Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი მართავს შეხვედრებს კონგრესში და მოლაპარაკებებს ბაიდენთან


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების სენატში გამოსვლისას. ვაშინგტონი, 12 დეკემბერი, 2023.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების სენატში გამოსვლისას. ვაშინგტონი, 12 დეკემბერი, 2023.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს თეთრ სახლში მასპინძლობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ყურადღების ცენტრშია მიმდინარე ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ვაშინგტონის მხრიდან კიევის დახმარების გაგრძელება.

12 დეკემბერს დილით ზელენსკი, რომელიც მეორე დღეა იმყოფება ვიზიტით აშშ-ში, სენატორების წინაშე გამოვიდა. მოგვიანებით ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს შეხვდება.

დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია ბაიდენისა და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია.

წინა კვირაში რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს თეთრი სახლის მოთხოვნა, 106 მილიარდი დოლარი გამოყონ უკრაინისა და ისრაელისთვის საგანგებო დახმარების სახით. ბაიდენის ადმინისტრაციამ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის მთავრობას აღარ ექნება სახსრები უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად. კონსერვატორების თქმით, ისინი უარს იტყვიან დახმარების ამ პაკეტის დამტკიცებაზე, თუკი დემოკრატები და თეთრი სახლი არ დათანხმდებიან მასშტაბურ რეფორმებს იმიგრაციის სფეროში.

ამერიკის მედიის ცნობით, გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს ლენკფორდმა ორშაბათს განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე შეთანხმების მიღწევა, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება. არადა კონგრესის არდადეგებამდე სამი დღე რჩება.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა შეასუსტებს მის თავდაცვისუნარიანობას. Wall Street Journal-ის ფორუმზე გამოსვლისას სალივანმა თქვა, რომ თუკი დახმარება შეწყდება, ეს უკრაინას ხელს შეუშლის იმაში, რომ შეინარჩუნოს ტერიტორიები, მით უმეტეს გაუჭირდება რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებული მიწების დაბრუნება.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 41% მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, 32% წინააღმდეგია, დანარჩენებს გაუჭირდათ პასუხის გაცემა.

XS
SM
MD
LG