ქუთაისის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ, რომელიც მეორე თვეა არსებობს, დღეს მეოთხე შეხვედრა გამართა. 21-წევრიან საბჭოში არიან არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. მსგავსი საბჭო ქუთაისში პირველად სამი წლის წინ შეიქმნა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და საჯარო მოხელეებს აერთიანებდა, თუმცა მხოლოდ ერთი სხდომა გამართა და მუშაობა აღარ გაუგრძელებია. სამოქალაქო მრჩეველთა ამჟამინდელი საბჭოს მდივნის ნუგზარ კოხრეიძის განმარტებით, საბჭოს ფუნქციონირება კანონითაა განსაზღვრული და მისი მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა და მერისთვის რეკომენდაციების გაწევა.
ქუთაისის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მდივნის ნუგზარ კოხრეიძისავე განცხადებით, საბჭოს მუშაობიდან ერთ თვეში გამოჩნდა ამ სტრუქტურისადმი საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, თუმცა საბჭოს წევრები მუშაობით შეეცდებიან მოქალაქეთა ნიჰილისტური დამოკიდებულების შეცვლას და ნდობის მოპოვებას. ამასთან, ნუგზარ კოხრეიძის ინფორმაციით, მრჩეველთა საბჭოს მოქალაქეები უკვე მიმართავენ სხვადასხვა წინადადებით, რომელთა ნაწილზე მუშაობა დაწყებულია. ქუთაისის ვიცე-მერის ნინო თვალთვაძის განცხადებით,თვითმმართველობას სურს, რომ საბჭოს მუშაობა შედეგიანი იყოს და არა ფიქტიური. ვიცე-მერი ამბობს, რომ საბჭო შეიქმნა კონკრეტული მიზნებით და არა მხოლოდ კანონით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად. ნინო თვალთვაძის თქმით, მრჩეველთა საბჭოს აქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ იყოს ქმედითი და თვითმმართველობა მზად არის საბჭოს რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ვიცე-მერის ინფორმაციით, ქუთაისის მერიამ საბჭოს უკვე შესთავაზა გარკვეული დოკუმენტების განხილვა და რეკომენდაციების გაწევა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში მრჩეველთა საბჭო აქტიურადაა ჩართული, ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესებია. საბჭოს წევრის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ომარ კიკვიძის განმარტებით, ამჟამად ქალაქში მოქმედებს 2008 წელს დადგენილი განაშენიანების კოეფიციენტი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს მიღებულ დადგენილებას და მძიმე შედეგებს იწვევს.ომარ კიკვიძის განცხადებით, მოქმედი ნორმების გავლენით ბოლო წლებში ქუთაისისისტორიულ ადგილებში აშენდა მრავალსართულიანი კორპუსები, რაც დაუშვებელია. მერის მრჩევლის ინფორმაციით, ახალი დოკუმენტი მსგავს შემთხვევებს დაარეგულირებს და ქალაქს იერსახესშეუნარჩუნებს.
ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, რომლებსაც სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო განიხილავს, ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა შეიმუშავა. მისი ხელმძღვანელის, ზაზა ჩხიკვაძის, ინფორმაციით, დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისა და საკრებულოში დამტკიცების შემდეგ იგეგმება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნაცდა სამომავლოდ ეს ორი დოკუმენტი ქუთაისის გენერალურ გეგმაში გაერთიანდება. ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით,დაგეგმილია ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების თვის ბოლომდე სრულყოფა და დოკუმენტის საკრებულოსთვის გაგზავნა.
ქუთაისის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროგრამების ხელმძღვანელის ნოდარ ჯიქიას განცხადებით, ორგანიზაცია გეგმავს განმეორებით მოაწყოს გამოფენა, რომელიც ასახავს ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში მიმდინარე უსახურ მშენებლობებს, თვითნებურ მიშენებებსა დაარქიტექტურული იერსახის ხელყოფას.