რადიო თავისუფლებამ გადახედა მოსკოვის პირდაპირ თუ ირიბ მესიჯებს და ექსპერტებს სთხოვა შეფასება
- რით (არ) არის კმაყოფილი რუსეთი და რაზეა გათვლილი მისი პოლიტიკა?
მოლდოვა და საქართველო - შედარებითი ანალიზი მოსკოვიდან
„უკრაინის გადაქცევა ანტირუსეთად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. კიდევ რომელი ქვეყნები შეიძლება წავიდნენ ამ გზით - ყირგიზეთი, ყაზახეთი?!... რუსეთის გარშემო [ქვეყნებიდან]?“, - ასეთი იყო შეკითხვა, რომელიც 2 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკის პროპაგანდისტმა ტელეწამყვანმა, დმიტრი კისილიოვმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს დაუსვა. ლავროვი კი, საუბარს არა ყირგიზეთითა და ყაზახეთით, არამედ მოლდოვითა და საქართველოთი იწყებს. პირველ ქვეყანაში მას პროდასავლური გეზი არ მოსწონს და „პრაქტიკულად ყველაფერზე წამსვლელი“ პრეზიდენტი, მაია სანდუ აღიზიანებს, თავისი „ამ პროევროკავშირული და პრონატოური დრაივით“. რუსი მინისტრი ამბობს, რომ სანდუ პრეზიდენტად არა მოლდოველმა ხალხმა აირჩია, არამედ „სპეციფიკური“ და „არცთუ დემოკრატიული“ მეთოდებით, დასავლეთმა მოიყვანა და ახლა, იგივე დასავლეთი მოლდოვას „მეორე უკრაინად“ ამზადებს.
ლავროვმა კიშინიოვისგან პასუხი მალევე მიიღო. მოლდოვის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ დასავლეთს სურს მოლდოვა გადააქციოს „შემდეგ უკრაინად“.
მოლდოვისგან განსხვავებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მისაღებია საქართველოს ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. ლავროვს არ აკმაყოფილებს მხოლოდ ყოფილი კოლეგის, ამჟამად პრეზიდენტ - სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკა; მაგრამ „მადლობა ღმერთს, ის [ზურაბიშვილი] არ განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზებს“.
„[საქართველოში] არის მთავრობა. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მინდა ამ მთავრობის კომპრომეტირება პოზიტიური სიტყვებით მისი ქმედებების შესახებ; მაგრამ მე უბრალოდ ციტირებას გავაკეთებ პრემიერ-მინისტრისა და მისი მინისტრებისა, რომლებმაც [დასავლეთის] უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ - რომ შეუერთდნენ სანქციებს, გახსნან „მეორე ფრონტი“, ასეთი ტერმინოლოგიაც კი დამკვიდრდა - ისინი ამბობენ: იცით, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით; ჩვენ ვაჭრობა გვაქვს რუსეთთან, ჩვენ ტურიზმი გვაქვს რუსეთთან; ენერგომატარებლებს ვიღებთ და ეს შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს“, - თქვა ლავროვმა.
ის ფიქრობს, რომ დასავლეთს, უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, „მორიგ გამაღიზიანებლად“ საქართველოს გადაქცევა და „სააკაშვილისეულ აგრესიულ დროში“ დაბრუნება სურს.
„ფრთხილი" თუ „კომფორტული“?
კიშინიოვისგან განსხვავებით, ლავროვისთვის საქართველოს ხელისუფლებას არ უპასუხია, არც თებერვალში და არც მანამდე, იანვარში გაკეთებული მსგავსი განცხადებების შემდეგ. მაშინაც, კომენტარები მხოლოდ მედიის შეკითხვების საპასუხოდ გაკეთდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მთავარია არა „შეფასება, არამედ რეალობა“ და მთავრობის მიზანი - „საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და გატარება“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ „რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე“ ლაპარაკი „მცდარი პროპაგანდისტული კლიშეა“ და წარსულის გაკვეთილის კარგად გააზრების გამო, „ქართული ოცნება“ მხოლოდ „ფრთხილ და გონივრულ“ პოლიტიკას ატარებს და საერთაშორისო ფორუმებზე რუსეთის საწინააღმდეგო მტკიცე პოზიციას იკავებს.
„ქართული ოცნება“ საქართველოს ტერიტორიების რუსული ოკუპაციის პასუხისმგებლობას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაზე ანაწილებს.
უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტს, დავით ბრაგვაძეს არ უკვირს, რომ რუსეთს მოლდოვისა და საქართველოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, რადგან უკრაინის მიმართ „მორალური მხარდაჭერის ხარისხი“ საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლებების მხრიდან, ერთმანეთისგან „ცალსახად განსხვავდება“.
„საქართველოს პოზიცია საკმაოდ კომფორტულია რუსეთის ხელისუფლებისთვის“, - ამბობს ბრაგვაძე, რომლის შეფასებითაც „საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით ღიად ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებს“.
რა არის ამის ინდიკატორი?
„პირველი ის, რომ მმართველ პარტიასთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობას ქმნის ფორმალურად გამოყოფილი ჯგუფი [„ხალხის ძალა“], რომელიც ძალიან მკაფიო ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა. ჩემთვის ასევე ინდიკატორია ის ხაზი, რაც პროსახელისუფლებო მედიას აქვს საქართველოში. ანტიდასავლური სიუჟეტები, მესიჯები... აშშ-ის ელჩის, დასავლელი პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარების შესახებ... ეს ყველაფერი ქმნის მძიმე ფონს. სამწუხარო დასკვნების გამოტანის საფუძველს“, - ეუბნება დავით ბრაგვაძე რადიო თავისუფლებას და იქვე ამატებს, რომ "საქართველოს ხელისუფლების პარტნიორების წრე დასავლეთში არის მკვეთრად ლიმიტირებული" და ამ წრეში ვხვდებით "ძირითადად ევროკავშირის იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ან არა აქვთ დიდი გავლენა პოლიტიკაზე, ევროკავშირის შიგნით, ან არიან არადემოკრატიული რეჟიმები და მაგალითად - უნგრეთი".
ბრაგვაძის თქმით, რუსეთში იცნობენ საქართველოში მიმდინარე დისკუსიებს, ამაზე ლავროვის მიერ "მეორე ფრონტის" ხსენებაც მეტყველებს და არც ის გამოეპარებოდათ, "თუ როგორი აღფრთოვანებით" შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები ლავროვის გახმოვანებულ შეთავაზებას - პირდაპირი ავიარეისების სავარაუდო აღდგენასთან დაკავშირებით.
რას ნიშნავს მოსკოვის სიგნალები?
ამ შეკითხვას რუსეთის მედია პასუხობს.
„ოფიციალური თბილისისთვის ასეთი სიგნალების [ფრენის განახლება და სავიზო რეჟიმის გაუქმება] გაგზავნით, მოსკოვი, სავარაუდოდ, ახდენს საქართველოს ხელისუფლების წახალისებას რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებისთვის - კერძოდ, [იგულისხმება] დისტანცირება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან და ხელისუფლების მხრიდან გახმაურებული მუქარა - მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ იმ ქართველებისთვის, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ დონბასში დაღუპული 33 ქართველის ჰეროიზაციაზე უარის თქმა; ასევე გადაწყვეტილება, რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების არდაწესების შესახებ (საქართველო შეუერთდა მხოლოდ დასავლეთის მიერ დაწესებულ საფინანსო სანქციებს); ასევე ზოგიერთი ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის ქვეყანაში [საქართველოში] შეშვების აკრძალვა“, - წერს რუსული გამოცემა „კომერსანტი“. სტატიაში ჩამოთვლილი საკითხებში საქართველოში, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ეტაპზე, მართლაც მწვავე სადისკუსიო თემად იქცა.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მოსკოვი მიესალმება, რომ დეკემბერში საქართველოში არ შეუშვეს გამოცემა „ხოლოდის“ პოდკასტების რედაქტორი ალექსეი პონომარიოვი, რომელიც მანამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში და ბინა ჰქონდა ნაქირავები.
რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს ცა არაერთმა ქვეყანამ, და მათ შორის - ევროკავშირმა ჩაუკეტა, საქართველოსთან ფრენის აღდგენაზე, ექსპერტების აზრით, რუსეთი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს.
- „ტურინდუსტრიის კავშირზე“ დაყრდნობით, რუსეთის მედია წერს, რომ რეგულარული პირდაპირი რეისების აღდგენის შემთხვევაში, „მოგზაურების რიცხვი რუსეთიდან საქართველოში შესაძლოა, მყისიერად, 30%-ით გაიზარდოს“;
- რუსეთის „ტურინდუსტრიის კავშირში“ ადგილობრივ მედიასთან აცხადებენ, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში, თბილისი და ქუთაისი, ერევნის მსგავსად, რუსებისთვის იქცევიან „მსხვილ სატრანსპორტო ჰაბებად საზღვარგარეთ მოგზაურობის დაგეგმვის დროს“.
დასავლელმა პარტნიორებმა - აშშ-მა და ევროკავშირმა გააფრთხილეს საქართველო, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა აგრესორი ქვეყნის ხელშეწყობად ჩაითვლება და სანქციების რისკს შექმნის.
ამან აღაშფოთა რუსეთის სათათბიროს ზედა პალატის ვიცე-სპიკერი, კონსტანტინ კოსაჩევი და მან 5 თებერვალს ტელეგრამარხზე დაწერა, რომ საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, დასავლეთის „სათაგურში“ მოხვდა. სიტყვა „სათაგური“, ევროკავშირთან მიმართებით, „ხალხის ძალის“ ლექსიკონშიც მოიძებნება.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ყოფილი ელჩის დანიაში, გიგი გიგიაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება „აკეთებს ყველაფერს, რომ ასიამოვნოს რუსეთის ხელისუფლებას“ და ამაზე, მისი შეფასებით, თავად მოსკოვიდან წამოსული მესიჯების შინაარსი მეტყველებს.
„ვერ ვხედავ, რა უნდა იყოს გამოსავალი ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. შეუძლებელია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს და შავზე იძახო თეთრი“, - ამბობს გიგიაძე.
ექსპერტს უკვირს, NDI-ის ბოლო კვლევით, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების ზრდა, თუმცა იქვე სავარაუდო ახსნაც აქვს: „მათ შექმნეს ცრუ შიშები - დასავლეთის ძალების მიერ საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებით და ხალხს ამშვიდებენ, ამას ჩვენ არ დავუშვებთო“.
ლავროვის განცხადებებში ანალიტიკოსები საქართველოსთან მიმართებით მკაფიო გეგმებსაც ხედავენ და შემთხვევითად არც იმას თვლიან, რომ საქართველოსთან მიმართებით „3+3“ ფორმატი ახსენა.
„იმისთვის, რომ ამ რეგიონში იყოს შექმნაზე ორიენტირებული კონსტრუქციული უპირატესობა, ჩვენ ხელს ვუწყობთ ფორმატ „3+3“-ს. 3 სამხრეთ კავკასიის ქვეყანაა - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი და ასევე 3 დიდი მეზობელი ქვეყანა - რუსეთი, თურქეთი და ირანი. პირველი ასეთი კონტაქტი შედგა და გავაგრძელებთ“, - თქვა ლავროვმა კისილიოვთან ინტერვიუში.
„რასაკვირველია, რუსეთი ამ ფორმატით კვლავაც დაინტერესებულია. ეს არის ჩვენი რეგიონის დასავლეთისგან იზოლირებისა და „გავლენის სფეროების“ დაკანონების გეგმა, სადაც, მისი ხედვით, არაფერი ესაქმება ევროკავშირსა და ნატოს. რუსეთს აქვს იმედი, რომ ამ ფორმატის ფარგლებში, თავს მოგვახვევს იმ „ახალ რეალობას“ და დაგეგმილი აქვს, რომ ამ ფორმატში შემოიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, რომლებიც მან დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. რუსეთის გადმოსახედიდან, ეს არის ჩაფიქრებული „3+5“ ფორმატად“, - ეუბნება გიგი გიგიაძე რადიო თავისუფლებას. მისი შეფასებით, ამ დისკუსიაში შეყოლაც კი სახიფათოა.
პარალელურად, რუსეთი ცდილობს, რომ ჩაშალოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოქმედებს. თებერვლის ბოლოსთვის დანიშნული მორიგი რაუნდი აპრილისთვის გადაიდო. ოკუპირებულმა აფხაზეთმა არ მიიღო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეები, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.
18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი მიესალმება, აფხაზეთმა და სამხრეთმა ოსეთმა საქართველოსთან ურთიერთობები რომ ააწყონ, და ახსენა ისიც, რომ თბილისს კარგა ხნის წინ აქვს წარმოდგენილი სოხუმსა და ცხინვალთან „ეკონომიკური თანამშრომლობის გეგმა“, რომელიც უნდა ამუშავდეს. ლავროვის განცხადებები ფრიად მოეწონათ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.