Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა დახმარების ძიებაში - უნგრეთი უკრაინის წინააღმდეგ


ზელენსკი და ორბანი არგენტინაში. 10 დეკემბერი, 2023 წელი.
ზელენსკი და ორბანი არგენტინაში. 10 დეკემბერი, 2023 წელი.

პრეზიდენტ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანს შორის არგენტინაში გამართული, ერთი შეხედვით დაძაბული საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში კონგრესს და პრეზიდენტ ბაიდენს ხვდება, უნგრეთის პრემიერის მოკავშირეები კი, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ვაშინგტონშიც ეძებენ უკრაინის დახმარების დაბლოკვის გზებს.

ბრიუსელმა ჯერ ისევ ვერ გადალახა ორბანის წინააღმდეგობა ევროპული საბჭოს კარსმომდგარი [14-15 დეკემბერი] სამიტის წინ.

აშშ-ის ნაციონალური თავდაცვის უნივერსიტეტში გამოსვლისას, ორშაბათს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის დახმარების დაგვიანებით პუტინი რჩება კმაყოფილი.

ორბანის აქტიურობას ექსპერტები რუსეთისთვის სარგებლის მოტანის მიზანსაც უკავშირებენ.

უნგრეთი უკრაინის წინააღმდეგ

არავინ იცის, ზუსტად რა უთხრა ზელენსკიმ ორბანს 10 დეკემბერს, როცა არგენტინაში, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასულები, ერთმანეთს პარლამენტის დარბაზში შეხვდნენ და კედელთან მდგომები ემოციურად საუბრობდნენ. გავრცელებული ვიდეო უხმოა, მაგრამ შინაარსი ბევრმა უკრაინის პრეზიდენტის სახეზე ამოიკითხა.

მოგვიანებით, ზელენსკიმ თქვა მხოლოდ ის, რომ ორბანს „მაქსიმალურად გულახდილად“ ელაპარაკა და საუბარი „ევროპულ საქმეებს“ შეეხებოდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრ ოლგა სტეფანიშინას სიტყვებზე დაყრდნობით „უნიანი“ წერს, რომ ზელენსკისთან დაუგეგმავი საუბრის დროს, ორბანმა მიანიშნა, რომ „უნგრეთისთვის ევროკავშირის ფინანსების განბლოკვა წარმოადგენს ერთ-ერთ ასპექტს კიევის მიმართ მის პოზიციაში“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკომისიამ შეიძლება მწვანე შუქი აუნთოს უნგრეთისთვის 10-დან 13 მილიარდ ევრომდე გამოყოფას, რომელიც ადრე ბრიუსელმა გაყინა, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. რჩება კიდევ 9 მილიარდი ევრო, რომლის განბლოკვაც ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა ჯერ ისევ უცნობია - საბოლოოდ დააკმაყოფილებს თუ არა ორბანს მხოლოდ ეს გადაწყვეტილება.

ის ფაქტი, რომ ორბანმა შესაძლოა უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხი დაბლოკოს, [რაც პაკეტის მთლიანობის გათვალისწინებით, სხვა ქვეყნებსა და მათ შორის - საქართველოსაც შეეხება], ზელენსკი მხოლოდ ევროკავშირის მიმართულებით შექმნილ პრობლემად არ განიხილავს. „[ეს ექნება] არსებითი გავლენა უკრაინის საზოგადოებისა და ჯარის მოტივაციაზე“, - უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები საყურადღებო აღმოჩნდა საერთაშორისო მედიისთვის. სოციალურ ქსელებში კარგად ჩანს, რომ უკრაინაში შიშობენ - შესაძლოა გადაიდოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი .

14-15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სხდომაზე ასევე უნდა გადაწყდეს უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი; აქედან 50 მილიარდი - ეკონომიკური დახმარებაა, ხოლო 20 მილიარდი - სამხედრო დახმარება. ფინანსური დახმარების საკითხი ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მით უფრო ახლა, როცა აშშ-ის კონგრესი ჯერ ისევ ბლოკავს პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივას - 60 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.

11 დეკემბერს, შეხვედრა უკვე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართა. უკრაინელი და უნგრელი კოლეგები - დმიტრო კულება და პიტერ სიიარტო ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს. „ვისაუბრეთ ერთი საათის განმავლობაში, იყო ხანგრძლივი, გულახდილი საუბარი“, - კულებამ უკრაინულ მედიას დეტალები არ გაუმხილა, მაგრამ თქვა, რომ უნგრელ კოლეგას საერთო ევროპულ მომავალზე ელაპარაკა.

ორბანს აზრი არ შეუცვლია.

12 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, საკუთარი პოზიციის კვლევის შედეგებით გამყარებას ცდილობდა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უნგრელების 72% წინააღმდეგია, რომ უკრაინა სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში.

„ჩვენი პოზიცია ემყარება ერთს და მხოლოდ ერთს: უნგრელი ხალხის ნებას“, - წერს ის სოციალურ პლატფორმა X-ზე.

12 დეკემბერს, ორბანმა X-ზე ასევე დაწერა, რომ „ბიუროკრატები ბრიუსელში ევროპელ ხალხს არ წარმოადგენენ!“. ამის დასტურად, აღნიშნავს, რომ ევროპელების 71%-ს სურს რუსეთ-უკრაინის ომის სასწრაფოდ დასრულება; ხოლო 73% ეთანხმება სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის.

ორბანის მიერ აფიშირებული კვლევის შედეგები ბევრმა გააშარჟა, რადგან საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარებულია Századvég Foundation-ის მიერ, რომელიც უნგრეთის კონსერვატორული პოლიტიკური ანალიტიკური ცენტრია. ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ კვლევა საკუთარ შვილებს დაუკვეთა და სასურველი შედეგი მიიღო.

8 დეკემბერს, როცა ორბანი საფრანგეთში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც შეხვდა, ფრანგულ Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ: „უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში“.

„ორბანი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დახმარების საკითხს არ დაამტკიცებს კონგრესი და სწორედ ამიტომ ცდილობს დაბლოკოს ევროკავშირის დახმარებაც“, - წერს ბრიტანული „გარდიანი“ აშშ-ში უნგრეთის საელჩოსთან დაახლოებულ ინკოგნიტო დიპლომატზე დაყრდნობით.

ზელენსკი და ორბანის მოკავშირეები აშშ-ში

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორბანის მოკავშირეები ვაშინგტონში უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე რესპუბლიკელებთან შეხვედრას დახურულ კარს მიღმა აპირებდნენ, 11 დეკემბერს, ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ დაწერა. მიზნად დასახელდა - „აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების შეწყვეტა“.

11-12 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრის მონაწილეებად უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები და ვაშინგტონში უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლები სახელდებიან. „გარდიანის“ ინფორმაციით, 2-დღიანი დახურული შეხვედრა ორგანიზებული იყო კონსერვატორული ანალიტიკური ცენტრის - Heritage Foundation-ის მიერ.

თუმცა გამოცემა ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ რესპუბლიკელებთან კარგი ურთიერთობების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ორბანი ფლობდეს რაიმე ზეგავლენის ბერკეტებს“ აშშ-ის მხრიდან უკრაინის დაფინანსების საკითხზე.

უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის საკითხს, აშშ-ის კონგრესში, რესპუბლიკელების გარკვეული ნაწილი უკვე თვეებია ისედაც ბლოკავს.

„ყველა თქვენგანმა იცის, რას ნიშნავს ჯარისკაცისთვის - ელოდოს საბრძოლო მასალებს; ელოდოს კვირებისა და თვეების განმავლობაში და არ იცოდეს - საერთოდ იქნება თუ არა დახმარება. სამეთაურო გამოცდილების გათვალისწინებით, თითოეულმა თქვენგანმა იცის, რას ნიშნავს, როცა წინ წაწევის ნაცვლად მხოლოდ უყურებ და ელოდები საბრძოლო მასალებსა და აღჭურვილობას. როცა შენი მტერი კმაყოფილია“, - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ის ნაციონალური თავდაცვის უნივერსიტეტში სამხედროების წინაშე გამოსვლისას და დაამატა, რომ კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები შთააგონებს მხოლოდ პუტინსა და მის ავადმყოფ გარემოცვას და ოცნების ახდენის იმედს უჩენს.

ამავე გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს იმისათვის, რომ „აშშ-სა და უკრაინას შეუძლიათ აწარმოონ იარაღი ერთობლივად - აუცილებელი თავისუფლების დასაცავად“.

ზელენსკი ასევე ამბობს, რომ უკრაინა მზად არის თავის ტერიტორიაზე „ევროპული თავდაცვის ჰაბის“ შესაქმნელად.

მანამდე, ასევე X-ზე, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკელ მუშებს. „ჩემი მადლიერება ყოველ ამერიკელ მუშას, იარაღის დამზადებისთვის - რომელიც გვეხმარება დავიცვათ ჩვენი ხალხი და დავიცვათ ჩვენი მიწა“, - წერს ზელენსკი, რომლის ინფორმაციითაც, აშშ-ში თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს „თავისუფლების მტერი“ უწოდა. „პუტინი უნდა დამარცხდეს!“ - არაერთხელ გაიმეორა მან, რასაც დარბაზში ტაში მოჰყვა.

აშშ-ის ნაციონალური თავდაცვის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის მიმართ მყარი დახმარების აუცილებლობაზე ილაპარაკა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა.

„ამერიკა იქნება უფრო უსაფრთხო, თუკი ჩვენ წინ აღვუდგებით პუტინის მზარდად აგრესიულ რუსეთს“, - ოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ აგრესორი არ უნდა წყვეტდეს, „რომელმა ქვეყნებმა იცოცხლონ და რომლები დაიღუპონ“.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, რომ აშშ და უკრაინა სტრატეგიის შეცვლაზე ფიქრობენ, რუსეთთან ომში კონტრშეტევის მარცხის შემდეგ.

„ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირების თანახმად, ამერიკელი და უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები ეძებენ ახალ სტრატეგიას, რომლის განხორციელებასაც მომავალი წლის დასაწყისში შეძლებენ, რათა ააღორძინონ კიევის წარმატებები და გააძლიერონ უკრაინის დახმარება რუსეთთან ომში“, - ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით „ნიუ-იორკ ტაიმსი“ აღნიშნავს, რომ - რუსეთი, რომელმაც 2022 წელს ვერ მიაღწია კიევის აღების მიზანს, „ახლა უფრო მრავალრიცხოვან ჯარს, საბრძოლო მასალებსა და რაკეტებს ფლობს“ და საცეცხლე უპირატესობას მიაღწია სამხედრო დრონების საშუალებით, „რომელთა დიდი ნაწილიც ირანიდან მიეწოდება“.

გაზეთი აღნიშნავს ასევე, რომ - ამერიკისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა, ხშირად - დაძაბული საუბარი.

12 დეკემბერს, პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრამდე, პრეზიდენტი ზელენსკი სენატორების წინაშე წარდგა. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან.

ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია 12 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრისთვის დაიგეგმა.

თუკი მიმდინარე კვირის ბოლომდე უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, შემდეგ კონგრესს არდადეგები ეწყება. ამერიკული მედია გავლენიან რესპუბლიკელ სენატორ ჯეიმს ლენკფორდზე დაყრდნობით ორშაბათს წერდა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG