის აქტია“ ზამთრის წინ ადამიანების დატოვება ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე.