ქუთაისის 38 საჯარო სკოლიდან რვაში, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით სრული რეკონსტრუქცია უტარდება, 17 სექტემბერს სასწავლო პროცესი ვერ განახლდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ამ სკოლების მოსწავლეები პირველი სემესტრის განმავლობაში ახლომდებარე სკოლებში ისწავლიან და, მერიის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, მიკროავტობუსი მოემსახურებათ. რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის გიგა ციბაძის განცხადებით, ამ დროისთვის არ არსებობს ხელის შემშლელი პირობები იმისთვის, რომ ქუთაისის დანარჩენ საჯარო სკოლებში სწავლა 17 სექტემბერს განახლდეს.
აშშ-ის მთავრობა აფინანსებს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას დასავლეთ საქართველოში
- ქუთაისის 37 საჯარო სკოლიდან რვაში ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდება.
- სკოლების რეაბილიტაციას უზრუნველყოფს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ პროექტი, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აფინანსებს.
- ფონდის ინფორმაციით, 2018 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას და სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15 200 მოსწავლისთვის.
- დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონი დოლარია.
- ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში სულ 91 სკოლის რეკონსტრუქციას 54 მილიონი დოლარით აფინანსებს.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის გიგა ციბაძის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი განახლდება შარშან რეკონსტრუირებულ მეორე საჯარო სკოლაშიც, სადაც არდადეგების დროს ჭერზე გაკრული მსუბუქი ფილების ნაწილი ჩამოვარდა. ციბაძის განცხადებით, უკვე არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედური დასკვნა, რომელსაც დაზუსტება სჭირდება და მის საფუძველზე ჭერის დაზიანებული მონაკვეთი შეკეთდება ისე, რომ სასწავლო პროცესის განახლებას ხელი არ შეეშალოს, რემონტის მიმდინარეობისას კი განსაკუთრებით იქნება დაცული მოსწავლეების უსაფრთხოება. ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით,ექსპერტიზის ბიუროს შუალედური დასკვნით, ფოიეში, სადაც არდადეგების პერიოდში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, სასწავლო პროცესის განახლება დაუშვებელია. ამასთან, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის დავალებით, ექსპერტებმა უნდა დაადგინონ ჭერის მდგრადობა შენობის სხვა ადგილებშიც. მურად ჯიშკარიანისავე განმარტებით, 90 კვადრატული მეტრის ფოიე სამი საკლასო ოთახის წინ მდებარეობს და სკოლას აქვს რესურსი სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე მოსწავლეები დროებით სხვა ოთახებში გადაიყვანოს.
მურად ჯიშკარიანის განცხადებით, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუ რატომ ჩამოიშალა ჭერის კონსტრუქციის ნაწილი. სკოლის დირექტორის თქმით, ნგრევა შესაძლოა განაპირობა შენობის სიძველემ ან იმ ჩაშენებული ოთახების მონგრევამ, რომლებიც, გარკვეულწილად, საყრდენი კედლის ფუნქციას ასრულებდნენ და რადგან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რეკონსტრუქციისას მათი მოშლა აუცილებელი იყო. ჯიშკარიანის ინფორმაციით, სკოლის რეკონსტრუქცია კომპანია „თაგმა“ განახორციელა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საბოლოო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი ზუსტი მიზეზი, თუ რატომ ჩამოიშალა გასულ წელს გარემონტებულ სკოლაში ჭერიდან მსუბუქი კონსტრუქციის ნაწილი.
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი გადაჭრით აცხადებს, რომ შექმნილი პრობლემა ხელს არ შეუშლის 17 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის განახლებას, ჭერის დაზიანებული ნაწილის შეკეთებამდე კი სრულად იქნება დაცული მოსწავლეთა უსაფრთხოება.
10 ათასამდე აღსაზრდელს 23 სექტემბრიდან ქუთაისში არსებული 37 ბაგა- ბაღი მიიღებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ფუნქციონირებენ. მერიას დაქვემდებარებულ ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ რამდენიმე დაწესებულებაში ამ დრომდე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე უნდა დასრულდეს. გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის განცხადებით, სამუშაოების მიმდინარეობას აკონტროლებენ და მშენებელი კომპანიებისგან მიიღეს დროულად დასრულების პირობა.
დავით წიტაიშვილის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი განახლდება ქუთაისის მეჩვიდმეტე ბაღშიც, სადაც სააღმზრდელო პროცესი ქვეწარმავლების აღმოჩენის გამო არდადეგებამდე შეწყდა.შენობის პირველი სართულის რემონტი ამ დრომდე მიმდინარეობს.
დღემდე შეჩერებულია 33-ე და მე-15 ბაღების შენობებისთვის ოთახების მიშენების პროცესი, რომელიც აღსაზრდელების სიმრავლის გამო შარშან დაიწყო. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მირზა ხიდაშელის ინფორმაციით, საკონტრაქტო პირობების დარღვევისთვის მერიამ ხელშეკრულება შარშანვე გაწყვიტა მშენებელ კომპანიასთან, მშენებლობის გასაგრძელებლად წელს გამოცხადებული ტენდერები კი ორივეჯერ ჩაიშალა. ახლო მომავალში კიდევ გამოცხადდება ტენდერი და მისი ჩაშლის შემთხვევაში მერია სატენდერო პირობებს გადახედავს.
ქუთაისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ჩარიცხვა ამ კვირაში დაიწყო და 15 სექტემბრამდე გასტანს. ქალაქის 38 საჯარო სკოლაში კი წელს2 682 პირველკლასელი დარეგისტრირდა.