Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და მოლდოვა ერთად, ამჯერადაც საქართველოს გარეშე


მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტები მაია სანდუ და ვოლოდიმირ ზელენსკი
მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტები მაია სანდუ და ვოლოდიმირ ზელენსკი

21 აგვისტოს ათენში, საბერძნეთის პრეზიდენტ კირიაკოს მიცოტაკისის მიწვევით გამართულ დასავლეთ ბალკანეთის სამიტს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი 8 ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ, ზოგიერთმა მიმომხილველმა „ევროკავშირის გაფართოების არაოფიციალური სამიტიც“ კი უწოდა.

ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილო მაკედონიისა და სერბეთის გარდა, საბერძნეთის დედაქალაქში იმყოფებოდნენ ევროკავშირის ორი ახალი კანდიდატი ქვეყნის - უკრაინისა და მოლდოვის - პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ, რომლებიც ყველა ევროპულ ფორუმზე ერთიანი პოზიციით ცდილობენ დააჩქარონ თავიანთი ქვეყნების ევროკავშირში მიღების პროცესი.

„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას, რომლებიც გეოგრაფიულად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ესაზღვრებიან, აქვთ საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი, რომელიც საერთო შესაძლებლობებითა და გამოწვევებით განისაზღვრება“, - ნათქვამია ათენის სამიტის დეკლარაციაში.

ათენში გამართულ ფორუმში არ მონაწილეობდა საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად „ასოცირების ტრიოს“ მესამე დაწინაურებული ქვეყანა, რომელსაც ბრიუსელმა გასულ წელს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ათენში "ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოება, არამედ [იყო] უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ დაპატიჟებული იყვნენ უკრაინა და მოლდოვა (როგორც ერთ-ერთი დაზარალებული მხარე)".

რატომ არ მონაწილეობდნენ ათენის სამიტში საქართველო და თურქეთი?

საქართველოში ყოველთვის ძლიერია სურვილი, რომ ქვეყანა წარმოდგენილი იყოს ყველა იმ საერთაშორისო ფორუმზე, სადაც ევროკავშირის მომავალთან და ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, - ამბობს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ათენში გამართულ სამიტში მონაწილეობა სასარგებლო იქნებოდა საქართველოსთვის.


ფხალაძის თქმით, „ნიშანდობლივია სამიტზე უკრაინის და მოლდოვის მიწვევა და უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ უკრაინაც და მოლდოვაც განიხილებიან როგორც ქვეყნები, რომლებიც, იმის კვალობაზე, თუ რამდენად სწრაფად განახორციელებენ რეფორმებს, არსებობს სურვილი, რომ სწრაფად იხილონ ევროკავშირის შემადგენლობაში. და ძალიან სამწუხაროა, რომ აქ არ იყო საქართველო წარმოდგენილი. ეს შეიძლება ავხსნათ იმითაც, რომ ჩვენ ოფიციალურად ჯერჯერობით არ გვაქვს (ევროკავშირის) კანდიდატის სტატუსი, ხოლო იქ (ათენში) იყვნენ კანდიდატი სახელმწიფოები. ანუ, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ სტატუსით ერთი ნაბიჯით უკან ვართ. ამიტომ ეს უნდა იყოს ჩვენთვის დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ გავატაროთ აუცილებელი რეფორმები, რათა ისევ მოვხვდეთ იმ კალათში, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პირველივე ტალღას“.

ათენის ფორუმში საქართველოს გარდა არ მონაწილეობდა არც თურქეთი, რომელსაც 1999 წლიდან აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.


„ათენში, ალბათ, ის ქვეყნები მიიწვიეს, რომლებიც უფრო მეტად არიან დაწინაურებულნი თავიანთ გზაზე“, - ასე უპასუხა რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის შეკითხვას დიპლომატმა ევროკავშირიდან.

ზელენსკი ათენის სამიტით კმაყოფილია

ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართული 21 აგვისტოს სამიტის შემდეგ მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც გამოხატეს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გაგრძელების ფონზე.


„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა გარდამტეხი მომენტია ევროპისთვის, რაც ქმნის საერთო პრინციპების, ერთიანობისა და საერთო მომავლის შესახებ ინფორმირებულობის ახალ დონეს ევროკავშირში. ეს არის კრიტიკული დრო ჩვენი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. დაირღვა კანონები და პრინციპები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ევროპული უსაფრთხოების სტაბილურ და სავარაუდო წესრიგს ამდენი ხნის განმავლობაში და ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ რევიზიონიზმის დამღუპველ შედეგებს“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ციტირებს უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური.


ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელ შარლ მიშელის თანდასწრებით, დეკლარაციას ხელი მოაწერეს უკრაინის, საბერძნეთის, სერბეთის, მოლდოვის, მონტენეგროს, რუმინეთის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა.

ამ მხარდაჭერის გარდა ვოლოდიმირ ზელენსკი ათენში სხვა ამოცანების გადასაწყვეტადაც ჩავიდა. უკრაინას მოკავშირეთაგან სურს უფრო მეტი იარაღისა და ამუნიციის მიღება და ნატოში გაწევრიანების მყარი გარანტია, რაზეც ალიანსში ჯერ კიდევ არ არსებობს ერთსულოვნება.

„პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობა ათენში გამართულ ბალკანეთის სამიტზე აუცილებელი იყო უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად, ვინაიდან უკრაინა გამუდმებით ითხოვს ახალ სამხედრო ტექნიკას, ახალ შეიარაღებასა და საკუთარი პოზიციების გაძლიერებას. საიდუმლო არ არის, რომ საბერძნეთი არის საკმაოდ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყანა ნატოს გაფართოებისადმი, და ამიტომ ზელენსკის უშუალო ვიზიტი ათენში სწორი ნაბიჯი იყო. შესაბამისად, საბერძნეთმაც ასეთი პატივისცემის გამომხატველი ჟესტი დააფასა იმით, რომ მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი მფრინავების მომზადებაში გამანადგურებელ F-16-ზე საფრენად“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

საუბარია იმაზე, რომ საბერძნეთი შეუერთდა იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინელ მფრინავებს გამანადგურებელ F-16-ების მართვას შეასწავლიან. ამის შესახებ ათენში მყოფ ჟურნალისტებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ აცნობა საბერძნეთის პრეზიდენტ კირიაკოს მიცოტაკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

„დღეს საავიაციო კოალიციისთვის მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს. საბერძნეთი მონაწილეობას მიიღებს F-16-ზე ჩვენი მფრინავების მომზადებაში. დიდი მადლობა ამ შეთავაზებისთვის“, - თქვა ზელენსკიმ.


ათენამდე უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა დანიასა და ნიდერლანდში, რომლებიც, უკრაინული მედიის თანახმად, კიევს ჯამში 61 ავიაგამანადგურებელს გადასცემენ.


მოსკოვი აცხადებს, რომ დანიისა და ნიდერლანდის გადაწყვეტილება, უკრაინას მიაწოდონ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, ომის ესკალაციას გამოიწვევს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG