საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერამიკული პანოს - „კოლხეთის“ - ავტორის, ბერნარდ ნებიერიძის, ოჯახი პანოს მიმდებარედ ღია კაფესა და სავაჭრო პავილიონის მოწყობას ეწინააღმდეგება და პანოს სხვაგან გადატანას მოითხოვს. 217 კვადრატულ მეტრზე შექმნილი გორელიეფი ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, აგრარული ბაზრის მახლობლად, ფალიაშვილის ქუჩის 15 ნომერში მდებარე შენობის ფასადზეა განთავსებული. კერამიკული პანო 10 წლის განმავლობაში იქმნებოდა. მხატვარ-მოქანდაკე ბერნარდ ნებიერიძემ გორელიეფზე მუშაობა 1982 წელს დაიწყო და მისმა მეგობრებმა ავტორის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ დაასრულეს. ბერნარდ ნებიერიძის ცოლი სვეტლანა ნებიერიძე პანოს მიმდებარედ ქუთაისის ცენტრალური ბაზრის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ პავილიონისა და კაფეს მშენებლობას ეწინააღმდეგება. როგორც სვეტლანა ნებიერიძე ამბობს, პანოს სიახლოვეს ტერიტორია გასულ წელს გასხვისდა ცენტრალური აგრარული ბაზრის მმართველ შპს „ფარზე“, მიმდინარე წელს კი კომპანია სავაჭრო ფარდულებისა და კაფეს მოწყობას აპირებს, რაც პანოს დაფარავს და მის აღქმას ხელს შეუშლის.
ქუთაისის ცენტრალური აგრარული ბაზრის მმართველი კომპანია „ფარის“ დირექტორი ოლეგ არღვლიანი სვეტლანა ნებიერიძის საპასუხოდ აცხადებს, რომ 250 კვადრატული მეტრი ტერიტორია კომპანიას 15-წლიანი იჯარით წელიწადში 7 ათას ლარად გადაეცა და სანაცვლოდ მისი მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა დაევალა. ოლეგ არღვლიანისავე განცხადებით, ბაზრის შესასვლელსა და მიწისქვეშა გადასასვლელთან წლების განმავლობაში გარევაჭრობა მიმდინარეობდა, რაც ასევე ამახინჯებდა პანოსა და ქალაქის იერსახეს. გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ კი კომპანიამ შიმუშავა საპროექტო წინადადება, რომლის მიხედვით, პანოს მახლობლად 120 კვადრატულ მეტრზე არ იგეგმება არანაირი სახის კონსტრუქციის განთავსება, ეს ნაწილი დარჩება ქვეითად მოსიარულეთათვის და მხოლოდ სამანქანო გზის გასწვრივ აიგება ორ-ნახევარი მეტრი სიმაღლის ღია ფარდულები და მოეწყობა დასასვენებელი ადგილები, რაც გორელიეფის აღქმას ხელს არ შეუშლის.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კერამიკული პანო „ კოლხეთის“სხვაგან გადატანა არ განიხილება და რადგან გასხვისებული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობების ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალშია, იქ მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტი განხორციელდება. მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, საპროექტო წინადადება კომპანია „ფარმა“ დაახლოებით 10 დღის წინ წარმოადგინა და მას მომავალ კვირაში განიხილავენ.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩხიკვაძე კერამიკული პანოს მიმდებარედ კაფეს მოწყობას გამორიცხავს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მხოლოდ ძელსკამების განთავსებას. გასული საუკუნის 80-იან წლებში ქუთაისის ცენტრში შექმნილ კერამიკულ პანოზე, სახელწოდებით „ კოლხეთი“, გამოსახულნი არიან მითოლოგიური და ისტორიული პერსონაჟები, ქუთაისთან დაკავშირებულ მოვლენები და ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ქალაქის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.