Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთის კლასტერი - არის თუ არა საფრთხე


კაფე "ჰავანა"
კაფე "ჰავანა"

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქობულეთი მეორედ მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. აპრილში ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მკაცრი კარანტინის ზონად იყო გამოცხადებული კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევების გამო. გაზაფხულზე ქობულეთში ინფიცირების 30-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ეპიდაფეთქება ჩაცხრა. ქობულეთი განსაკუთრებული ყურადღებისა და დაკვრივების ობიექტად იქცა 15 აგვისტოს შემდეგაც, როცა კორონავირუსი ჯერ ერთ-ერთი კაფეს თანამშრომელ ქალს დაუდასტურდა, მომდევნო ორ დღეში კი - მასთან კონტაქტში მყოფ ოთხ პირს.

ე. წ. ქობულეთის კლასტერთან კავშირში მყოფი 60 ადამიანი კარანტინში, 12 კი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ყველა კონტაქტი კაფე „ჰავანის“ თანამშრომელი ქალისაა. მათგან 60-ზე მეტი პირი კაფე „ჰავანის“ თანამშრომელია. ზღვისპირა კაფეს მენეჯმენტმა ახალი მომსახურე პერსონალი დაიქირავა და დღეს აგრძელებს მუშაობას. ეპიდკვლევის შემდეგ ნახევრად ღია კაფეს დახურვის უცილებლობა ეპიდემიოლოგებმა ვერ დაინახეს. კაფე დღისით ცარიელია, თუმცა, როგორც აქ ამბობენ, საღამოს 8 საათიდან მუშაობს და ერთდროულად საშუალოდ 400-500 ადამიანი იყრის თავს. კაფე „ჰავანის“ კრიზისმენეჯერი, ნოდარ ხვიბლიანი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ინფიცირებული თანამშრომელი თერმოსკრინინგს უტარებდა სტუმრებს კაფეს შესასვლელში, თუმცა იგი უკანასკნელი კვირის განმავლობაში მათთან აღარ მუშაობდა. მისივე მტკიცებით, ქობულეთის კლასტერიდან კიდევ ოთხი ინფიცირებული არა მათი თანამშრომელი, არამედ ინფიცირებული ქალის ახლობელია:

კაფე "ჰავანა"
კაფე "ჰავანა"

„65 თანამშრომელს უარყოფითი პასუხი ამოუვიდა. მხოლოდ 2 პიროვნებაზეა დადებითი პასუხი, რომლებიც მასთან ერთად კორპუსში ცხოვრობდნენ. ჩვენ გვინდა, თავიდან ავიღოთ სინჯები, რადგან ბოლომდე არ ვართ დარწმუნებული. შესაძლებელია მათ არ ჰქონდეთ ვირუსი. მე ვუთხარი ეპიდემიოლოგებს, რომ მობრძანდით და ასე გულმოდგინედ, პროლეტარიატის გაქანებით მუშაობთ ჩვენთან კაფეში, სხვაგან რატომ არა?“

შიში გვაქვს ყველას, რომ შესაძლოა წითელ ზონად აღნიშნონ კურორტი. მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ჭორებია.
თეა კეკელიძე

ამბობს ქობულეთის კაფე „ჰავანის“ მენეჯერი, ნოდარ ხვიბლიანი, და გვერდით მდებარე კაფეებზე მიუთითებს. მათ შემოწმებასაც ითხოვს და თანამშრომლების კორონავირუსზე ჩატარებული კვლევის გადამოწმებასაც. საერთოდაც, კორონავირუსის არსებობას აყენებს ეჭვის ქვეშ. მისი მტკიცებით, პირველად გამოვლენილი ინფიცირებული ქალი მათთან აღარ მუშაობდა. ჯანდაცვის სამინისტროში კი ამტკიცებენ, კაფეში არსებული კამერების ჩანაწერების მიხედვით, რომ ინფიცირებული თანამშრომელი ნამდვილად მუშაობდა „ჰავანაში“ და ვირუსის დადგენამდე მხოლოდ უკანასკნელი ორი დღე აღარ გამოჩნდა დასაქმების ადგილას, სავარაუდოდ, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. ჯანდაცვის სამინისტროსავე ინფორმაციით, ქობულეთის ე.წ. კლასტერი კაფე „ჰავანის“ თანამშრომლები არიან.

კაფე „ჰავანის“ გვერდით მოქმედ რესტორან „სანსეტში“ აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც „ჰავანის“ მენეჯმენტმა სხვა კაფეების შემოწმებაც მოითხოვა, „სანსეტში“ 50-ზე მეტ თანამშრომელს ტესტი აუღეს. რესტორანში ეპიდემიოლოგებიც იმყოფებოდნენ:

„შიში მაქვს, რომ შეიძლება დაიკეტოს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტენ, რომ საშიშროება ელოდება მოქალაქეებს. შიში გვაქვს ყველას, რომ შესაძლოა წითელ ზონად აღნიშნონ კურორტი. მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ჭორებია და შესაძლოა არც გამართლდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ ყველა წესს. მუდმივი კონტროლი გვაქვს. ეს ყველაფერი დაინახეს ეპიდემიოლოგებმა“, - ამბობს რესტორან „სანსეტის“ მენეჯერი, თეა კეკელიძე.

ახლა სიტუაცია კონტროლირებადია და არ ვდგავართ საშიშროების წინაშე. თუმცა საყურადღებო და გამომაფხიზლებელი უნდა იყოს ყველასთვის ეს ფაქტი.
ნინო ნიჟარაძე

ქობულეთის მუნიციპალიტეტში რომელიმე კაფეს დახურვის ან, სულაც, მუნიციპალიტეტის დაკეტვის აუცილებლობას ამჟამად ვერ ხედავენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ქობულეთის კლასტერის კონტაქტებიდან PCR ტესტირებისთვის აღებულია კიდევ 110 ნიმუში. კვლევის შედეგები 18 აგვისტოს გაირკვევა. დღეს მან მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ქობულეთის COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებთან, ან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ კაფე „ჰავანაში“, შეუძლიათ უფასო PCR ტესტირება ჩაიტარონ შემდეგ დაწესებულებებში: ქობულეთის კლინიკა „მედჰაუსსა“ და ბათუმში „საოჯახო მედიცინის რეგიონალურ ცენტრში“, სიმპტომების შემთხვევაში კი დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ ცხელების ცენტრებს ბათუმის რესპუბლიკურ ან ინფექციურ საავადმყოფოებში:

„შეიძლება ერთი ან ორი შემთხვევა ისევ იყოს ამ კლასტერით იმ პირებში, რომლებიც უკვე იზოლირებულნი არიან და შემდგომი გავრცელების საშიშროებას ისინი არ წარმოადგენენ. ახლა სიტუაცია კონტროლირებადია და არ ვდგავართ საშიშროების წინაშე. თუმცა საყურადღებო და გამომაფხიზლებელი უნდა იყოს ყველასთვის ეს ფაქტი, იმიტომ რომ ნათელი მაგალითია იმისა, რომ იყო უგულებელყოფილი წესები და სწორედ ამან გამოიწვია. ყველა ძალიან მოდუნდა და არამხოლოდ ქობულეთში“, - თქვა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

XS
SM
MD
LG