პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისების შექმნაში, რომლებისთვისაც "ქართულმა ოცნებამ" "ძალიან დიდი ფასი გადაიხადა", მთავარ პასუხისმგებლობას ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს.
ღარიბაშვილი გახარიას ადანაშაულებს ღამის კლუბებში შეჭრაში, პანკისში სპეცრაზმის ჩაყვანაში, ასევე, 20 ივნისის აქციის ძალადობრივ დაშლაში. მოქმედი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პარლამენტის შენობა ისეა დაცული, რომ გამორიცხულია ადამიანმა შეანგრიოს და შევიდეს, შესაბამისად, მას 20 ივნისის მეორე დღეს გახარიასთან ჰქონდა კითხვა, რა საჭირო იყო ამ დღეს სპეცრაზმის გამოყვანა.
"პირველი კრიზისი იყო, კლუბებში რომ შევარდა, პოლიციელები აცემინა, შემდეგ გამოვიდა და ამ ვიღაცებს შემდეგ ბოდიში მოუხადა, ანუ იმ ხალხს, ვინც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა. ტყუილად, არაფრის გამო.
მეორე კრიზისი - პანკისში ჩაიყვანა სპეცრაზმი, აბსოლუტურად გაუთვლელი, გაუაზრებელი, მორიგი უგუნური ქმედება და ამხელა კრიზისი შექმნა, ლამის შუღლი და ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვია. პირდაპირ აცემინა სპეცრაზმი, ეს ჩვენი გმირი ბიჭები, რომლებიც ტყვიაზე წავლენ, რომ დასჭირდეს ქვეყანას, და კაცი არ დაუსჯია.
მერე იყო 20 ივნისის თემა, გავრილოვის ღამე და მათ ჰქონდათ მაშინ ჩავარდნა, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, არ იმყოფებოდა თბილისში და ვის უნდა გაეკონტროლებინა, თუ არა უსაფრთხოების საბჭოს მდივანს და კაცს, რომელიც იყო ვიცე-პრემიერი და ყველაფერი მისი კურატორობის ქვეშ იყო.
კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ვინ აკონტროლებს საზღვარს? შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვის უნდა გაეკონტროლებინა, ეს კაცი იყო თუ არა ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მას უნდა შეესწავლა, ბუნებრივია. ხოჯევანიშვილი იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მაშინ.
გახარიას ჰქონდა წვდომა ყველაფერზე, იყო ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ამხელა ფასი გადავიხადეთ. რა გააკეთა - დამწყები სპეცრაზმელი ამას აუხსნის ძალიან კარგად ჩვენს მოქალაქეს. პარლამენტის შენობა დღეს ისე არის დაცული, ჭიშკარი, გამორიცხულია, ის შეანგრიო და შეხვიდე, ადამიანებს ვგულისხმობ. მე ეს კითხვა მას დავუსვი მეორე დღეს, როდესაც იყო ამ კრიზისის შეფასება და გარჩევა, რატომ გამოიყვანეს გარეთ სპეცრაზმელები და აცემინა 3 საათის განმავლობაში აგრესიულ ბრბოს, „ნაცმოძრაობას“ და ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო. მაშინ ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე ღამე პარტიის ოფისში ვიმყოფებოდი, ყველანი და ვკითხულობდით, სად არის წყალი, გაზი, დაუშინეს შემდეგ და მათ შორის უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. აი, ეს არის მისი ხელწერა და მისი მართვა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის ეთერში. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გახდა 20 ივნისიდან რამდენიმე თვეში ადამიანი, რომელიც პარტიის იმიჯს აზიანებდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოქმედი პრემიერი პასუხობს, რომ „გუნდმა ასე გადაწყვიტა“.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისთვის გახარიაზე, რომელიც გუნდის წევრი იყო და „მოღალატე“ აღმოჩნდა, საუბარი ემოციურია. ის თვლის, რომ გახარია ახლა „სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა“.
„მაშინ მას მთელი გუნდი გადაეფარა, რადგან ვნახეთ, რომ იყო რეალური საფრთხე, შეჭრილიყვნენ პარლამენტში და რაღაც უბედურება მომხდარიყო, კიდევ უფრო მძიმე ვითარება მიგვეღო. გადაეფარა მთელი გუნდი და გადაარჩინა, შემდეგ დაწინაურდა, დანიშნეს პრემიერ-მინისტრად.
ასე გადაწყდა მაშინ, ასე გადაწყვიტა გუნდმა.
ამის შემდეგ რომ ეს კაცი გამოდის, უთავმოყვარეოდ რაღაცებს ლაპარაკობს და ჩვენს გუნდს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაამარცხოს საქართველოს მოქალაქემ და ხალხმაო, ვინ უპირისპირდება, ვეკითხები ადამიანებს. ვინ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“?
სააკაშვილი და მთელი ეს ოპოზიცია, შესაბამისად, გახარია ავტომატურად გამოდის სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირე.
მე კითხვა მაქვს, რა ვალი აქვს ამისთანა ან რა კომპრომატები აქვთ მასზე, რომ ვერ გათავისუფლდა და მიყვება პირდაპირ. უკვე რამდენჯერმე გააკეთებინეს ხარაკირი, პოლიტიკური თვითმკვლელობა და ახლა მორიგი პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაადენინეს, როცა თავი მერობის კანდიდატად დაიყენა და ეს პოლიტიკური პარტია შექმნა.
სამარცხვინოა, რა უნდა გითხრათ. ჩემთვისაც ძალიან რთულია, რადგან გუნდის წევრი იყო და ამდენი წელი ვიცნობდით და ერთად მოვდიოდით. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ეს არის ღალატი და ღალატი ჩვენთვის მიუღებელია. ქართველი კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გიორგი გახარიამ. ქართველი კაცი ყოველთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასეთ საკაცობრიო ღირებულებებს, ღალატს, სიყვარულს და ა.შ. ემოციურია ეს ყველაფერი, მაგრამ ასეა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო მანიფესტაციის დროს, რომელზეც მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომას აპროტესტებდნენ, ასობით ადამიანი დაშავდა, ათობით მათგანს ქირურგიული ოპერაცია დაჭირდა, ზოგს ამ დრომდე ესაჭიროება მკურნალობა.
აქციის მონაწილეების ნაწილი სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს და მათ სწორედ საკანონმდებლო შენობაზე შტურმს ედავებოდნენ - დაკავებულების ნაწილმა ციხეში რამდენიმე თვე გაატარა.
20 ივნისიდან მალევე, 2019 წლის 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნდობა გამოუცხადა; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი (და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი) იყო.