Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: რუსეთი მშვიდობაზე იფიქრებს მხოლოდ მაშინ, როცა ტერორის საშუალებები აღარ ექნება


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მშვიდობაზე დაფიქრდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ტერორისთვის მისი შესაძლებლობები გაუვნებელყოფილი იქნება“. 17 ოქტომბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ ილაპარაკა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე განხორციელებული შეტევების შედეგებზე. უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დარტყმების შედეგად, მხოლოდ კიევში დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი.

„ვლადიმირ პუტინს შეუძლია ჩაიწეროს მორიგი „მიღწევა“ - მან კიდევ ერთი ორსული ქალი მოკლა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ცის გარანტირებულად დაცვას და „რუსი ტერორისტების შესაძლებლობების ნულამდე დაყვანას" სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაცილებით მეტი, თანამედროვე სისტემა და რაკეტებით ამ სისტემების მეტად უზრუნველყოფა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე არანაირი შანსი არ გააჩნია და სამხედრო მარცხის გადაფარვას ტერორით ცდილობს, ამიტომ, როცა პარტნიორებთან ერთად შეძლებენ ტერორის საშუალებების გაუვნებელყოფას, რუსეთს სხვა აღარაფერი დარჩება, გარდა იმისა, რომ მშვიდობაზე იფიქროს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იყო მთავარი საკითხი საკონტაქტო ჯგუფის მეექვსე შეხვედრაზე, რომელიც 11 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობს.

ბოლო დღეებში, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები გაუგზავნა ან გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ. მათ შორის არიან გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საფრანგეთი. ამჟამად უკრაინა ელოდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამერიკულ სისტემებს(NASAMS).

XS
SM
MD
LG