Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხე - რას ამბობენ პოლიტიკოსები?


ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე მმართველო გუნდი ამბობს, რომ ვითარების გამოსწორების მიზნით ყველაფერს აკეთებენ, ოპოზიცია კი ხელისუფლებას აკრიტიკებს და მოუწოდებს, ევროპელ პარტნიორებთან უფრო აქტიურად იმუშაონ იმისათვის, რომ საქართველოდან წასულმა მიგრანტებმა ევროპაში ლეგალურად დასაქმება შეძლონ.

პრობლემა რომ არსებობს, ეს 24 აპრილს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც დაადასტურა. ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან ერთად უნდა იმუშაოს, რადგან მიგრაციის მკვეთრი ზრდის ან საზოგადოებისთვის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას ითვალისწინებს.

ვინ რას ფიქრობს ევროკავშირთან ურთიერთობის პროცესში, ბოლო დროს მოპოვებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლების გაუქმების საფრთხეზე? პოლიტიკოსები თემას ეხმაურებიან:

ირაკლი კობახიძე:

„დარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება გართულებები და შევძლებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისი სიტყვებით, სავიზო ლიბერალიზაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა, რასაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც გამომდინარეობს ამ მიღწევიდან და შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ ამ ვალდებულებების შესრულებას. პარლამენტი აქტიურად არის ჩართული ამ ყველაფერში. ჩვენ მივიღეთ შესაბამისი კანონპროექტების პაკეტიც იმისათვის, რომ თავიდან აგვერიდებინა პრობლემები. ასევე, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისთვის, რომელიც დაკავშირებულია სავიზო ლიბერალიზაციასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რა მექანიზმების გამოყენებას აპირებს ხელისუფლება იმისათვის, რომ უვიზო მიმოსვლა ბოროტად არავინ გამოიყენოს, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ შესაძლოა, კონკრეტული ზომები საქართველოს საზღვარზევე მიიღონ, სანამ მოქალაქეები უცხო ქვეყნის საზღვარს გადაკვეთენ.

კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ ამ პროცესის პარალელურად, არ უნდა დაიჩაგრონ ის ადამიანები, ვინც კეთილსინდისიერად იყენებენ ამ უფლებას.

არჩილ თალაკვაძე:

პასუხისმგებლობა სავიზო ლიბერალიზაციის დაცვაზე ყველაზე ნაწილდება, ფიქრობს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

„უვიზო რეჟიმი იმიტომ მივიღეთ, რომ რეფორმები, რომელიც ევროკავშირთან შეთანხმებული იყო, წარმატებით განხორციელდა. დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ევროპაში მიემგზავრება, რეალურად თავის ქვეყანას წარმოადგენს და ყველა ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ უვიზო რეჟიმი და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა მაქსიმალურად დავიცვათ, ამ შესაძლებლობას გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თამარ ხულორდავა:

ვითარებას "საყურადღებოს" უწოდებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა.

„ევროკავშირის სივრცეში შეინიშნება საქართველოდან უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მატება. გაიზარდა საზღვრიდან მობრუნებულთა რიცხვიც. ეს ყველაფერი არის ოფიციალური საფუძველი იმისა, რომ ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ, შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

სოფიო კილაძე:

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკური განვითარებისთვის, მეორე მხრივ კი, უნდა გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორებთან. ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან უკვე დაიდო ხელშეკრულება, რომ ლეგალურად წავიდნენ ჩვენი მოქალაქეები და ლეგალურად დასაქმდნენ. მე დარწმუნებული ვარ, წელს და გაისად, კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან დაიდება ასეთი ხელშეკრულება", - ასე გამოეხმაურა უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე დაწყებულ დისკუსიას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.

ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების საფრთხეზე ხელისუფლებას აკისრებს.

დავით ბაქრაძე:

„ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ის, რომ დღეს ადამიანები მასობრივად მიდიან უკანონო მიგრაციაში და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ სავიზო ლიბერალიზაციას, არ არის ამ ადამიანების ბრალი. ეს არის იმ გაჭირვების ბრალი, რომელშიც ისინი საქართველოში ცხოვრობენ.

„სავიზო ლიბერალიზაციას უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მთავრობა ჯიუტად ცდილობს, თვალი არ გაუსწოროს რეალობას. რეალობა კი ის არის, რომ ადამიანები საქართველოდან მიჰყავს გაჭირვებას, უმუშევრობას, უპერსპექტივობის განცდას“.

ბაქრაძე ფიქრობს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გაფრთხილება არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ დამატებითი წესები და დასჯის მექანიზმები უნდა შემოიღოს.

„რაც უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნება საქართველოში, მით უფრო ნაკლები ადამიანი წავა ევროპაში ლუკმა-პურის საშოვნელად. გამოსავალი და ყველაფრის ტვირთი არის მთავრობაზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიგა ბოკერია:

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ჩამოთვლის იმ მთავარ პრობლემებს, რამაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე დააყენა. ისიც, კოლეგების მსგავსად აცხადესბ, რომ ამ პრობლემების გადაჭრა ხელისუფლების ვალდებულებაა:

„ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური ვითარება, კრიმინოგენული ვითარება, არასაკმარისი ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, პოლიტიკურად მიკერძოებული დევნა... ეს არის ფაქტორები, რომელიც უარყოფით როლს ასრულებს საქართველოს რეპუტაციისთვის, და ყველა ჩვენი მოქალაქის საქციელსაც განაპირობებს“,- უთხრა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის აზრით, ხელისუფლებამ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს, გაზრდილი კრიმინალის, ეკონომიკური სიდუხჭირის და სვხა დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად.

„მიგრაცია სერიოზული პრობლემაა ქვეყნისათვის, იმიტომ რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ქვეყანაში შექმნა ვითარება, როდესაც მილიონამდე ადამიანმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია. ქვეყანაში არის უპერსპექტივობა, ეკონომიკური გაჭირვება, კრიმინალი. მეორე მხრივ, მთავრობამ ვერ მოახერხა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმის მიღწევა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროპაში წასვლის და მუშაობის ლეგალური უფლება", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილესთან, საიმონ მორდიუსთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მათ შეხვედრაზე ისაუბრებს გეგმაზე, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს და შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის არასწორად გამოყენების ფაქტებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG