Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტარიფების გათანაბრება სამედიცინო სფეროში - რა მიმართულებაზე ვრცელდება ცვლილება


ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პროექტის („მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“) პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ახალი სისტემა ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებულ სერვისებზე ტარიფებს გაათანაბრებს.

სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექიური გზით იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით“.

რა მიმართულებები იგულისხმა მინისტრმა, ვინ დაადგენს ფასს და როგორ აისახება ეს ცვლილება სერვისის მიწოდებაზე? - ამ კითხვებს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უპასუხა:

„ჩვენ პროგრამა დავიწყეთ რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის სერვისიდან, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადია და დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამდენად, პრიორიტეტულად განისაზღვრა ეს ორი მიმართულება. კლინიკების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შევისწავლეთ რეალური დანახარჯები და ანალიზის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი ტარიფი პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისთვის, რომელიც სწორად ასახავს ბაზრის ტენდენციებს“.

როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, დღეს, იმ კლინიკებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში თავიდანვე ჩაერთნენ, შემოთავაზებული ჰქონდათ შედარებით დაბალი ფასი, მოგვიანებით შემოსულმა კლინიკებმა კი მათთვის მისაღები, შედარებით მაღალი ფასი შესთავაზეს თავიანთ სერვისზე და ეს ფასიც იყო მიღებული სახელმწიფო პროგრამაში.

შესაბამისად, ამ ცვლილებით სახელმწიფო ერთნაირ ფასს გადაუხდის ყველა კლინიკას, რომელიც ჩართული იქნება პროგრამაში.

მინისტრის მოადგილე არ ასახელებს კონკრეტულ ფასს, რადგან ინტერვენციების, სამედიცინო ჩარევის მიხედვით, სხვადასხვაა სერვისის ფასი. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ტარიფისა და სერვისების ჩამონათვალს პარასკევს მთავრობის სხდომაზე წარადგენენ. თუკი მთავრობის გადაწყვეტილება იქნება დადებითი, რეანიმაციისა და კარდიოლოგიური ქირურგიის ორი ტარიფი შევა ძალაში 15 დღის ვადაში.

თამარ გაბუნიას თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ უკვე იანვრისთვის დადგენილი იქნება ტარიფები შემდეგი 10, ყველაზე მოთხოვნადი, სერვისისთვის.

ხომ არ გამოიწვევს ეს ცვლილება საყოველთაო დაზღვევის არმქონე ადამიანებისთვის სერვისის ფასის გაზრდას, რათა კერძო კლინიკებმა ზოგ შემთხვევაში სერვისზე დაწეული ფასის კომპენსირება მოახდინონ? კითხვას გაბუნიამ ასე უპასუხა:

„ეკონომიკურ ლიტერატურაში ამას ჰქვია „ქოსთ შიფტინგი“. თეორიულად ამისი რისკი არსებობს, თუმცა, ჩვენი შეფასებით, ტარიფი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, არის მაქსიმალურად ახლოს საბაზრო ღირებულებასთან. ამდენად, ამან არ უნდა გამოიწვიოს ხელოვნური ტენდენციები ბაზარზე. ჩვენ დავაკვირდებით. როდესაც დაიწყება ტარიფების მოქმედება, სამინისტრო შეაფასებს ბაზრის პასუხს ამ ინტერვენციაზე. დღეს ამის რისკები არის მინიმალური“.

აკაკი ზოიძე
აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიესალმება ამ ცვლილებას და ამბობს, რომ სახელმწიფომ, დაახლოებით, ორი წლის წინ დაადგინა ერთიანი ტარიფი მშიბიარობის ფასთან დაკავშირებით და საჭიროა კიდეც, რომ სხვა სამედიცინო სერვისებზეც ერთიანი ფასი დადგინდეს.

არ შეიძლება, კონკრეტული ოპერაცია ერთ კლინიკაში ღირდეს 300, მეორეში 2000, როცა მანიპულაციის შესრულებისას ის ერთნაირ ხარჯებს მოითხოვს. ეს პრინციპი გამოიყენება ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში. აკაკი ზოიძე განმარტავს სელექციური კონტრაქტების მნიშვნელობასაც:

„დღეს ნებისმიერ კლინიკას შეუძლია განაცხადის შევსება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა, ფასების დადგენა მომსახურებაზე ისე, რომ არ არის ახსნილი, საიდანაა ეს ხარჯი. სელექციური კონტრაქტირებისას კი სახელმწიფო ადგენს მოთხოვნებს ხარისხის, ჭრილობა რამდენად ინფიცირდება ამ დაწესებულებაში, ჰყავს თუ არა სრულ შტატზე საკმარისი რაოდენობა ექიმების, თუ ერთი ადგილიდან მეორეზე დადიან და ამის გამო პაციენტს უგვიანებენ გადაუდებელ დახმარებას, ანუ ბევრი ფაქტორი იქნება, რომელიც ჩადებული იქნება ხელშეკრულებაში“.

გარკვეული ვადა მიეცემათ კლინიკებს. ეცოდინებათ, მათ მიმართ რა მოთხოვნა არსებობს იმისთვის, რომ მიიღონ საყოველთაო პროგრამაში მონაწილეობა.

როგორც აკაკი ზოიძე ამბობს, იმ კლინიკებს, რომლებიც არიან და იქნებიან ჩართული საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, არ ექნებათ უფლება განსხვავებული ტარიფით მოემსახურონ იმ პაციენტებს, რომლებიც არ არიან ჩართული საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში.

„ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორისთვის მისაღებია სამინისტროსგან შეთავაზებული სელექციური კონტრაქტირების ფორმა, რადგან „სელექციური კონტრაქტირება გულისხმობს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გააფორმოს კონტრაქტები ისეთ კლინიკებთან, სადაც სამედიცინო მომსახურების გაცილებით მაღალი ხარისხია. შესაბამისად, პაციენტებს საშუალება ექნებათ, დაფინანსება მიიღონ და იმკურნალონ გაცილებით უსაფრთხო და ხარისხიან გარემოში“, - ამბობს გიორგი მინდიაშვილი.

თუმცა „ევექსის“ დირექტორისთვის ჯერ უცნობია, რა მიმართულებებზე დადგინდება ერთიანი ფასი და, ზოგადად, როგორი იქნება მომსახურების ტარიფი: „დეტალური ფასების განხილვა ჩვენთან არ ყოფილა და ამ ინფორმაციას არ ვფლობთ. ხვალ უნდა შევხვდეთ მოადგილეს და შეიძლება მეტი დეტალი გახდეს ცნობილი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ფასწარმოებაში სახელმწიფოს ჩარევა პრობლემებს შეუქმნის კლინიკებს, რომელთა უმეტესობაც კერძოა:

„მე არ ვარ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, თუმცა სახელმწიფოს ჩარევა ნებისმიერ ბიზნესსაქმიანობაში, სადაც სისტემა ასე თუ ისე გამართულად მუშაობს, ხელს შეუშლის სფეროს განვითარებას. ფასს ბევრი რამე განსაზღვრავს: ექიმის კომპეტენცია, ინფრასტრუქტურა, დანადგარები. მაგალითად რომ ავიღოთ ტექნიკის მაღაზია, ერთს უკეთესი პირობები აქვს და მივდივარ იქ. ყველას რომ ერთნაირი ფასი ჰქონდეს, იქნებოდა ჩრდილოეთ კორეა, სადაც ყველაფერი ერთფეროვანია და განვითარება არ ხდება“.

ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია, 2018 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბა, ან თანხის 70%-ზე მეტი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებია. რამდენად გაამართლებს გაწეულ ხარჯებს დაგეგმილი ცვლილება და რამდენად მოგებიანი იქნება სამინისტროს შეთავაზება კლინიკებისთვის, ეს ჯერ უცნობია.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG