საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. მისი თქმით, სუს-იდან, სავარაუდოდ, გამოჟონილი ფაილების შესახებ გაუგებარია, კარლ ჰარცელის შემართება.
„აბსოლუტურად ნორმალურია ის, როდესაც ელჩთან აქვს საუბარი გარკვეულ თემებზე კონკრეტულ მასპინძელ ქვეყანას ან მასპინძელ ფორუმს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ მიმდინარეობს გამოძიება. არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, თუ საიდან, რა წარმოშობის არის ის მასალები, რომლებსაც ასე ატრიალებდნენ ჩვენი ოპონენტების მედიასაშუალებებში. ეს რეალობაა, რაც წარმოშობს დამატებით შეკითხვებს დანარჩენ შეკითხვებზე პასუხებს ყველა ერთად ველოდებით. ფაქტია, რომ საზოგადოება თავს დაცულად უნდა გრძნობდეს, როგორც ფარული მოსმენებისგან, ისე ნებისმიერი სხვა მოქმედებებისგან, რომლისგანაც ჩვენი უშიშროების სამსახური გვაზღვევს ეს არის გარე, თუ შიდაგამოწვევები. აქედან გამომდინარე, დისკრედიტაცია ჩვენი სპეციალური სამსახურების არასწორი და ანტისახელმწიფოებრივია, რასაც ეწევიან ჩვენი ოპონენტები. ამას არ უნდა აჰყვეს არც ელჩი და არც ნებისმიერი ჩვენგანი, რა პოლიტიკური შეფერილობის დროშაც არ უნდა ეჭიროს ხელში. მე ასე მგონია, რომ საკმაოდ ბევრ შეკითხვას პასუხი გაეცემა და დამატებითი კითხვებიც ბევრი იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
სუს-იდან, სავარაუდოდ, გამოჟონილი ფაილების შესახებ კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ამ საკითხს სერიოზულად უყურებენ.
12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი - 25 გიგაბაიტზე მეტი მოცულობის ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა იყო განთავსებული. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები დიდწილად სასულიერო პირებს ეხება,
ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.
უშუალოდ საეკლესიო მსახურებზე სავარაუდო მიყურადების გარდა, არის ეკლესიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ჟურნალისტებსა და დიპლომატებს შორის შიდა კომუნიკაციის, ასევე ულტრამემარჯვენე ძალების წარმომადგენელთა შორის საუბრის ჩანაწერების შინაარსი.
მათში ვხვდებით, საქართველოში ევროკავშირის, გერმანიის, ისრაელის ელჩების, ასევე აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს.
სუს-ის სავარაუდო ფარული მიყურადების გზით მოპოვებული მასალების მედიით გავრცელების შესახებ, ინფორმაცია ბრიუსელს ევროკავშირის საელჩომ მალევე აცნობა.
მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ფარულ ჩანაწერებსა და ამ ჩანაწერების შინაარსის შესახებ, პროკურატურამ 14 სექტემბერს გამოძიება დაიწყო. პროკურატურა აცხადებს, რომ იძიებს კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ეს გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.