Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღალატი, კოკაინი, "სუს-ის ფაილები" - "ოცნება" გახარიას პორტრეტს ქმნის


რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება „ქართული ოცნების“ ბრალდებები ექსპრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

განსაკუთრებით აქტიურობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე და ამ მიზნისთვის ტელეკომპანია „იმედის“ ეთერსაც იყენებს. თავად გიორგი გახარია ამ ბრალდებებს ერთნაირად პასუხობს - „არ ვჭორაობ“ და „თქმის დროც მოვა“, რაც, ბევრის აზრით, თავის მართლებას ემსგავსება. პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, თბილისის მერობის კანდიდატი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ „ოცნების“ ამჟამინდელი „ბოსები“ მისთვის საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, თუმცა იმაზეც მიანიშნებს, რომ სათქმელი ბევრი აქვს.

  • რას ემსახურება „ოცნების“ ძალისხმევა, რა მიზნის მიღწევას ცდილობს და რა შედეგია მოსალოდნელი?
  • რა როლს ასრულებს გახარია და სად არის მისი ადგილი აწმყოსა თუ მომავალში?

თუკი თავდაპირველად მხოლოდ ღალატსა და შეთქმულებაში ადანაშაულებდნენ, თანდათან „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკაში გიორგი გახარია იხატება ადამიანად, რომელიც: მზად იყო ფულის სანაცვლოდ უარი ეთქვა თბილისის მერობის კანდიდატობაზე; მოიხმარს ნარკოტიკებს; 2019 წლის 20 ივნისს თვალები დასთხარა უდანაშაულო ადამიანებს. ხშირად ესმება ხაზი მის კავშირს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებთან და ასევე, ე.წ. სუს-ის ფარული ჩანაწერების საქმესთან.

გახარიასკენ მიმართული ბრალდებები პერიოდულად ახალი დეტალებითაც ივსება და უპირატესად - ირაკლი კობახიძის მიერ.

ნარკოტიკები, ქალი, ღვთისნიერი კაცი

23 სექტემბერს, ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრობისას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საგანგებოდ გაშალა ნარკოტიკების მოხმარების თემა, რომელიც ამ ეტაპისთვის კვლავაც ყველაზე მძაფრი დისკუსიების საგნად რჩება.

კობახიძემ თქვა:

  • „გავარკვიეთ, რომ მას აქვს სერიოზული პრობლემა კოკაინის მოხმარების კუთხით. ამაზე გვაქვს ჩვენ უტყუარი ინფორმაცია. გარემოცვამ ეს იცის, ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად ეს და კონკრეტული სახელები და გვარებიც ვიცით და მას შემდეგ მას აქვს ეს პრობლემა;
  • „ერთ-ერთმა ფეისბუკმომხმარებელმა იხუმრა - გახარია პარტიიდან და ხელიდან ერთდროულად წასულაო... 18 თებერვლის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი, ალბათ სადღაც მარტი-აპრილის თვიდან. ზუსტი დეტალები მე არ ვიცი“;
  • „ჩვენ ხომ არ უნდა დაგვიჯეროს საზოგადოებამ... იქნებ ჩვენ რაღაცას ვავრცელებთ... ამისათვის [სიმართლის დასადგენად] არსებობს ის უწყებები, რომელიც პასუხისმგებელია ტესტირებაზე [სამხარაულის ეროვნული ბიურო]“;
  • ვენაში გახარიამ გაიკეთა ტესტი ისეთ კლინიკაში, რომელსაც ევროპისთვის უპრეცედენტო სკანდალი უკავშირდება და „მას ტესტი ჩაბარებული აქვს ნევროლოგთან, რომელიც საერთოდ არ ატარებს ასეთ ტესტირებებს“... [ამის შესახებ რამდენიმე დღით ადრე ლაპარაკობდა ტელეკომპანია „იმედიც“ - რ.თ.].

ნარკომომხმარებლობა ის ბრალდებაა, რომელიც გახარიამ, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სერიოზულად მიიღო, დიდი დრო დაკარგა და, როგორც თავად ამბობს, ტესტის გასაკეთებლად ერთი დღით ვენაშიც კი ჩავიდა.

შემდეგ, მან ტესტის უარყოფითი შედეგი თავის ფეისბუკგვერდზეც გამოაქვეყნა და ამ თემაზე განმარტებებშიც უფრო ხელგაშლილი აღმოჩნდა.

23 სექტემბერს კი, ტელეკომპანია „პირველში“ სტუმრობისას, გახარიამ კიდევ ერთხელ და უფრო დაწვრილებით განმარტა, თუ რატომ არ ენდო - სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს:

„არ ვიცი, რის გამო, ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა გამაფრთხილა უბრალოდ - არ მოხვიდეო, იმიტომ, რომ [ნარკოტიკის] მოხმარება ამოგივარდებაო... ვერ დავიჯერე... კახა კალაძემ თემა შემოაგდო, ერთხელ, ორჯერ... მე, რა თქმა უნდა, როგორც აბსოლუტურად სუფთა ადამიანი, რა თქმა უნდა, წავიდოდი... კიდევ კარგი, გამაფრთხილეს...

ამას მოჰყვა მთელი რიგი ინფორმაციები - როგორ იგეგმებოდა ეს ყველაფერი, რა ხაზები უნდა შემოსულიყო... როგორ აგროვებდნენ ჩემს ახლო გარემოცვაში, ზეწოლით, მოსყიდვითა და მუქარით ადამიანებს, რომლებსაც უნდა დაედასტურებინათ ის სისულელე და ცილისწამება, რასაც იქ ამოაგდებდნენ“.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ზუსტად იცის, ვის კაბინეტში დაიგეგმებოდა ეს პროვოკაცია, „დადგება ამის დრო“ და ყველაფერს დაწვრილებით იტყვის, მაგრამ - არა ახლა, რადგან ზოგიერთებივით ჭორაობა არ უნდა.

ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებები უკვე ისეთ ნიშნულებს მისწვდა, რომ გიორგი გახარიას სამართლებრივ დაცვაში დახმარება შესთავაზა მისმა კონკურენტმა დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში, ანა დოლიძემ.

პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ გახარიასთან წინააღმდეგობა ბევრ საკითხში აქვს, მაგრამ „აბსოლუტურად მიუღებელია ნარკოდამოკიდებულების თემით მანიპულირება“ და „ნარკოდამოკიდებულების კიდევ უფრო სტიგმატიზაცია“.

„როგორც ამ საქმეში გამოცდილი საერთაშორისო სამართლის იურისტი, ვთავაზობ სამართლებრივ მხარდაჭერას გიორგი გახარიას - წარმოვადგინო ის თბილისის სასამართლოებში ცილისწამების საქმეზე უტიფარ ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში და, ასევე, წარმოვადგინო ის სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რათა მან იბრძოლოს საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვისთვის", - განაცხადა დოლიძემ.

"სუს-ის ფაილები", "20 ივნისი" და სხვა

როცა გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ ჩამოშორდა და პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩნდა, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მის წინააღმდეგ მსხვილი კომპრომატები წამოიწეოდა.

ასეთ თემებს შორის იყო: „ნამახვანჰესი“, 20 ივნისის, „პანკისის“ მოვლენები, „ბასიანსა და სხვა კლუბებში შევარდნა“ და შესაძლო კორუფციული საქმეები.

ამ ჩამონათვალიდან უკვე საკმაოდ გააქტუალურდა 20 ივნისის თემა და გაიჟღერა - „პანკისისა“ და „ბასიანის“ თემებმაც.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შეავსო და სამომავლო სკანდალიც დააანონსა.

კერძოდ, მან თქვა:

  • გახარიას მიმართ იყო „ძალიან მძიმე შეფასებები“, განსაკუთრებით, 20 ივნისის შემდეგ და ასევე „ბასიანისა“ და „პანკისის“ მოვლენებთან დაკავშირებით;
  • 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ივნისის ბოლოს პარტიაში იყო „სერიოზული გარჩევა“ და კახა კალაძე „ყველაზე აქტიურად საუბრობდა“ შს მინისტრის პოსტიდან გახარიას გადადგომის აუცილებლობაზე, მაგრამ „რაღაც კონკრეტული მომენტის გამო“ გახარიამ ეს პოსტიც შეინარჩუნა და შემდეგ პრემიერიც გახდა;
  • „არჩევნების შემდეგ, ერთ წელიწადში... მომავალ წელს, ალბათ“ ითქმება - თუ რა იყო ეს „კონკრეტული მომენტი“, რამაც გახარიას კარიერა გადაარჩინა და გაირკვევა ისიც, თუ რატომ არ შეიძლება ამის თქმა ახლა;

ამ თემებს გახარია მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ უთმობს, რადგან თვლის, რომ - ყველა ამ შემთხვევაში სწორად მოიქცა.

ცოტა დროს უთმობს ასევე „სუს-ის ჩანაწერებთან“ დაკავშირებულ განმარტებებსაც. „პირველის“ ეთერში მან მხოლოდ ის თქვა, რომ თავისი გუნდის ამჟამინდელ წევრებს ხელი არ მიუწვდებოდათ ფარულ ჩანაწერებზე, ხოლო პირადად მას, მათ შორის - პრემიერ-მინისტრის რანგში, არასოდეს არავისთვის დაუვალებია ამგვარი ჩაწერა და არც ჩანაწერებით უსარგებლია.

კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ამ „ჩანაწერებს“ გახარიასთან არაერთი ეჭვი აკავშირებს და მათ შორის ისიც, რომ - ფაილებში არის პირადად მასთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიზოდი, აი, გახარიაზე კი საერთოდ არაფერი იძებნება.

„ამას საბოლოო ჯამში ნათელი მოეფინება - „ალბათ არჩევნების შემდეგ მოხდება ეს ყველაფერი... ჯობია, რომ არჩევნების შემდეგ სამართალდამცავი უწყებები ჩაეძიონ ამ ყველაფერს და გაარკვიონ“, - თქვა კობახიძემ.

გიორგი გახარია თავს არიდებს წარსულზე ლაპარაკს, ინფორმაციის გარეთ გამოტანას და ბიძინა ივანიშვილსაც მხოლოდ მსუბუქად აკრიტიკებს, ძირითადად - დესტრუქციული „ოცნების“ ურესურსოდ დატოვების გამო.

თუმცა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მიანიშნა, რომ „ოცნების“ დღევანდელი ლიდერები მასზე ასეთ მასშტაბურ შტურმს დამოუკიდებლად [ივანიშვილის გარეშე] ვერ მოახერხებდნენ.

ექსპრემიერი სათქმელს ძირითადად სამომავლოდ ინახავს, რაც, ექსპერტების ნაწილის აზრით, მისთვის წაგებიანი მდგომარეობაა.

რას ემსახურება ბრალდებები?

ექსპერტები რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ გახარია და მისი პარტია მომავალ არჩევნებზე მთავარი „თავის ტკივილია“ „ქართული ოცნებისთვის“ და მიუხედავად იმისა, გახარია დამოუკიდებლად მოქმედებს თუ ე.წ. „ივანიშვილის პროექტია“, „ოცნებას“ ხმებს მაინც წაართმევს.

მეტიც, მათი აზრით, გახარიას გამიჯვნამ „ოცნებას“ დასავლეთისთვის არმოსაწონი ორი მკაფიო ნაბიჯიც გადაადგმევინა:

  • „ოცნება“ გამოეთიშა „შარლ მიშელის შეთანხმებას“, რომლის დათქმითაც, თუკი ოცნება 43%-იან ზღვარს ვერ გადაკვეთს, ქვეყანაში 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს... „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გახარიამ მათთვის აქტუალურობა სწორედ ამ დოკუმენტის ანულირების შემდეგ დაკარგა;
  • ევროკავშირისა და აშშ-ის მოწოდებებისთვის ღია წინააღმდეგობის გაწევა - ანტიდასავლური ამომრჩევლის გულის მოგებისა და მათი ხმების მობილიზების მიზნით.

მათთვის, ვინც გახარიას დამოუკიდებელ მოთამაშედ განიხილავს, მის წინააღმდეგ „ოცნების“ შტურმი ბუნებრივად გამოიყურება. თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკოსი ანი მიროტაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ გახარიას სამომავლო მოკავშირედ განიხილავს და არჩევნების შემდეგ, ბრალდებები და კომპრომატები იმის მიხედვით გააქტუალურდება, თუ როგორ მოიქცევა ექსპრემიერი და რამდენად გაამართლებს „ოცნების“ იმედებს.

„შესაძლოა, "ქართულ ოცნებას" აწყობს კიდეც, რომ დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში, მეორე ტურში გავიდნენ არა კალაძე და მელია, არამედ - კალაძე და გახარია. ასეთი ბრძოლა გახარიას წინააღმდეგ, შესაძლოა, სწორედ ამ მიზანსაც ემსახურებოდეს“, - ამბობს ანი მიროტაძე და ამ ბრძოლას იმით ხსნის, რომ გახარია მკაფიო ოპოზიციონერს ჰგავდეს.

მიროტაძისთვის არც ის არის გამორიცხული, რომ გახარია ივანიშვილთან შეთანხმებით მოქმედებდეს და თანაც იმგვარად, რომ „ოცნების“ დღევანდელმა ლიდერებმა საერთოდ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ.

„თუკი ასეთი კავშირი არსებობს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი კობახიძესთან, პაპუაშვილთან და მდინარაძესთან არ შეათანხმებდა გახარიასთან დაკავშირებულ გეგმებს“, - გვეუბნება მიროტაძე.

პროგნოზები და ბოლო კვლევები

„ქართული ოცნებისთვის“ გახარია „ბრინჯაოსმედალოსანია“, ანუ მესამე ადგილზე გავა.

ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის ფორმულა: თბილისში კახა კალაძე მიიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე მელია; ხოლო მელია მიიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე გახარია.

პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისის მაგალითზე, 10 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • კახა კალაძე - 56.1%
  • ნიკა მელია - 28.3%
  • გიორგი გახარია - 6.2%

ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული და იმავე პერიოდში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი, ეს სამი პოლიტიკოსი ორ ადგილზე არიან გადანაწილებული:

  • გიორგი გახარია და კახა კალაძე - თანაბარი დადებითი რეიტინგი - 55% და ასევე თანაბარი უარყოფითი რეიტინგი - 45%;
  • ნიკა მელია - დადებითი რეიტინგი - 46% და უარყოფითი რეიტინგი 54%.

რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, „ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის სახელით 23 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით:

  • ქართული ოცნება - 50.9%;
  • ნაციონალური მოძრაობა - 25.2%;
  • საქართველოსთვის - 5.7%.

„ედისონ რისერჩის“ რეიტინგებში კი, პირველი სამი ადგილი ასეა განაწილებული:

  • „ქართული ოცნება“ - 33%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 25%;
  • „საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 10%.

თავად გახარია ადგილებზე არ ლაპარაკობს. ის აცხადებს, რომ იბრძვის გამარჯვებისთვის და მიიღებს საკმარის ამომრჩეველთა საკმარის მხარდაჭერას იმისათვის, რომ ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG