Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის ძეგლი: ტურისტების მატება თუ თავისუფლების ქარტიის დარღვევა


სტალინის ძეგლი გორში, 21 დეკემბერი, 2009 წ.
სტალინის ძეგლი გორში, 21 დეკემბერი, 2009 წ.

გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან იარდალაშვილი მიიჩნევს, რომ სტალინის ძეგლის აღდგენა გორში ტურისტების რაოდენობას უფრო გაზრდის. ეს განცხადება მან ადგილობრივი ტელეკომპანია „დიას“ ეთერში გააკეთა.

„სტალინის მუზეუმი, საქართველოში პირველ ადგილზე მყოფი მუზეუმია ვიზიტორების რაოდენობით. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ეს ძეგლი იყოს. სანახაობრივად პირველ რიგში. მოხდეს აღდგენა. ტურისტულ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სტალინის მუზეუმი აინტერესებთ, რუსეთი ლიდერობს. პირველ ადგილზეა რუსეთი, მეორე ადგილს იყოფენ ჩინეთი და ირანი. ბევრი ვიზიტორია პოლონეთიდან. გნებავთ, ძეგლს პირვანდელი ფორმა რომ დაუბრუნდეს [პირვანდელი ფორმით სტალინის მონუმენტი გორის ცენტრალურ მოედანზე იდგა. - გ.ა.], შეიძლება იქ არც იდგეს, სადაც იყო, მაგრამ იყოს თუნდაც სტალინის ბაღში. ძალიან დიდია ინტერესი სტალინის მიმართ და ეს უფრო გაზრდიდა ვიზიტორების რაოდენობას.“ - აცხადებს ქეთევან იარდალაშვილი.

კომუნისტური პარტია და სტალინის საზოგადოება დღემდე ითხოვენ გორში სტალინის ძეგლის აღდგენას. საზოგადოების ერთ ნაწილს მსგავსი მცდელობა 2015 წელს საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხის გატანაშიც ჰქონდა, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან სამოქალაქო აქტივისტებმა და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მკაცრად გააპროტესტეს გორში სტალინის ძეგლის აღდგენა. 2017 წელს კი საკრებულოში თავისუფალი დემოკრატების წევრმა თამარ თედლიაშვილმა კოლეგებს ინიციატივით მიმართა, იმ მოედნისთვის, სადაც ერთ დროს სტალინის 6-მეტრიანი მონუმენტი იდგა, ევროპის სახელი მიენიჭებინათ. თუმცა საკრებულოზე ეს საკითხიც ჩავარდა. ცალკე აქტივობები აქვთ საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ წევრებს, რომლებიც მოითხოვენ, რომ გორში სტალინის ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი ეწოდოს. გარდა ამისა სამოქალაქო აქტივისტები „თავისუფლების ქარტიის“ კანონის სრულად ამოქმედებისა და ტოტალიტარიზმის სიმბოლოების აკრძალვის მოთხოვნით გამოდიან. მათი აზრით, სტალინის ძეგლი სწორედ ტოტალიტარიზმის სიმბოლოა. საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ წევრია კატო ქოთოლაშვილი, რომელმაც გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, ქეთევან იარდალაშვილს კომპეტენცია დაუწუნა. ქოთოლაშვილის აზრით, ძეგლის ყოფნა-არყოფნა არ განსაზღვრავს ტურისტების რაოდენობას.

„სტალინის ძეგლის დადგმა-არდადგმა კავშირში არაა ტურისტების რაოდენობის ზრდასთან. ვერცერთი კვლევა ვერ დაადასტურებს იმას, რომ ძეგლის აღების შემდეგ ტურისტების რაოდენობამ იკლო სწორედ მაგ მიზეზით, რომ ძეგლი აღარ დგას ქალაქში. მასეც რომ იყოს, უნდა დავფიქრდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია - რუსი, ჩინელი თუ იაპონელი ტურისტების სიამოვნება თუ სახელმწიფოებრივი, კანონიერი მოქმედება, დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა და საერთაშორისო დონეზე ქვეყნის შესაბამისი იმიჯის დაცვა. არათუ ძეგლის აღდგენის საკითხი არ უნდა ისმებოდეს, არამედ უნდა ვზრუნავდეთ, როგორ დავიცვათ კანონი თავისუფლების ქარტიის შესახებ და საბოლოოდ აღმოვფხვრათ ყველა ტოტალიტარული გადმონაშთი.“ - აცხადებს კატო ქოთოლაშვილი.

საბჭოთა დიქტატორის 6-მეტრიანი მონუმენტი გორის ცენტრში 1952 წლიდან 2010 წლამდე იდგა. ძეგლის დემონტაჟი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განხორციელდა. ბრინჯაოს ქანდაკება ახლა ქალაქგარეთ არსებულ ერთ-ერთ საწყობში ინახება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

XS
SM
MD
LG