Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაგრძელება იქნება“ - უკრაინული კონტრშეტევა და ტყვეთა დაბრუნება


უკრაინელი სამხედროები სტოროჟევეს დეოკუპაციის შემდეგ. 12 ივნისი, 2023 წელი.
უკრაინელი სამხედროები სტოროჟევეს დეოკუპაციის შემდეგ. 12 ივნისი, 2023 წელი.

„გეგმებს უყვართ სიჩუმე“, „გაგრძელება იქნება“ - ამ მთავარი სლოგანების ფონზე, უკრაინის ხელისუფლებამ, ბოლო დღეებში, დეოკუპაციის რამდენიმე ფაქტი დაადასტურა. მძიმე ბრძოლების პროცესში, სამხედრო ექსპერტები ფრონტის მეორე ხაზის მასშტაბური გარღვევისა და ბევრად მნიშვნელოვანი შედეგების მოლოდინში არიან.  

პარალელურად, უკრაინა განაგრძობს სამხედროების გათავისუფლებას საოკუპაციო რეჟიმის მძიმე ტყვეობიდან. 11 ივნისს ოჯახებს 95 უკრაინელი სამხედრო დაუბრუნდა, მათ შორის - „აზოვსტალის“ მცველები.

დადასტურებული და დაუდასტურებელი

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებულ ცნობის თანახმად, „უკრაინული ძალები კონტრშეტევით ოპერაციებს ახორციელებენ ფრონტის ხაზის სულ მცირე სამ მონაკვეთზე“. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ISW წერს, რომ ეს მიმართულებებია: ბახმუტის ჩრდილოეთი და სამხრეთი ფლანგები; სოფელ ველიკაია ნოვოსიოლკას სიახლოვეს (დონეცკის ოლქის დასავლეთი ნაწილი) და ასევე, ზაპოროჟიეს ოლქში - ორეხოვის მიმართულება.

  • უკრაინამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა ბლაჰოდატნეს (მარიუპოლიდან 90 კმ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაზე), მაკაროვკისა და სტოროჟევეს დეოკუპაცია;
  • სხვადასხვა წყარო აღნიშნავს ასევე - უკრაინის არმიის წარმატებებს - სოფელ ნესკუჩნოესა და ნოვოდაროვკაში (გავრცელებული არაერთი ვიდეო ასახავს ამ დასახლებებში უკრაინული დროშის აღმართვის ფაქტს).

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა, 12 ივნისს, თავის ტელეგრამარხზე, მადლობა გადაუხადა საზღვაო ქვეითთა 35-ე ცალკეული ბრიგადის შემადგენლობას . „სახელმწიფო დროშა ისევ ფრიალებს სტოროჟევეს თავზე და ასე იქნება ყოველ დასახლებულ პუნქტში, ვიდრე ჩვენ არ გავათავისუფლებთ უკრაინის მთელ მიწას“, - წერს მალიარი და ტექსტის ბოლოს აღნიშნავს - „გაგრძელება იქნება...“

35-ე ბრიგადის მიერ 12 ივნისს, დილის 9 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის მიერ 2022 წლის მარტიდან ოკუპირებული სტოროჟევეს გათავისუფლების ოპერაცია გათენების 5 საათისთვის დაიწყო; კონტრშეტევაში მონაწილეობდნენ ოდესელი საზღვაო ქვეითები, რომლებმაც გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თითქმის 50 სამხედრო და სოფლის თავზე უკრაინის დროშა აღმართეს. უკრაინულმა არმიამ აიყვანა ტყვეებიც.

მანამდე, 11 ივნისს, ანა მალიარმა თავის ტელეგრამარხზე დაწერა, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელებმა დაიბრუნეს დამატებით - 250 მეტრი; ხოლო სამხრეთით - ორ მიმართულებაზე, 300-დან 1500 მეტრი. „მიმართულებებზე, სადაც ჩვენი ჯარი თავდაცვაშია, არცერთი პოზიცია არ დაკარგულა“, - აღნიშნავს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, უკრაინულმა არმიამ კონტრშეტევითი ოპერაცია ბატალიონების დონეზე წამოიწყო, რაც ასევე მოიცავს „დაზვერვას ბრძოლით“ და მიზანია - მოწინააღმდეგის თავდაცვის პირველი ხაზის განადგურება; ხოლო მეორე ხაზის გარღვევა, მათი თქმით, უკვე ბრიგადების დონეზე გადასაწყვეტი ამოცანაა.

უკრაინელი ექსპერტის, მფრინავ-ინსტრუქტორის, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის, რომან სვიტანის პროგნოზით, „ერთი კვირის განმავლობაში, ამ კვირის ბოლოსკენ უკვე გამოჩნდება გარღვევის წერტილები, ფრონტის მთელ ხაზზე - ორეხოვიდან კუპიანსკამდე“, შემდეგ კი უკვე - „შეირჩევა ერთი ძირითადი და რამდენიმე დამატებითი მიმართულება, რეალური გარღვევისთვის და ფრონტის კასკადური ჩამოშლისთვის“.

უკრაინელი ექსპერტების შეფასებით, მთავარი გარდატეხა ყირიმს უკავშირდება; რომლის მიმართულებით კონტრშეტევაც რუსეთმა კახოვკის ჰესის აფეთქებით, დაახლოებით ერთი თვით შეაჩერა. ველიკაია ნოვოსიოლკას მიმართულებით მცირე ზომის კაშხლის აფეთქებით კი [11 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია], რუსეთი „მაქსიმუმ ერთ დღეს მოიგებს“.
სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კონტრშეტევის პროცესში პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტერიტორია, სადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უწევთ გადაადგილება, მჭიდროდ არის დანაღმული და მაქსიმალურ სიფრთხილეს საჭიროებს, რაც მათ ტემპებზეც აისახება.

დასახლებული პუნქტების დეოკუპაციის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია შეტევების შესახებ - რუსეთის არმიის საწყობებზე, სამეთაურო შტაბებსა და ლოგისტიკურ გზებზე - მათ შორის სარკინიგზო ხაზებზე. როგორც იუწყებიან, ფაქტების ნაწილი პარტიზანების ნახელავია.

უკრაინის სახელმწიფო სამხედრო სტრუქტურები სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს - „სიჩუმის რეჟიმის“ შენარჩუნებას ურჩევენ.

„გეგმებს უყვართ სიჩუმე“ - ამ მოწოდებით, ბოლო პერიოდში არაერთი ვიდეო გავრცელდა; როცა, მაგალითად - გაჩუმების ნიშნად სამხედროებს საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიაქვთ. კლიპებსა თუ განცხადებებში ასევე დომინირებს სლოგანი - „გაგრძელება იქნება“.

ეს სლოგანები ჩნდება თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ 33-წამიან ვიდეოშიც. კადრში ჩანს უწყების ხელმძღვანელი - კირილ ბუდანოვი, რომელიც უსიტყვოდ იყურება წინ და კამერა მას თანდათან უახლოვდება. ბოლო კადრში - ბუდანოვი მსუბუქად აქნევს თავს და მის სახეზე თითქოს ღიმილიც ჩნდება.

სოციალურ ქსელებში ჩანს, რომ ამ ტიპის ვიდეოები იმედით აღავსებენ უკრაინის მოქალაქეებს.

რეაქციები რუსეთში

რუსეთის მხარე იგნორირებას უკეთებს უკრაინის არმიის წინსვლას. ხშირად ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია - ამა თუ იმ ტერიტორიის „კვლავ დაბრუნების“ შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 12 ივნისის ინფორმაციით, ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეინიშნებოდა დონბასში, ავდეევკისა და მარინკის სიახლოვეს, სადაც „წარმატებით იქნა მოგერიებული ნაციონალისტების ორი შეტევა“.

რუსი სამხედროები ჰყვებიან, რომ - უკრაინელები აღჭურვილი არიან ღამის ხედვის შეიარაღებით და ამიტომ - თავდასხმის დროს იოლად ოპერირებენ სიბნელეშიც.

უკრაინული კონტრშეტევის შედეგების მოლოდინი იმდენად თრგუნავს რუსეთის მოქალაქეებს, და ამას სოციალური ქსელებიც ადასტურებს, რომ ამ თემებზე სასაუბროდ, რუსულ არხებზე ბოლო დღეებში ხშირად ჩნდება თავად პუტინი. უკრაინელ ექსპერტებს სასაცილოდაც არ ჰყოფნით მისი სიტყვები, რომ - უკრაინელებმა ბრძოლის ველზე „სტრატეგიული რეზერვი აამოქმედეს“ და „ვერცერთ მიმართულებაზე ვერ წაიწიეს წინ“.

უკრაინელი ექსპერტების შეფასებით, პროცესში არ არის ჩართული „სტრატეგიული რეზერვი“, რომელიც ახლა ფრონტის ხაზიდან „50-100 კილომეტრის დაშორებით დგას“.

პუტინმა 11 ივნისს თქვა, რომ რუსეთის ჯარს „თანამედროვე იარაღი არ ჰყოფნის“. ერთი წლის წინ კი, პროკრემლისტური სააგენტოები ავრცელებდნენ მის შემდეგ სიტყვებს: „რუსეთის არმია ყველაზე მძლავრია მსოფლიოში, ხოლო მიმდინარე სიტუაცია კიდევ უფრო გააძლიერებს მას“.

ცნობილმა რუსმა სამხედრო ანალიტიკოსმა, მიხაილ ხოდარიონოკმა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე განაცხადა, რომ უკრაინელებს წარმატებული შეტევისთვის საკმარისი ძალა აქვთ და არ ღირს თავის დამშვიდება „განადგურებული ლეოპარდების ვიდეოებით“, რადგან „ტექნიკის განადგურება ბრძოლის განუყოფელი ნაწილია“.

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ბოლო პერიოდში ბრძოლის ველზე გაანადგურეს Leopard-ის ტიპის, სულ ცოტა, 7 გერმანული ტანკი. სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ვიდეოკადრები რამდენიმე დღეა ვრცელდება რუსულ სოციალურ ქსელებში.

BILD-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არ ფლობენ ცნობებს ტანკების აფეთქების შესახებ და შესაბამისად, არა აქვთ პასუხი - ჩანაცვლდება თუ არა ისინი ახლით.

„აზოვსტალის“ მცველების მორიგი დაბრუნება

დასახლებული პუნქტების დეოკუპაციის პარალელურად, 11 ივნისს გავრცელდა ცნობები ტყვეთა გაცვლის კიდევ ერთი მასშტაბური აქტის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა 11 ივნისს ტელეგრამარხზე დაწერა, რომ 95 დაბრუნებულ სამხედროს შორის 93 - რიგითი და სერჟანტია, ხოლო კიდევ ორი - ოფიცერი.

„თავიანთ ოჯახებს უბრუნდებიან ტყვეები მარიუპოლიდან, ჩერნობილის ატომური სადგურიდან, კუნძულ ზმეინიდან, ბახმუტიდან და ასევე „აზოვსტალის“ მცველები“ , - ერმაკმა ასევე დააზუსტა, რომ მოხერხდა იმ სპეცოპერაციის მონაწილეთა დაბრუნებაც, რომლებიც ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ვერტმფრენით ჩაფრინდნენ.

  • 2023 წლის მაისში, უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში დაიბრუნა „აზოვსტალის“ 45 მცველი სამხედრო;
  • „აზოვსტალის“ მცველები იყვნენ - 2023 წლის აპრილში დაბრუნებულ 100 უკრაინელ სამხედროს შორისაც;
  • 2023 წლის მარტის დასაწყისში - ოჯახებს 130 უკრაინელი სამხედრო დაუბრუნდა;
  • 2022 წლის სექტემბერში, პატიმრების ფართომასშტაბიანი გაცვლის ფარგლებში, რუსეთმა გაათავისუფლა „აზოვსტალის“ მცველი ხუთი მეთაური და აზოვის პოლკის 108 ჯარისკაცი.

ანდრეი ერმაკი წერს, რომ დაბრუნების პროცესი ბოლო სამხედრომდე გაგრძელდება, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. პრეზიდენტის ოფისი იტყობინება, რომ ტყვეთა დაბრუნების მიზნით შექმნილი სპეციალური საკოორდინაციო შტაბი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

რომან სვიტანი ამბობს, რომ - ტყვეების გაცვლა ომის დაწერილი და დაუწერელი კანონებით რეგულირდება და მისი ერთადერთი ხელის შემშლელი - „პოლიტიკური პიარია“.

„ეს [უკრაინელი სამხედროების დაბრუნება] ძალიან კარგი ამბავია და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ შესრულებული საქმეა. ასეთი პროცესი სიჩუმეს მოითხოვს. 2014 წელს თავად ვიყავი ჩართული ტყვეთა გაცვლის პროცესში. მედვედჩუკი [სახელმწიფოს ღალატის მუხლით გასამართლებული, ამჟამად რუსეთში მყოფი] ცდილობდა მაშინ პროცესში ჩართვას... როგორცკი პოლიტიკოსები ერთვებიან, ტყვეთა გაცვლა ჩერდება“, - აცხადებს სვიტანი უკრაინული 24 Канал-ის ეთერში.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს ემოციურ კადრებს - თუ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს „აზოვსტალის“ მცველი მესაზღვრე და მისი ძაღლი, გერმანული ნაგაზი. როგორც იუწყებიან, ძაღლი ოკუპირებულ მარიუპოლში იყო დარჩენილი, ხოლო მისი პატრონი ბევრი თვის განმავლობაში რუსი დამპყრობლების ტყვეობაში იმყოფებოდა. ახლა ისინი კვლავ ერთად არიან.

2022 წლის გაზაფხულზე აზოვის პოლკის ჯარისკაცები „აზოვსტალის“ ქარხანაში თითქმის ორი თვის განმავლობაში იყვნენ გამაგრებული. მაისის შუა რიცხვებში, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანებით, მათ დატოვეს ქარხანა და რუსებს ჩაბარდნენ. რუსული მხარის ინფორმაციით, სულ ჩაბარდა თითქმის 2,5 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი.
2022 წლის 2 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ტყვეობიდან დაიბრუნა 94 სამხედრო.

უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ რუსეთში გამგზავრების წინ, ერთ-ერთმა მებრძოლმა უარი განაცხადა და რუსეთის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი გამოთქვა. როგორც მამაკაცი ამბობს, მანამდე ის „ვაგნერის“ შემადგენლობაში იბრძოდა. ეს სამხედრო ამოიცნო „ვაგნერის“ უფროსმა, ევგენი პრიგოჟინმა და მას სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG