ხელისუფლების არგუმენტები გაუგებარია როგორც პოლიტიკურ, ასევე საექსპერტო წრეებში. თუმცა სესხის საკითხზე მსჯელობა უკვე დიდი ხანია გასცდა წმინდა ფინანსურ თუ ეკონომიკურ ფარგლებს. დისკუსიებში თუ კომენტარებში, შინ თუ გარეთ, ეს თემა იმ პრობლემებისა თუ მსუბუქი დაძაბულობის ნაწილად განიხილება, რომლებმაც ბოლო დროს იჩინა თავი საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობებში ევროკავშირთან.
სესხზე უარი და თანხმობა
31 აგვისტოს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირის მაკროსაფინანსო იაფი სესხის მორიგ ტრანშზე - 75 მილიონ ევროზე, არგუმენტად ეკონომიკის სწრაფად ზრდა დაასახელა. ითქვა, რომ ქვეყანას აღარ სჭირდება დამატებითი სესხების აღება მზარდი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე.
21 სექტემბერს კი, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო იღებს აზიის განვითარების ბანკის 100-მილიონდოლარიან სესხს, რომლის მომსახურებაც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, თითქმის ორჯერ ძვირი დაჯდება.
თუკი ამ ორ ფაქტს იმ მოცემულობის გარეშე განვიხილავთ, რომ - სასამართლო სისტემის წარუმატებელი რეფორმების გამო საქართველო დიდი ალბათობით ევროკავშირის სესხს მაინც ვერ მიიღებდა, ბევრს უჩნდება ლოგიკური შეკითხვა - რატომ?
რატომ თქვა უარი საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის უფრო იაფ სესხზე? რატომ არ გამოდგა ეკონომიკური ზრდა წონად არგუმენტად აზიის განვითარების ბანკის სესხზე უარის თქმისთვის - მით უფრო, რომ ახლა უკვე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზეც ლაპარაკობენ?
ფინანსთა სამინისტრო დამატებით კომენტარებს არ აკეთებს და რადიო თავისუფლებას ისევ 21 სექტემბერს გამოქვეყნებული განცხადებით სარგებლობას ურჩევს. ამ განცხადებაში კი ნათქვამია შემდეგი:
- აზიის განვითარების ბანკმა 2018 წელს შეთანხმებული სესხი (100 მილიონი დოლარი) სააქციო საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში (სსე) კორპორატიზაციისა და ენერგობაზრის რეფორმების პროგრამის ფარგლებში გამოუყო;
- ფულის მისაღებად განსაზღვრული იყო პირობები - კონკრეტული მიზნობრიობით გათვალისწინებული თანხის მიღებას წინ უსწრებდა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება;
- ევროკავშირის სესხზე უარი ითქვა იმის გამო, რომ - „მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება“;
- დამატებითი შემოსავლების გამო, წლის ბოლომდე შესაძლებელია „ნაწილობრივ შევამციროთ საგარეო ვალის აღება“;
- მომავალ წლებში ისევ დაგვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების დახმარება და „ფინანსური რესურსების მოზიდვა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად“.
სოციალურ ქსელებში მწვავე დისკუსიაა გაჩაღებული.
„ქართული ოცნების“ პოზიციის დამცველები ევროკავშირს „ხელების გადაგრეხვაშიც“ კი სდებენ ბრალს; მიუხედავად იმისა, რომ მაკროსაფინანსო იაფი სესხის სანაცვლოდ ევროკავშირი ითხოვდა ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელი მიზნის მიღწევას - სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას.
სწორედ ამიტომ, ევროკავშირის სესხზე ნათქვამი უარი ბევრმა სწორედ მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებზე ნათქვამ უარად აღიქვა და ეკონომიკური საფუძველი, მათ შორის, ვერც ეკონომიკის ექსპერტების წრეში დაინახეს.
ყოფილი პოლიტიკოსი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი ეკონომისტი არ არის, მაგრამ, ლოგიკურ მსჯელობაზე დაყრდნობით, არ იზიარებს არგუმენტს, რომ შეუძლებელია ევროკავშირისა და აზიის განვითარების ბანკის სესხების ერთმანეთთან შედარება.
მელაშვილი გვეუბნება, რომ ეკონომიკური ცოდნაც არ სჭირდება იმის დანახვას, რომ, სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, სახელმწიფოს თავისუფლად შეეძლო არ აეღო უფრო ძვირი სესხი, უფრო იაფის სანაცვლოდ.
„მთავრობამ გვითხრა - ევროკავშირის 75 მილიონი ევრო აღარ მჭირდება, ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალი გამოჩნდა და ამ საჭიროებას ჩემი სახსრებით დავაფინანსებო. შემდეგ, ის წავიდა და აიღო სხვა სესხი, ბევრად უფრო ცუდი პირობებით...
თუკი ევროკავშირის იაფ სესხს ავიღებდით, გამოთავისუფლდებოდა ფული, რომელიც ამ (მაკროსაფინანსო) სესხის მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს. სწორედ ეს გამოთავისუფლებული ფული შეგვეძლო მიგვემართა იმ მიზნების დასაფინანსებლად, რისთვისაც უფრო ძვირი სესხი ავიღეთ აზიის განვითარების ბანკისგან“, - გვეუბნება მელაშვილი.
შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის სესხის ხმაურიან საკითხში ის ადეკვატურ ეკონომიკურ შემადგენელს საერთოდ ვერც კი ხედავს; ამ ამბავსაც ბოლო პერიოდის მოვლენების ჯაჭვის შემადგენელ ნაწილად განიხილავს და იმასაც ამბობს, რომ ბრიუსელთან თბილისის დაპირისპირება თანდათან სახიფათო სახეს იღებს.
„ევროკავშირი გეუბნება - შენ თუ გინდა ჩემთან, მაშინ ეს, ეს და ეს უნდა გამოასწორო, რაც შენივე ქვეყნისთვის არის კარგი... მოქმედებები გვაქვს აბსოლუტურად ამის საწინააღმდეგო... ამ გზას პოლიტიკოსები ადგებიან იმ შემთხვევაში, როცა მათ არ სურთ დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება და ამის შესანიღბად იწყებენ ლაპარაკს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე“, - გვეუბნება მელაშვილი.
პრობლემური ჯაჭვი
ექსპერტების შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში სულ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება. ბოლო თვეებში ბრიუსელმა მწვავე უკმაყოფილება უკვე არაერთ საკითხთან დაკავშირებით გამოხატა:
- სასამართლო სისტემის რეფორმირების შეფერხება - „ქართულმა ოცნებამ“ არ შეწყვიტა რეფორმის, ევროკავშირის შეფასებით, დამაზიანებელი პროცესი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით;
- „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივად ანულირება - 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ძალისხმევით პარტიების ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება;
- მთავარი პროკურორის დანიშვნის იმ ახალი წესის იგნორირება საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებდა;
- ე.წ. სუსის მოსმენების საკითხი - ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სექტემბერში აღნიშნა, რომ ე.წ. სუსის ფაილებში დიპლომატების საუბრების მოხვედრა მეგობრული სახელმწიფოს ქმედებას არ ჰგავს და ამის გამო საქართველოს ელჩი ევროკავშირის შტაბბინაშიც იყო დაბარებული;
- ძალადობა საარჩევნო გარემოში - ელჩმა ჰარცელმა დმანისში გამოვლენილ ძალადობასთან დაკავშირებით 22 სექტემბერს აღნიშნა, რომ ხელისუფლებას საგანგებო პასუხისმგებლობა ეკისრება ვითარების დამშვიდების კუთხით, პრობლემა მხოლოდ დაგმობით ვერ მოგვარდება და საჭიროა ობიექტური გამოძიების ბოლომდე მიყვანა.
ე.წ. სუსის ფაილების საკითხზე ევროკავშირის ელჩს ზედმეტი შემართება დაუწუნა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ; ხოლო პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ - მის სიტყვებს დიპლომატიურ სტანდარტებთან შეუსაბამო უწოდა.
მაგრამ „სუსის ფაილებთან“ დაკავშირებით მსჯელობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო ბრიუსელში - მალევე მას შემდეგ, რაც ფაილები სუსის ყოფილი თანამშრომლის სახელით გამოქვეყნდა.
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწემ, პეტერ სტანომ 17 სექტემბერს თქვა, რომ - ევროკავშირი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს ამ „სერიოზულ“ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია „ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“.
„რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ძალიან სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მიმართებით გამოთქმულ „სიტყვებსაც ვეღარ აკონტროლებს“.
ამ რიგიდან არის „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ 19 აპრილის შეთანხმება საქართველოს კონსტიტუციური კალაპოტიდან აგდებდა.
გოგოლაშვილისთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მკაფიოდ ცდილობს, რომ მომავალ არჩევნებზე ანტიდასავლური ელექტორატის მხარდაჭერა მოიპოვოს.
გოგოლაშვილს ეეჭვება, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზეზით ევროკავშირმა საქართველო და ქართველი ხალხი დასაჯოს, მაგრამ - ამ სიტუაციაში ის საქართველოს აშკარა უკან დახევასაც ხედავს.
„ევროკავშირმა ზურგი რომ შეგვაქციოს, მთლიანად რუსეთის ხელში ვხვდებით და ის ამის გაკეთებას მოერიდება. ვფიქრობ, სანქციები არ იქნება, ძალიან შორს არ წავა ევროკავშირი... ალბათ, „ოცნებაც“ ხედავს ამას და იმედი აქვს, რომ ისეთი მკაცრიც არ იქნება ბრიუსელის პასუხი...
მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სარისკოა ქვეყნისთვის. ასეთი მიდგომებით, აბსოლუტურად უნდა დავივიწყოთ არა მხოლოდ 2024 წელი, არამედ 2028 და 2030 წელიც - როგორც ნიშნული განაცხადის შეტანისა ევროკავშირში გაწევრიანებაზე... არა, განაცხადის შეტანა ტექნიკურად კი შეიძლება, მაგრამ ნამდვილად უარს მივიღებთ“.
კახა გოგოლაშვილი ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ ამ ქმედებებით „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მხარდაჭერას კარგავს და თუკი ის მომავალ არჩევნებზე 43%-ზე მეტს ვერ მიიღებს, გაძლიერდება ზეწოლა ბრიუსელის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით - მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ცალმხრივად გამოეთიშა 19 აპრილის შეთანხმებას.
სწორედ „შარლ მიშელის შეთანხმების“ მიხედვით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუკი მმართველი პარტია 2 ოქტომბრის არჩევნების პროპორციულ ნაწილში 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.
ჩხუბი საელჩოსთან
პოლიტიკური პარტიები 23 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩსა და სხვა ევროპელ ელჩებთან მართავდნენ შეხვედრებს.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა - მსჯელობა ძირითადად წინასაარჩევნო გარემოს შეეხებოდა და მას შეკითხვებიც დაუსვეს, მაგრამ არა „მოსმენების“ თემაზე. ასევე კობახიძის თქმით, ელჩებთან საუბრის შინაარსი, წინასწარი შეთანხმებით, გარეთ არავინ უნდა გამოიტანოს.
ოპოზიციონერი ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობაში მას შემდეგ მივიდნენ, რაც „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრა დასრულდა. საელჩოში მიტანილი მათი მესიჯები ძირითადად იმ ფაქტს უკავშირდებოდა - რომ „ოცნება“ სულ უფრო აშკარად შორდება ევროპულ ფასეულობებს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ, ერთმანეთს თითქმის ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეები.
დმანისში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის თემაზე მელიამ კობახიძეს ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოსთხოვა და სწორედ ამას მოჰყვა ძალიან ხმამაღალი შელაპარაკება.
„უნამუსო ბავშვო“, - მიმართა მელიამ კობახიძეს; ხოლო კობახიძემ მას „უინტელექტო ხულიგანი“ უწოდა.