Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ დონეცკის ოლქში გაათავისუფლეს კიდევ ერთი სოფელი


უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 11 ივნისს განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში დეოკუპირებულია სოფელი ბლაგოდატნოე
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 11 ივნისს განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში დეოკუპირებულია სოფელი ბლაგოდატნოე

უკრაინამ რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებულად გამოაცხადა დონეცკის ოლქის კიდევ ერთი სოფელი - სტოროჟოვე.

უკრაინის თავდაცვის ძალების საზღვაო ქვეითთა 35-ე ბრიგადის მიერ დღეს, ადგილობრივი დროით დილის 9 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის მარტიდან ოკუპირებული დასახლებული პუნქტის გათავისუფლების ოპერაცია დილის 5 საათისთვის დაიწყო. ბრიგადის თანახმად, კონტრშეტევაში მონაწილეობდნენ ოდესელი საზღვაო ქვეითები, რომლებმაც გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 50-მდე წარმომადგენელი, 4 დაატყვევეს და სოფლის თავზე უკრაინის დროშა აღმართეს.

ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმაც.

11 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში დეოკუპირებულია სოფლები ბლაგოდატნოე და მაკაროვკა. სოფელი სტოროჟოვე მათ მეზობლად მდებარეობს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) საჯარო წყაროებით გავრცელებული ვიზუალური და სხვა მასალების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ 10 და 11 ივნისს, უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევის ოპერაცია ჩაატარეს ფრონტის ხაზის სულ მცირე სამ მონაკვეთზე და დონეცკის დასავლეთში არაერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის გარდა, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში, თუმცა უკრაინის მხრიდან გარღვევაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთი ცდილობს უკრაინის წარმატების მნიშვნელობა შეამციროს და ირწმუნება, რომ უკრაინელები მოქმედებენ ე.წ. რუხ ზონებში, ანუ იმ რაიონებში, რომლებსაც რუსეთის ძალები სრულად ვერც კონტრშეტევის დაწყებამდე აკონტროლებდნენ.

XS
SM
MD
LG